შესავალი
მიუხედავად ფართოდ გავრცელებული პროპაგანდისტული მითებისა, XVIII საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე, „გეორგიევსკის ტრაქტატის “ხელმოწერის წინა პერიოდში, რუსეთის იმპერიასა და ქართულ სამეფოებს (ქართლ-კახეთის, იმერეთის) შორის ურთიერთობა არაერთგვაროვან და დაძაბულ ხასიათს ატარებდა. 1768 წელს ოსმალეთთან დაწყებულ ომში ჩართვის მიუხედავად, რუსეთის გულგრილი და ხშირად მტრული დამოკიდებულება ქართული სამეფოების ინტერესებისადმი არ შეცვლილა. 1769 წელს საქართველოში ჩამოსული ტოტლებენის საექსპედიციო დაჯგუფება დახმარებას არ უწევს ქართულ ჯარს, ხოლო გენერალი მეფეებს უპირისპირდება. რუს სამხედროებს ეკრძალებათ ქართველი არტილერისტების წვრთნა, ქალაქების გამაგრებასა და სამხედრო საქმის განვითარებაში დახმარება. არ გამართლდა ერეკლესა და სოლომონის მოლოდინი, რომ რუსეთი 1774 წელს ოსმალეთთან დადებულ ქუჩუკ-კაინარჯის ზავში მათ ინტერესებსაც გაითვალისწინებდა. 1775 წლისთვის ქართული სამეფოების დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის საიმპერატორო კართან პრაქტიკულად შეწყვეტილი იყო.
რუსეთის მხრიდან ასეთი დამოკიდებულების გამო მათთან ურთიერთობების ჩიხში შესვლის შემდეგ ერეკლემ რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით ენერგიული ნაბიჯები გადადგა და რამდენიმე წელიწადში საგრძნობ წარმატებებსაც მიაღწია. 1778 წელს დაიდო შეთანხმება ოსმალეთთან, მნიშვნელოვნად შემცირდა ლეკიანობა და დაღესტნიდან მომავალი საფრთხეები, რამდენიმე სამხედრო წარმატების შემდეგ განმტკიცდა ქართლ-კახეთის გავლენა მეზობელ სახანოებზე. ამ მიღწევებითა და გატარებული რეფორმებით გაძლიერებული ერეკლე ერევნის სახანოს ქართლ-კახეთისთვის შემოერთების საქმეს მიუბრუნდა და ეს ამოცანა თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, როცა რუსეთი აქტიურად ჩაერია და ყველა ღონე იხმარა, რათა ეს საქმე ჩაეშალა. ერეკლეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც რუსეთი აგრესიულად დაუპირისპირდა და ჩაუშალა, ქართლ-კახეთის სამეფოს სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩრდილოეთ კავკასიიდან ყაბარდოელთა ჩამოსახლება იყო. ამ დროისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ რუსეთის იმპერია ქართული სამეფოების ინტერესების უგულებელყოფის გარდა, უკვე აქტიურად უპირისპირდებოდა ერეკლე II-ის ინიციატივებს და არ იშურებდა ძალისხმევას ქართლ-კახეთის რეგიონული გაძლიერებისთვის ხელის შესაშლელად.
ეს მტრული დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება 1782 წლის ზაფხულის შემდეგ, როცა რუსეთის საიმპერატორო კარიდან ქართველ მეფეებს მფარველობისა და შერიგების გზავნილები გამოუგზავნეს. რუსული პოლიტიკის გარდაქმნას საფუძვლად რეგიონული და საერთაშორისო ვითარების ამ დროს მომხდარი ცვლილებები ედო. 1782-1783 წლებში რუსეთის იმპერიის ექსპანსია მოიცავს ყირიმის სახანოს, ტამანისა და ყუბანისპირა ტერიტორიებს და საქართველოს საზღვრებს ადგება. ამდროინდელი დიპლომატიური მიმოწერებიდან და სხვა მასალებიდან კარგად ჩანს, რომ ყირიმის და მიმდებარე ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში რუსებს ოსმალეთთან ომი გარდაუვალი მიაჩნდათ. ამ ვითარებაში ქართველი მეფეების ჯერ ოსმალეთთან ომში გამოყენებას (კავკასიის ფრონტის გახსნას), შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიის ხელში ჩაგდებას (ანექსიას), რუსეთისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამავე დროს, ხანგრძლივი შიდა არეულობის ფონზე სუსტდება სპარსეთის სამეფო, რაც, თავისთავად, დამატებითი ფაქტორი იყო ამ გეგმების განხორციელებისათვის. რა თქმა უნდა, ეს ზრახვები გასაიდუმლოებული იყო: იმპერატორის ოფიციალური ვერსიის თანახმად, რუსეთი ქრისტიანული სამეფოების სახელმწიფოებრიობის აღდგენას, გაძლიერებას და შემდგომში მათ მფარველობას აპირებდა.
