ბლოგი

1906 წელი − 150 ქართველი ქალის მიერ რუსეთის ეგზეკუციის წინააღმდეგ შედგენილი პეტიცია 1906 წლის 23 ივნისს იბეჭდება გაზეთებში The Daily Chronicle, The Daily News, The Tribune და The Times

1906 წელი − 150 ქართველი ქალის მიერ რუსეთის  ეგზეკუციის წინააღმდეგ შედგენილი პეტიცია 1906 წლის 23 ივნისს იბეჭდება გაზეთებში The Daily Chronicle, The Daily News, The Tribune და The Times

ევროპული ფემინიზმი და საქართველო

1905 წელს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა აუჯანყდა რუსეთის კოლონიურ მმართველობას და გურიაში გამოცხადდა „გურიის რესპუბლიკა.“ 1906 წელს რუსეთის მიერ გაგზავნილმა სადამსჯელო რაზმებმა  დასავლეთ საქართველოს არაერთი სოფელი დაარბიეს, წვავდნენ სახლებს, ხოცავდნენ და აპატიმრებდნენ ადამიანებს.

ბრიტანეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა, ვარლამ ჩერქეზიშვილმა საქართველოში ჩამოიყვანა ცნობილი ირლანდიელი ფემინისტი ნანი დრაიჰარსტი (Nannie Dryhurst) და მისი მეგობარი მამაკაცი, Daily Chronicle-ის და Manchester Guardian-ის ჟურნალისტი ჰენრი ნევინსონი (Henry Nevinson). მათ ბრიტანელი ქალების მიერ შეგროვებული ფული ჩამოუტანეს რუსეთის სადამსჯელო ექსპედიციების შედეგად დაზარალებულ ქართველ ქალებს. 150-მა ქართველმა ქალმა ხელი მოაწერა ბრიტანელი ქალების სახელზე შედგენილ პეტიციას, სადაც ისინი წერდნენ: „სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფნი მოგმართავთ თქვენ, თავისუფალი ქვეყნების ქალებს. გთხოვთ ხმა აღიმაღლოთ განადგურებული და ღირსებააყრილი ქართველი ქალების დასაცავად…“. ეს პეტიცია, ნევინსონის დახმარებით, 1906 წლის 23 ივნისს დაიბეჭდა გაზეთებში Daily Chronicle, The Daily News, The Tribune და The Times. ამის საპასუხოდ, 4000 ბრიტანელი და ირლანდიელი ქალის ხელმოწერით შედგა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის (Foreign Secretary), ედუარდ გრეისთვის (Edward Grey) გასაგზავნი პეტიცია. ბრიტანელი და ირლანდიელი ქალები საკუთარ მინისტრს საქართველოს დასაცავად საქმეში ჩარევას სთხოვდნენ.

მინისტრს მოუწია საკუთარი მოქალაქეებისთვის პასუხის გაცემა. გაგზავნილ წერილში ის წერდა, რომ საქმის კურსში იყო არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, მაგრამ შიშობდა, რომ გარედან ჩარევა კიდევ უფრო დაამძიმებდა ადგილზე ქართველთა მდგომარეობას.

სამწუხაროდ, კონკრეტულ წარმატებას ამ ქმედებებმა ვერ მიაღწია, მაგრამ ეს მოვლენები ისტორიაში დარჩა სახალხო დიპლომატიისა და ფემინისტური აქტივიზმის მნიშვნელოვან მაგალითად.