სამხედრო ავიაციის დიდი გონება: ალექსანდრე ქართველი
დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ავიაციის სპეციალისტების დასაფინანსებლად გაღებული სახელმწიფო დაფინანსება გადამწყვეტი აღმოჩნდა აშშ-ს და ზოგადად მსოფლიო ავიაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის, ალექსანდრე ქართველის ბიოგრაფიაში.
ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი, 1896-1974) დაიბადა თბილისში. 1914 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. იყო არტილერისტი. 1918 წელს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ახალგაზრდა რესპუბლიკის საავიაციო ფლოტი 50-მდე საფრენ აპარატს ითვლიდა, მაგრამ განიცდიდა მფრინავებისა და სპეციალისტების ნაკლებობას. სწორედ ამ მიზნით, 1919 წელს მთავრობამ ქართველიშვილი გაგზავნა პარიზში, აერონავტიკისა და მანქანათმშენებლობის უმაღლეს სკოლაში სასწავლებლად (მაშინ l’École Supérieure d’Aéronautique et de Constructions Mécaniques, ხოლო ახლა Institut Supérieur de l’Aéronautique et de l’Espace). ქართველიშვილმა სწავლა 1922 წელს დაასრულა და რუსული ოკუპაციის გამო, სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. 1922-1927 წლებში მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების „Bernard“ და „Ferbois“ შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
1927 წლიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა სამუშაოდ. მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის წლებში ალექსანდრე ქართველი ამერიკული სამხედრო ავიაციის დიდ გონებად იქცა. მას ეკუთვნის შემდეგი მოდელები: P-47 Thunderbolt, F-84 Thunderjet, F-105 Thunderchief და მრავალი სხვა.
ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.