ამგვარად, ისტორიული წყაროები ცხადყოფენ, რომ ქართლ-კახეთის სამეფო, ისევე როგორც დანარჩენი საქართველოს ტერიტორია, რუსეთისთვის იმპერიული ექსპანსიისა და რეგიონში გავლენის გავრცელებისთვის იყო მიმზიდველი. სწორედ ამ ამოცანის გადასაწყვეტად იწყებს რუსეთის იმპერია იმ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას ერეკლე მეორესთან, რომელიც შემდგომში „გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახელით იქნება ცნობილი.
1787-1791 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში გამარჯვების და სხვა ხელსაყრელი გარემოებების გათვალისწინებით, რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს აღარ აკმაყოფილებდა კავკასიაში მფარველობის ქვეშ მყოფი, მაგრამ მაინც დამოუკიდებლობის მქონე სამეფოების დაცვა. იმპერია საქართველოსა და მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიის ეტაპზე გადავიდა. რეგიონში რუსეთის ექსპანსიის ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი პროცესი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება, 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებითა და ანექსიით დაიწყო.
1802 წლის აჯანყება კახეთში
1802 წლის 12 აპრილი ეიძლება მივიჩნიოთ რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დასაწყისად.
თბილისში, რუსული ჯარით გარშემორტყმულ სიონის ტაძარში, ალექსანდრე I-ის მანიფესტის გამოცხადებისას კახეთის თავადაზნაურობის ნაწილმა მანიფესტს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ, პროტესტით უპასუხა და რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი არ მიიღო.
რამდენიმე თვის შემდეგ, 1802 წლის ივლისში, ქიზიყში, ქელმენჩურის მიდამოებში, კახელი თავადაზნაურების, სვიმონ და დავით ქობულაშვილების, იოსებ და ივანე ჭავჭავაძეების, მარტყოფის მოურავი ივანე ანდრონიკაშვილის და სხვების ინიციატივით დაწყებული რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრება რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ გამოსვლაში გადაიზრდება. ვითარება მწვავდება შეკრებილთა დასარბევად გამოგზავნილი რუსული შენაერთების გამოჩენის შემდეგ. პროტესტის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევენ დამშლელ რაზმებს და ახერხებენ კიდეც მათ მოგერიებას.
აღსანიშნავია, რომ ქელმენჩურის შეკრების მონაწილეთა მოთხოვნები და მიზნები არსებითად არ სცილდებოდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებს, რომლებსაც მეფედ იულონ ერეკლეს ძის დამტკიცების მოთხოვნა ემატებოდა. რუსეთის იმპერატორის სახელზე გაგზავნილი პეტიციის ხელმომწერები ბაგრატიონთა სამეფოს აღდგენას და რუსეთისგან მათ მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების დაცვას ითხოვდნენ. მალევე გამოჩნდება, რომ ამ დროს გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების დაცვა რუსეთისთვის ინტერესს აღარ წარმოადგენდა და მათ საქართველოს მიმართ გაცილებით უფრო ამბიციური გეგმები ჰქონდათ.
გამოსვლების დაწყების შემდეგ ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრები ხანგრძლივ მეტოქეობას წყვეტენ და იულონის გამეფებას უჭერენ მხარს.
