1819-1820 წლების აჯანყება დასავლეთ საქართველოში
1811 წელს რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების მიუხედავად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქართული ეკლესია კვლავაც ინარჩუნებდა გარკვეული დონის დამოუკიდებლობას. XVIII საუკუნის მიწურულს აფხაზეთის უკანასკნელი კათოლიკოსის, მაქსიმე II-ს, გარდაცვალების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს ეკლესიას ხელმძღვანელობდა ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი, რომელიც მოსაყდრე, „განმგე”კათოლიკოსის ტიტულს ატარებდა.
დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით კი, იმერეთში, რუსული კოლონიური მმართველობისადმი უარყოფით დამოკიდებულების ხარისხს მოწმობს ის სიჩქარე, რომლითაც მოვლენები 1819 წელს განვითარდება. რუსეთის იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოში ქართლ-კახეთის მსგავსი საეკლესიო რეფორმის გატარების მცდელობას, რაც წარმატების შემთხვევაში ეკლესიის დარჩენილ ავტონომიასა და დამოუკიდებლობას გაანადგურებდა, მყისიერი და უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.
რუსული რეფორმა მიზნად ისახავდა ქართული ეკლესიის იმპერიული ბიუროკრატიის ნაწილად ქცევას და მის მოსკოვის საპატრიარქოს სრულ მორჩილებაში შეყვანას, იმერეთიდან მიღებული სახაზინო შემოსავლის გაზრდას. გარდა ამისა, ქართულ ეკლესიას უნდა განეცადა რუსული წესების შესაბამისი რეორგანიზაცია, საეკლესიო მამულებისა და ყმების სახელმწიფო ხაზინისთვის გადაცემა და ა.შ. გლეხებისთვის საეკლესიო გადასახადი 2-3-ჯერ იზრდებოდა.
ეს აგრესიული ქმედება ქართველებში ცალსახად უარყოფითად აღიქმებოდა და რელიგიური თავისუფლების დარღვევად, ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის შეურაცხყოფად იყო მიღებული.
ანტირუსული წინააღმდეგობის მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ როგორც სასულიერო, ასევე საერო მოღვაწეები: ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი), იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის შვილიშვილი ივანე (იოანე) აბაშიძე, მიტროპოლიტი ექვთიმე გაენათელი (ეფთვიმე გენათელი), რაჭისა და იმერეთის თავადაზნაურობის წარმომადგენლები: ბეჟან წერეთელი, მერაბ იაშვილი და სეხნია წულუკიძე. აჯანყებულებმა იმერეთის სამეფოს ტახტის კანონიერ მემკვიდრედ ივანე აბაშიძე აირჩიეს.
საპროტესტო ტალღა, რომელიც იმერეთში 1819 წლის ივნისში იკრებს ძალას, მომდევნო თვეში მომიჯნავე რაჭასაც მოიცავს. სახალხო მღელვარება ღია დაპირისპირებად და შეიარაღებულ გამოსვლად გადაიქცევა ხალხისთვის რუსეთის იმპერატორისადმი ერთგულების ფიცის დადების მოთხოვნის შემდეგ. იმერეთში შესული რუსული სადამსჯელო ექსპედიცია დენთის გამოყენებით ააფეთქებს ქუთაისის ციხეს და ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ციხესიმაგრეს, რომელიც აჯანყებულებს შეეძლოთ გამოეყენებინათ.
1820 წლის მარტში, თითქმის ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა ივანე აბაშიძის, მიტროპოლიტების, დოსითეოსის და ექვთიმეს დატყვევება.
ივანე აბაშიძემ სწრაფად მოახერხა ტყვეობიდან თავის დაღწევა და გურიაში გაქცევა. დანარჩენები რუსეთში გადასახლებისთვის გაამგზავრეს. ნაწამები, ტომარაჩამოცმული მიტროპოლიტი დოსითეოსი მგზავრობისას გარდაიცვლება, მას ანანურის ეკლესიაში დაკრძალავენ. მალევე, 1822 წელს, გარდაიცვლება რუსეთში გადასახლებული ექვთიმე გაენათელი. 2004 წელს მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს. მიტროპოლიტები დოსითეოსი და ექვთიმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხულნი.
იმერეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი, პოლკოვნიკი პუზირევსკი, გურიაში შეიჭრა და იქ შეფარებული ივანე აბაშიძის ჩაბარება მოითხოვა, თუმცა, იქ გამაგრებულ აჯანყებულებთან მიახლოებისთანავე მას თავად მოკლავენ და შეჭრილ შენაერთსაც თითქმის მთლიანად გაანადგურებენ. 1820 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში რუსული შენაერთების წინააღმდეგ აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს გურიასა და რაჭაშიც. ამბოხებულებმა გადალახეს მდინარე რიონი და აჯანყება სამეგრელოშიც წამოიწყეს. მათ შეუერთდება და სათავეში ჩაუდგება გიორგი დადიანი, სამეგრელოს მმართველის, ლევანის დადიანის ძმა.
რუსთა ძალების წინააღმდეგ გამართული რამდენიმე ბრძოლის შემდეგ, ივანე აბაშიძე ამჯერად ახალციხეს შეაფარებს თავს, სადაც რუსები მის მოკვლას დაქირავებული მკვლელის მეშვეობით მოახერხებენ.
დამატებითი ძალების გამოყენებით სამხედრო გამარჯვების მიღწევის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო აჯანყების ლიდერების, თავადაზნაურობისა და სამეფო ოჯახის წევრების, ასევე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ: მიწასთან გაასწორეს უძველესი ციხესიმაგრეები, გაძარცვეს და დაწვეს სოფლები, გაანადგურეს სავარგულები და ვენახები, დააპატიმრეს, იძულებით გადაასახლეს ან სიკვდილით დასაჯეს ამბოხებაში ეჭვმიტანილი პატრიოტები. თავადაზნაურობისა და სამეფო ოჯახის მრავალი წევრი იძულებული გახდება დატოვოს საქართველო. მათი უმეტესობა სამშობლოში ვეღარასდროს დაბრუნდება.
იმპერიის მიერ თავსმოხვეული საეკლესიო რეფორმის საწინააღმდეგო გამოსვლა საერთო-სახალხო აჯანყებაში გადაიზრდება. 1819-1820 წლების აჯანყება საქართველოს ისტორიაში რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მაგალითად დარჩება.