სიახლეები

მარტი 9, 2026 1812 წლის კახეთის აჯანყება

1812 წლის კახეთის აჯანყება

1812 წლის კახეთის აჯანყება

1812-1813 წლების ამბოხი ორგანიზებულ, მასშტაბურ და დაგეგმილ ხასიათს ატარებდა და იმაზე მეტი საფრთხე შეუქმნა ახლადდამკვიდრებულ რუსულ მმართველობას ვიდრე 1801 წლის შემდეგ მომხდარმა სხვა შეიარაღებულმა გამოსვლებმა.

რუსეთის იმპერიის სხვა პროვინციათა მსგავსად, ომებში ჩართული რუსეთის ჯარების უზრუნველყოფა საქართველოს მოსახლეობასაც დაეკისრა. აღმოსავლეთ საქართველოს ევალებოდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ მოქმედი რუსული შენაერთებისთვის საჭირო სურსათ-სანოვაგის, პირუტყვის და საომარი მოქმედებებისთვის საჭირო სხვა რესურსების მიწოდება. რუსული კოლონიური მმართველობის არაეფექტურობისა და კორუმპირებულობის გამო ბეგარის აკრეფა, სურსათ-სანოვაგის შესყიდვა მოსახლეობისგან დარღვევებით, ძალადობითა და ძალდატანებით ხდებოდა. 1812 წლის იანვარში კახეთში სადამსჯელო რაზმების შეყვანას და მათ მიერ ადგილობრივებისადმი გამოვლენილ სისასტიკეს შეიარაღებული წინააღმდეგობა მოჰყვა. აჯანყება 31 იანვარს ახმეტაში დაიწყო, მალევე მოედო მთელს კახეთს და თიანეთსაც. აჯანყებულები 2 თებერვალს იკავებენ თელავს, 5 თებერვალს სიღნაღს, ბოდბისხევს და სხვა დასახლებებს. გამოსვლები დაიწყო კახეთის თითქმის ყველა დასახლებაში.

აჯანყებაში აქტიურად ჩაერთნენ თავადებიც (ბებურიშვილები, სიდამონიშვილი, ანდრონიკაშვილი, მაყაშვილი, ქობულაშვილი და სხვები) და ამბოხებულთა რაზმების მეთაურობა იკისრეს. აჯანყებამ საერთო-სახალხო ხასიათი მიიღო.

აჯანყების მიზანი იმთავითვე ცნობილი და მკაფიო იყო: კახეთის სამეფოს აღდგენა ბაგრატიონების დინასტიის მმართველობით. მეფედ მოწვეული იყო ერეკლე მეორის ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი. ალექსანდრეს სპარსელთა დახმარების მოლოდინში ერევანში შეფერხების შემდეგ, ამბოხებულები მეფედ და მეთაურად ერეკლეს შვილთაშვილს, რუსეთში გადასახლებას გადარჩენილ გრიგოლ იოანეს ძეს აცხადებენ. გრიგოლი ქართლის თავადაზნაურობას შორის არსებულ მოკავშირეებთან ერთად აქტიურად ცდილობს წინააღმდეგობის მოძრაობა ქართლშიც გავრცელდეს.

9 თებერვალს ალყაში უკვე ანანურია, იკეტება საქართველოს სამხედრო გზა, რაც რუსულ კონტინგენტს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. აჯანყებულთა რაზმები უახლოვდებიან თბილისს, მათ უკვე ავჭალაში ხედავენ.

კახეთში შეჭრამდე მთავარმმართველი პაულუჩი ქართლის დაშოშმინებას და სამხედრო გზის გახსნას ისახავს მიზნად. ამისთვის ის შენაერთებს იწვევს მთელი რეგიონიდან: შიდა ქართლიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, იმერეთიდან და რუსეთ-სპარსეთის ფრონტიდანაც კი, რაც აჩვენებს იმ საფრთხის სერიოზულობას, რომელსაც რუსულ მმართველობას ამბოხებულები უქმნიდნენ. ამავე დროს, რუსები აქტიურ კამპანიას ეწევიან ქართლის თავადაზნაურებს შორის და მათი მნიშვნელოვანი ნაწილის გადაბირებასაც ახერხებენ.

