ბლოგი

1922 წელი – კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია გენუის საერთაშორისო კონფერენციას რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მხარდაჭერისთვის მიმართავს

1922 წელი – კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია გენუის საერთაშორისო კონფერენციას რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მხარდაჭერისთვის მიმართავს

რელიგია და სახელმწიფო საქართველოში

1921 წელს მიღებული საქართველოს პირველ კონსტიტუციის მე-16 თავს ერქვა „სახელმწიფო და ეკლესია“. ის სამი მუხლისგან შედგებოდა:

მუხლი 142. სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან.

მუხლი 143. არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა.

მუხლი 144. ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.

მკაცრად გაწერილმა სეკულარულმა პრინციპებმა საქართველოს მართლმადიდებლურ  ეკლესიას ხელი არ შეუშალა  საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაეკავებინა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციას მიმართა:

,,1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი. მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე!

ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.

ამიტომ ვითხოვ:

  1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.
  2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“

ამ მიმართვის გამო საოკუპაციო ხელისუფლებამ პატრიარქი დააპატიმრა და გაასამართლა.