21-ე საუკუნის ისტორიაში 2008 წლის ომი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება იყო. გულუბრყვილო იმედი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ნაწილის მიტაცებით დაკმაყოფილდებოდა, არ გამართლდა.
ჩვენთვის რუსეთის მიერ დღეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი სისასტიკე, მშვიდობიანი მოსახლების სახლებიდან განდევნა, ქალაქებისა და სოფლების ნგრევა 14 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი შემაძრწუნებელი დანაშაულების გამოძახილია.
საბედნიეროდ, აგვისტოს ომისგან განსხვავებით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა დაუფარავმა სამხედრო აგრესიამ საერთაშორისო თანამეგობრობის ხისტი რეაქცია გამოიწვია. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს მორალური მოვალეობაა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატოს პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლის მიმართ.
საერთაშორისო თანამეგობრობაში უკრაინაზე თავდასხმით გამოწვეული ერთსულოვნება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას მტკივნეული გამოცდილება ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს. ამ ეტაპზე, ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებულ პროცესში სათანადოდ ჩართვა საქართველომ ვერ მოახერხა. არაფერი მიანიშნებს, რომ რუსეთი სამხედრო ექსპანსიის შეჩერებას აპირებს. ორაზროვანი და ბუნდოვანი პოლიტიკით საქართველო თავისუფალი სამყაროს იმ უმნიშვნელოვანესი თანადგომის დაკარგვის საფრთხეში იგდებს თავს, რომელიც აგრესორთან ბრძოლისთვისაა აუცილებელი.
თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლის ხაზი საქართველოზეც გადის. 14 წლის შემდეგ, “ბორდერიზაცია“ და ოკუპაცია ჩვენი, ხშირად უგულებელყოფილი, ყოველდღიურობაა. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ოკუპაციისგან გათავისუფლებულმა საქართველომ შეუქცევადად დაიმკვიდროს ადგილი თავისუფალ სამყაროში.
ვიდეო მომზადებულია 2019 წელს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ, მაკკეინის ინსტიტუტთან და The Heritage Foundation-თან თანამშრომლობით.