დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობა
საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა. ქვეყნის პირველი მთავრობა კოალიციური იყო და მასში შედიოდნენ სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები და ეროვნულ-დემოკრატები.
1919 წლის 14-16 თებერვალს ჩატარდა დამფუძნებელი კრების (საპარლამენტო) არჩევნები, სრულიად პროპორციული გზითა და საარჩევნო ბარიერის გარეშე. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო ხმათა 83% და ერთპარტიულად დააკომპლექტა მთავრობა. ახალმა მინისტრებმა მთლიანად შეინარჩუნეს ოპოზიციონერი წინამორბედების მიერ სამინისტროებში შეკრებილი კადრები.
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე ლომთათიძე თავმჯდომარედ არჩეულ მის თანაპარტიელ კარლო ჩხეიძეს წერდა: „ძლიერ ადუნებს ჩვენს მუშაობას და სიცოცხლეს უკარგავს მას ერთი გარემოება: კრება უოპოზიციოთაა. 130 დეპუტატიდან ოპოზიციას ერგო მხოლოთ 21 დეპუტატის ადგილი…“ ამის გამო, ხელისუფლებამ დამატებით არჩევნებში ოპოზიციის წინააღმდეგ კანდიდატები არ დააყენა და ოპოზიციონერ პარლამენტართა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.
დამფუძნებელი კრების 24 ოპოზიციონერი დეპუტატიდან, ფაქტობრივად, ყველამ საპასუხისმგებლო თანამდებობა დაიკავა: ვიცე-სპიკერები, საპარლამენტო კომისიის (კომიტეტის) თავმჯდომარეები, საკონსტიტუციო ქვეკომისიების თავმჯდომარეები.
მუნიციპალურ დონეზე, რაიონებშიც გრძელდებოდა კოალიციური მმართველობა.
სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობაზე დაინიშნა ოპოზიციონერი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან, ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომლის მთავარი მოვალეობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო; თბილისის პოლიციის უფროსად დაინიშნა ასევე ოპოზიციონერი, აპოლონ ურუშაძე.
უზენაესი სასამართლოს (სენატის) თავმჯდომარედ აირჩიეს უპარტიო პროფესიონალი მოსამართლე − დავით ხელთუფლიშვილი. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ არაერთი საქმე წააგო სასამართლოში, მათ შორის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეებიც.
პოლიტიკურ ელიტაში არსებობდა კონსენსუსი, რომ საქართველო შორდებოდა რუსეთს და მიდიოდა ევროპისკენ. საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენელთა შორის მეტი ოპოზიციონერი იყო, ვიდრე მმართველი პარტიის წევრი. 1918 წელს გერმანიაში გამგზავრებული ექვსი დელეგატიდან მხოლოდ ერთი (აკაკი ჩხენკელი) იყო სოციალ-დემოკრატი, დანარჩენები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გახლდნენ. 1919-1920 წლებში პარიზის, ლონდონისა და სან-რემოს კონფერენციებზე, გარდა სოციალ-დემოკრატებისა, ქართულ დელეგაციაში სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სოციალ-დემოკრატებთან ერთად, ხელმძღვანელობდნენ: კონსტანტინოპოლში სულთნის მთავრობასთან − გრიგოლ რცხილაძე (სოციალისტ-ფედერალისტი), ანკარაში ათათურქის მთავრობასთან − სვიმონ მდივანი (სოციალისტ-ფედერალისტი), საბერძნეთში − ალექსანდრე მდივანი (სოციალისტ-ფედერალისტი), გერმანიაში − იაზონ ბაქრაძე (სოციალისტ-ფედერალისტი), სკანდინავიაში − ჯერ მიხაკო წერეთელი (ეროვნულ-დემოკრატი) და შემდეგ არისტო ჭუმბაძე (სოციალისტ-ფედერალისტი), ბრიტანეთში − დავით ღამბაშიძე (ეროვნულ-დემოკრატი).