ერეკლეს II-ის შვილები და თავადაზნაურობის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აჯანყების მომზადებაზე იწყებენ მუშაობას. კახეთში დაბანაკებულ რუსულ ჯარზე რამდენიმე მიმართულებიდან ერთდროული შეტევა იგეგმება.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატარებული ზომების შედეგად, კახელებთან შეერთებას ვერ ახერხებენ იმხანად იმერეთში მყოფი ერეკლეს შვილები, იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები. გაურკვევლობის ფონზე, კახეთში შეჭრის გადაწყვეტილებას შეცვლის ერეკლეს კიდევ ერთი ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც ამ დროს ჭარ-ბელაქანშია გამაგრებული. აპატიმრებენ და იმპერატორის ერთგულებაზე ძალით აფიცებენ თავადაზნაურთა წარმომადგენლებს. მღელვარება მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, მაგრამ აჯანყებების ჩახშობაში ხელგაწაფული იმპერიული რეპრესიების მანქანა მიზანს მაინც მიაღწევს და წინააღმდეგობის მოძრაობის გეგმებს ჩაშლის.
1802 წლის საპროტესტო გამოსვლების უშედეგოდ დასრულების მიუხედავად მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ქართველი ერი არ აპირებდა წინაპართა თავგანწირვით საუკუნეების განმავლობაში შემონახული სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან უმოქმედოდ შეგუებას. ეს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხოლოდ დასაწყისი იყო.
1804 წლის მთიულეთის აჯანყება
ქართლ-კახეთში ბაგრატიონთა ხელისუფლების მოშლა და მმართველობის რუსული წესები აღმოსავლეთ საქართველოს მთიულეთის მოსახლეობისთვის მიუღებელი იყო. მათ მძიმე ტვირთად დააწვა რუსული გადასახადები, ე.წ. „სარუსო“, რასაც დაემატა დარიალიდან მომავალი საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობაზე მუშაობის უმძიმესი ვალდებულება, რომელსაც თან სდევდა ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროვება, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა. 1804 წლის დასაწყისში, ერევანზე სალაშქროდ ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსული ჯარის გადმოსვლის უზრუნველსაყოფად, მთიულეთში მცხოვრებთა დიდი ნაწილი სახლებიდან გამორეკეს და აუტანელ სიცივეში, სტეფანწმინდიდან ანანურამდე გზის აღდგენა აიძულეს. გაუსაძლისი პირობების გამო დაუძლურებულ კაცებსა და ქალებს სასტიკად სჯიდნენ, ამათრახებდნენ და ამცირებდნენ.
1804 წლის მაისში, კავკასიის მთავარსარდალ ციციანოვის ლაშქრის ერევნისკენ დაძვრის შემდეგ, აჯანყება კაიშაურის საგუშაგოზე თავდასხმით იწყება, რასაც ანანურისა და დუშეთის ალყა, ასევე სტეფანწმინდისა და ლარსის საგუშაგოების აღება მოჰყვა. აჯანყებულთა კონტროლის ქვეშ მოექცევა საქართველოს სამხედრო გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. რუსული ნაწილები მომარაგების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დადგნენ.
1804 წლის ივლისის დასაწყისში ფარნაოზ და იულონ ბატონიშვილები აჯანყებულებთან შესაერთებლად მცირერიცხოვანი რაზმით იმერეთიდან ქართლში შეიჭრნენ, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ამბოხებულები ინიციატივას 1804 წლის აგვისტოში მოიპოვებენ. 3 აგვისტოს ისინი ლომისასთან გამართულ ბრძოლაში რუსების ჯარის შენაერთს და მათ მოკავშირე ქსნის ერისთავს ამარცხებენ და დასახლებას იკავებენ. ამბოხება ქსნის ხეობაში გადადის. 20 აგვისტოს რუსის ჯარისთვის დუშეთში აშენებული ყაზარმები დაიწვება. სექტემბერში ფარნაოზ ბატონიშვილი კახელი თავადების მიერ შეკრებილი შეიარაღებული რაზმების თანხლებით მაინც ახერხებს ამბოხებულებთან შეერთებას.
ერევნის წარუმატებელი ლაშქრობიდან ციციანოვის დაჯგუფების დაბრუნებამ, რუსეთიდან დამატებითი ძალების გადმოსროლამ ვითარება რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ შეცვალა. გადამწყვეტი ბრძოლა გაძლიერებულ რუსულ კონტინგენტთან, რომელიც აჯანყებულებს სამი მხრიდან უტევდა, 1804 წლის 13 ოქტომბერს სიონთან გაიმართა.