სხვადასხვა რეგიონიდან მობილიზებული ძალებით გაძლიერებულ პოლკოვნიკ უშაკოვის შენაერთებს შეუერთდნენ გაბრიელ ყაზბეგი, კონსტანტინე მუხრან­-ბატონი და სხვა ქართლელი თავადები, რომელთა ხელშეწყობით რუსებმა აჯანყებულები ანანურიდან და დუშეთიდან განდევნეს. ტყვედ ჩავარდნილ ამბოხებულებს სასტიკად გაუსწორდნენ, სადამსჯელო რაზმებმა გადაწვეს აჯანყებულ მთიელთა სოფლები.

ქართლში აჯანყების ჩახშობისა და სამხედრო გზის გახსნის შემდეგ, პაულუჩი დიდი ძალებით და არტილერიით კახეთში შეიჭრა. საგარეჯოსა და მიმდებარე სოფლების დაპყრობის შემდეგ, ის ქიზიყის გავლით თელავისკენ დაიძრა. ყოველი დასახლებული პუნქტის აღებას ტყვეებისა და ადგილობრივების სასტიკად დასჯასდევდა თან. მთავარი ბრძოლა სოფელ ჩუმლაყთან 1-2 მარტს მოხდა — რუსებმა დიდი დანაკარგის ფასად გაიმარჯვეს. თიანეთთან განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ აჯანყებულები დროებით წყვეტენ ბრძოლას.

მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, აჯანყების მასშტაბმა და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ ნათელი გახადა, რომ რუსების კოლონიურ მმართველობაში ცვლილებები უნდა შესულიყო. პაულუჩიმ დათმობები გამოაცხადა: შემსუბუქდა ბეგარა, შეიქმნა ქართული სამართლის წესით მოქმედი დროებითი სასამართლოები, აიკრძალა სამხედრო ეგზეკუცია, დაწესდა კომისია აჯანყების მიზეზების გამოსაკვლევად, რომელმაც რუსული კოლონიური მმართველობის ხარვეზები აღიარა.

საქართველოდან გაწვეული პაულუჩის ნაცვლად მთავარმმართებლად ნიკოლაი რტიშჩევის ჩამოსვლამ ისევ დაძაბა ვითარება.

საგარეო ვითარების გათვალისწინებით (ნაპოლეონი ამ დროს მოსკოვს აიღებს და გადაწვავს) ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთიდან სამშობლოში ბრუნდება და თიანეთში ბანაკდება – აჯანყება განახლდა. პარტიზანული ტაქტიკით მოპოვებული სამხედრო წარმატებების მიუხედავად, ალექსანდრე ბატონიშვილს გენერალურ ბრძოლაში ჩაბმა უწევს სოფელ შილდასთან 1812 წლის 10 ოქტომბერს. 6 საათიანი ბრძოლის შემდეგ აჯანყებულები უკან იხევენ.

1812 წლის 19-20 ოქტომბერს სპარსელების ასლანდუზთან დამარცხებით რუსებმა ალექსანდრეს და ამბოხებულებს გარე დახმარების იმედი გადაუწურეს.

1812 წლის 26 ნოემბერს, მანავთან გამართულ მორიგ ბრძოლაში, რუსეთის მიერ მოსყიდულმა ლეკების რაზმებმა ალექსანდრე ბატონიშვილს უღალატეს და ბრძოლის ველი მიატოვეს. დამარცხებული ალექსანდრე ხევსურეთში იხიზნება და შატილს აფარებს თავს. სადამსჯელო რაზმების მიერ ხევსურული სოფლების გადაწვის შემდეგ, ის დაღესტანში ახერხებს გაქცევას და ახალი ლაშქრის შეგროვებას იწყებს.

1813 წელს კახეთში წარუმატებელი შემოჭრის შემდეგ, ალექსანდრე კიდევ ხუთ წელს, 1818 წლამდე დარჩება დაღესტანში მდგომარეობის გამოკეთების იმედად, თუმცა არახელსაყრელ გარემოებათა გათვალისწინებით, რასაც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის სასარგებლოდ შეცვლილი მოცემულობა ერთვის თან, სპარსეთში დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებს.

1812-1813 წლების კახეთის აჯანყება გამოირჩეოდა საერთო-სახალხო ხასიათით, მასშტაბურობით და რუსული კოლონიზაციისადმი შეუპოვარი წინააღმდეგობით. დამოუკიდებლობის აღსადგენად 15 თვის განმავლობაში გაჩაღებულ თავდადებულ ბრძოლას საქართველოს არაერთი პატრიოტის სიცოცხლე შეეწირება.