ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის, „კანონის უზენაესობის ცენტრის“, „პუბლიკას“, „საქართველოს ევროპული ორბიტის“, „სამოქალაქო მოძრაობის თავისუფლებისთვის“, ეკა გიგაურის, ნინო ევგენიძის და ნინო ლომჯარიას ერთობლივ საჩივარზე, რომელიც ამ პირებმა 2025 წლის 16 ივლისს შეიტანეს სტრასბურგში. ანალოგიურად, კომუნიცირების ეტაპი დაიწყო კიდევ 17 ორგანიზაციის და ფიზიკური პირის მსგავს საჩივრებზე. რამდენიმე ხნით ადრე ასეთივე პროცესი დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სხვათა საჩივარზე.
კომუნიცირების ეტაპი ნიშნავს, რომ სასამართლო იწყებს საჩივრების დასაშვებობისა და არსებითი მხარის სიღრმისეულ შესწავლას. ივანიშვილის რეჟიმის იუსტიციის სამინისტროს 2026 წლის 15 ოქტომბრამდე მიეცა საჩივრებზე და სასამართლოს შეკითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. ამის შემდეგ მომჩივნებს მიეცემათ დრო პასუხებზე პასუხის წარსადგენად.
მომჩივნები ასაჩივრებენ ივანიშვილის რეჟიმის მიერ 2025 წლის აპრილში მიღებულ რეპრესიულ კანონებს – „ფარას“ და ცვლილებებს „გრანტების შესახებ“ კანონში, რომლებმაც უკვე საკმარისად დიდი ზიანი მიაყენა სამოქალაქო საზოგადოებას და ივანიშვილის რეჟიმის ხელში დემოკრატიულ სამყაროსგან საქართველოს ჩამოშორების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად გადაიქცა.
სასამართლომ მოსთხოვა რეჟიმის იუსტიციის სამინისტროს, პასუხი გასცეს მთელ რიგს კითხვებისას, რომელთა არსი ის არის, თუ რამდენად შეესაბამება ივანიშვილის ეს დრაკონული კანონები და მათგან გამომდინარე რეპრესიული ზომები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს და, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, შეზღუდვების არაკონვენციური, მათ შორის, პოლიტიკური მოტივებით გამოყენების აკრძალვას.
ეს არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელსაც ცხადია ძალზე ინტენსიური შემდგომი მუშაობა დასჭირდება იმისათვის, რომ ეს შუალედური წარმატება მიყვანილ იქნეს საბოლოო გამარჯვებამდე, რომელიც მთელი მსოფლიოს წინაშე გამოავლენს ივანიშვილის პარლამენტისა და სხვა სახელისუფლო ინსტიტუტების ანტიდემოკრატიულ და ანტიჰუმანურ ბუნებას.