აჯანყებულები დამარცხდნენ, ტყვედ ჩავარდნილი ფარნაოზ ბატონიშვილი რუსეთში გადაასახლეს. აღსანიშნავია, რომ ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრების რუსეთში გადასახლება იმპერიული დაპყრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩებოდა. ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ იმპერატორი ალექსანდრე I კავკასიის მთავარსარდალ ციციანოვს სწერდა: „თქვენს უმნიშვნელოვანეს მოვალეობებს შორის დაისახავთ ყველა ურჩი ბატონიშვილის და სამეფო ოჯახის წევრის, მათ შორის, დარეჯან დედოფლის (დარეჯან დადიანი, ერეკლე მეორეს ქვრივი) დარწმუნებას, მათთვის ამის დაჟინებულად მოთხოვნას და თუ საჭიროა, მათ იძულებას, რუსეთში გადმოსახლდნენ. მე ამ ზომას მივიჩნევ უმთავრეს ღონისძიებად [ქართველი] ხალხის დასამშვიდებლად, მათი ჩანაფიქრებისა და მოქმედებების გათვალისწინებით, რადგან ისინი არ წყვეტენ შფოთვას მათი ბედნიერებისთვის დადგენილი ახალი წესრიგის მიღებისას“.
აღმოსავლეთ საქართველოში დამყარებული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული 1804 წლის მთიულეთის აჯანყება ერთ-ერთი პირველი მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლა იყო, რომლის მიზანს ქართული სამეფოსა და სახელმწიფოებრიობის აღდგენა წარმოადგენდა.
1810 წლის იმერეთის აჯანყება
1804 წლის 25 აპრილს იმერეთის მეფე სოლომონ II ხელს აწერს ელაზნაურის შეთანხმებას, რომლითაც ის რუსეთის იმპერიის მფარველობის სანაცვლოდ კისრულობდა რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომობას, რუსული ჯარის განთავსებისა და მომარაგების ვალდებულებას და სხვადასხვა გადასახადისა და ბეგრის გადახდას მეფის რუსეთისთვის. ამასთანავე, სოლომონ II და მისი ოჯახი ინარჩუნებდა სამეფო ტახტს, ის განაგებდა სამეფოს საშინაო საქმეებსაც, ხოლო იმერეთის სამეფო განაგრძობდა პოლიტიკურ ერთეულად არსებობას. ელაზნაურის ხელშეკრულება დიდწილად იმეორებდა რუსეთის მიერ უკვე დარღვეული გეორგიევსკის ტრაქტატის სულისკვეთებას.
ქართლ-კახეთის სამეფოს მსგავსად, რუსეთის იმპერია უგულებელყოფს ხელმოწერილ პირობებს და რამდენიმე წლის შემდეგ იმერეთის სამეფოს გაუქმებასაც დაიწყებს. 1810 წლის თებერვალში საქართველოს მთავარმმართველმა, ალექსანდრე ტორმასოვმა, პეტერბურგიდან მიღებული მითითების შესრულება დაიწყო: ქუთაისში გამოქვეყნდა ბრძანება, რომლის თანახმად იმერეთის მეფე სოლომონ II გადაყენებულად, ხოლო სამეფო გაუქმებულად ცხადდებოდა. ეს გადაწყვეტილება უხეშად არღვევდა 1804 წლის ელაზნაურის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. 1810 წლის მაისში, ერთთვიანი სამხედრო მოქმედებების შემდეგ, მოლაპარაკებებზე მიტყუებულ სოლომონ II-ს ატყვევებენ და თბილისში გადაჰყავთ, საიდანაც პეტერბურგში გადასახლებას უპირებენ. მეფე ახერხებს პატიმრობას თავი დააღწიოს. ის ახალციხის საფაშოში გადადის და იმერეთის მოსახლეობას დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოწოდებით მიმართავს. აღმოსავლეთ საქართველოს მსგავსად, კოლონიური მმართველობა ასევე მძიმედ დააწვა იმერეთის მკვიდრებსაც, რომელთაგანაც რუსები მუდმივად ითხოვდნენ სურსათ-სანოვაგეს, პირუტყვს და სხვა სამსახურს, ხოლო ურჩებს მათთვის ჩვეული სისასტიკით სჯიდნენ.
საიმპერატორო კარის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის იმერეთისკენ რუსული ჯარები დაიძრა. რუსულ შენაერთებს იმერეთის მოსახლეობა შეიარაღებული წინააღმდეგობით შეხვდა. ანტირუსული გამოსვლების მასშტაბების ზრდასთან ერთად სოლომონ II იმერეთში ბრუნდება და აჯანყებას სათავეში ჩაუდგება. აჯანყებაში ერთვება საქართველოს სხვა რეგიონებიც, მათ შორის შიდა ქართლიც, სადაც ალექსანდრე ბატონიშვილმა მისი ძმისშვილი – ლევან იულონის ძე გაგზავნა.
თავდაპირველი სამხედრო წარმატებების და მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, იმპერიის კარგად ორგანიზებული სამხედრო ძალის წინაშე ხალხის სპონტანური შეიარაღებული გამოსვლა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა. აჯანყებულთა დამარცხებას ხელი შეუწყო რუსების მიერ თავადებისა და ერისთავების გადაბირების აქტიურმა პოლიტიკამ. სოლომონ II იძულებული გახდა ჯერ ისევ ახალციხეში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადასულიყო, სადაც 1815 წელს გარდაიცვლება. აჯანყების ჩახშობას დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა.
1812 წლის კახეთის აჯანყება
1812-1813 წლების ამბოხი ორგანიზებულ, მასშტაბურ და დაგეგმილ ხასიათს ატარებდა და იმაზე მეტი საფრთხე შეუქმნა ახლადდამკვიდრებულ რუსულ მმართველობას ვიდრე 1801 წლის შემდეგ მომხდარმა სხვა შეიარაღებულმა გამოსვლებმა.
რუსეთის იმპერიის სხვა პროვინციათა მსგავსად, ომებში ჩართული რუსეთის ჯარების უზრუნველყოფა საქართველოს მოსახლეობასაც დაეკისრა. აღმოსავლეთ საქართველოს ევალებოდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ მოქმედი რუსული შენაერთებისთვის საჭირო სურსათ-სანოვაგის, პირუტყვის და საომარი მოქმედებებისთვის საჭირო სხვა რესურსების მიწოდება. რუსული კოლონიური მმართველობის არაეფექტურობისა და კორუმპირებულობის გამო ბეგარის აკრეფა, სურსათ-სანოვაგის შესყიდვა მოსახლეობისგან დარღვევებით, ძალადობითა და ძალდატანებით ხდებოდა. 1812 წლის იანვარში კახეთში სადამსჯელო რაზმების შეყვანას და მათ მიერ ადგილობრივებისადმი გამოვლენილ სისასტიკეს შეიარაღებული წინააღმდეგობა მოჰყვა. აჯანყება 31 იანვარს ახმეტაში დაიწყო, მალევე მოედო მთელს კახეთს და თიანეთსაც. აჯანყებულები 2 თებერვალს იკავებენ თელავს, 5 თებერვალს სიღნაღს, ბოდბისხევს და სხვა დასახლებებს. გამოსვლები დაიწყო კახეთის თითქმის ყველა დასახლებაში.
აჯანყებაში აქტიურად ჩაერთნენ თავადებიც (ბებურიშვილები, სიდამონიშვილი, ანდრონიკაშვილი, მაყაშვილი, ქობულაშვილი და სხვები) და ამბოხებულთა რაზმების მეთაურობა იკისრეს. აჯანყებამ საერთო-სახალხო ხასიათი მიიღო.
აჯანყების მიზანი იმთავითვე ცნობილი და მკაფიო იყო: კახეთის სამეფოს აღდგენა ბაგრატიონების დინასტიის მმართველობით. მეფედ მოწვეული იყო ერეკლე მეორის ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი. ალექსანდრეს სპარსელთა დახმარების მოლოდინში ერევანში შეფერხების შემდეგ, ამბოხებულები მეფედ და მეთაურად ერეკლეს შვილთაშვილს, რუსეთში გადასახლებას გადარჩენილ გრიგოლ იოანეს ძეს აცხადებენ. გრიგოლი ქართლის თავადაზნაურობას შორის არსებულ მოკავშირეებთან ერთად აქტიურად ცდილობს წინააღმდეგობის მოძრაობა ქართლშიც გავრცელდეს.
9 თებერვალს ალყაში უკვე ანანურია, იკეტება საქართველოს სამხედრო გზა, რაც რუსულ კონტინგენტს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. აჯანყებულთა რაზმები უახლოვდებიან თბილისს, მათ უკვე ავჭალაში ხედავენ.
კახეთში შეჭრამდე მთავარმმართველი პაულუჩი ქართლის დაშოშმინებას და სამხედრო გზის გახსნას ისახავს მიზნად. ამისთვის ის შენაერთებს იწვევს მთელი რეგიონიდან: შიდა ქართლიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, იმერეთიდან და რუსეთ-სპარსეთის ფრონტიდანაც კი, რაც აჩვენებს იმ საფრთხის სერიოზულობას, რომელსაც რუსულ მმართველობას ამბოხებულები უქმნიდნენ. ამავე დროს, რუსები აქტიურ კამპანიას ეწევიან ქართლის თავადაზნაურებს შორის და მათი მნიშვნელოვანი ნაწილის გადაბირებასაც ახერხებენ.
სხვადასხვა რეგიონიდან მობილიზებული ძალებით გაძლიერებულ პოლკოვნიკ უშაკოვის შენაერთებს შეუერთდნენ გაბრიელ ყაზბეგი, კონსტანტინე მუხრან-ბატონი და სხვა ქართლელი თავადები, რომელთა ხელშეწყობით რუსებმა აჯანყებულები ანანურიდან და დუშეთიდან განდევნეს. ტყვედ ჩავარდნილ ამბოხებულებს სასტიკად გაუსწორდნენ, სადამსჯელო რაზმებმა გადაწვეს აჯანყებულ მთიელთა სოფლები.
ქართლში აჯანყების ჩახშობისა და სამხედრო გზის გახსნის შემდეგ, პაულუჩი დიდი ძალებით და არტილერიით კახეთში შეიჭრა. საგარეჯოსა და მიმდებარე სოფლების დაპყრობის შემდეგ, ის ქიზიყის გავლით თელავისკენ დაიძრა. ყოველი დასახლებული პუნქტის აღებას ტყვეებისა და ადგილობრივების სასტიკად დასჯასდევდა თან. მთავარი ბრძოლა სოფელ ჩუმლაყთან 1-2 მარტს მოხდა — რუსებმა დიდი დანაკარგის ფასად გაიმარჯვეს. თიანეთთან განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ აჯანყებულები დროებით წყვეტენ ბრძოლას.
მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, აჯანყების მასშტაბმა და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ ნათელი გახადა, რომ რუსების კოლონიურ მმართველობაში ცვლილებები უნდა შესულიყო. პაულუჩიმ დათმობები გამოაცხადა: შემსუბუქდა ბეგარა, შეიქმნა ქართული სამართლის წესით მოქმედი დროებითი სასამართლოები, აიკრძალა სამხედრო ეგზეკუცია, დაწესდა კომისია აჯანყების მიზეზების გამოსაკვლევად, რომელმაც რუსული კოლონიური მმართველობის ხარვეზები აღიარა.
საქართველოდან გაწვეული პაულუჩის ნაცვლად მთავარმმართებლად ნიკოლაი რტიშჩევის ჩამოსვლამ ისევ დაძაბა ვითარება.
საგარეო ვითარების გათვალისწინებით (ნაპოლეონი ამ დროს მოსკოვს აიღებს და გადაწვავს) ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთიდან სამშობლოში ბრუნდება და თიანეთში ბანაკდება – აჯანყება განახლდა. პარტიზანული ტაქტიკით მოპოვებული სამხედრო წარმატებების მიუხედავად, ალექსანდრე ბატონიშვილს გენერალურ ბრძოლაში ჩაბმა უწევს სოფელ შილდასთან 1812 წლის 10 ოქტომბერს. 6 საათიანი ბრძოლის შემდეგ აჯანყებულები უკან იხევენ.
1812 წლის 19-20 ოქტომბერს სპარსელების ასლანდუზთან დამარცხებით რუსებმა ალექსანდრეს და ამბოხებულებს გარე დახმარების იმედი გადაუწურეს.
1812 წლის 26 ნოემბერს, მანავთან გამართულ მორიგ ბრძოლაში, რუსეთის მიერ მოსყიდულმა ლეკების რაზმებმა ალექსანდრე ბატონიშვილს უღალატეს და ბრძოლის ველი მიატოვეს. დამარცხებული ალექსანდრე ხევსურეთში იხიზნება და შატილს აფარებს თავს. სადამსჯელო რაზმების მიერ ხევსურული სოფლების გადაწვის შემდეგ, ის დაღესტანში ახერხებს გაქცევას და ახალი ლაშქრის შეგროვებას იწყებს.
1813 წელს კახეთში წარუმატებელი შემოჭრის შემდეგ, ალექსანდრე კიდევ ხუთ წელს, 1818 წლამდე დარჩება დაღესტანში მდგომარეობის გამოკეთების იმედად, თუმცა არახელსაყრელ გარემოებათა გათვალისწინებით, რასაც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის სასარგებლოდ შეცვლილი მოცემულობა ერთვის თან, სპარსეთში დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებს.
1812-1813 წლების კახეთის აჯანყება გამოირჩეოდა საერთო-სახალხო ხასიათით, მასშტაბურობით და რუსული კოლონიზაციისადმი შეუპოვარი წინააღმდეგობით. დამოუკიდებლობის აღსადგენად 15 თვის განმავლობაში გაჩაღებულ თავდადებულ ბრძოლას საქართველოს არაერთი პატრიოტის სიცოცხლე შეეწირება.
1819-1820 წლების აჯანყება დასავლეთ საქართველოში
1811 წელს რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების მიუხედავად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქართული ეკლესია კვლავაც ინარჩუნებდა გარკვეული დონის დამოუკიდებლობას. XVIII საუკუნის მიწურულს აფხაზეთის უკანასკნელი კათოლიკოსის, მაქსიმე II-ს, გარდაცვალების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს ეკლესიას ხელმძღვანელობდა ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი, რომელიც მოსაყდრე, „განმგე”კათოლიკოსის ტიტულს ატარებდა.
დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით კი, იმერეთში, რუსული კოლონიური მმართველობისადმი უარყოფით დამოკიდებულების ხარისხს მოწმობს ის სიჩქარე, რომლითაც მოვლენები 1819 წელს განვითარდება. რუსეთის იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოში ქართლ-კახეთის მსგავსი საეკლესიო რეფორმის გატარების მცდელობას, რაც წარმატების შემთხვევაში ეკლესიის დარჩენილ ავტონომიასა და დამოუკიდებლობას გაანადგურებდა, მყისიერი და უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.
რუსული რეფორმა მიზნად ისახავდა ქართული ეკლესიის იმპერიული ბიუროკრატიის ნაწილად ქცევას და მის მოსკოვის საპატრიარქოს სრულ მორჩილებაში შეყვანას, იმერეთიდან მიღებული სახაზინო შემოსავლის გაზრდას. გარდა ამისა, ქართულ ეკლესიას უნდა განეცადა რუსული წესების შესაბამისი რეორგანიზაცია, საეკლესიო მამულებისა და ყმების სახელმწიფო ხაზინისთვის გადაცემა და ა.შ. გლეხებისთვის საეკლესიო გადასახადი 2-3-ჯერ იზრდებოდა.
ეს აგრესიული ქმედება ქართველებში ცალსახად უარყოფითად აღიქმებოდა და რელიგიური თავისუფლების დარღვევად, ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის შეურაცხყოფად იყო მიღებული.
ანტირუსული წინააღმდეგობის მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ როგორც სასულიერო, ასევე საერო მოღვაწეები: ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი), იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის შვილიშვილი ივანე (იოანე) აბაშიძე, მიტროპოლიტი ექვთიმე გაენათელი (ეფთვიმე გენათელი), რაჭისა და იმერეთის თავადაზნაურობის წარმომადგენლები: ბეჟან წერეთელი, მერაბ იაშვილი და სეხნია წულუკიძე. აჯანყებულებმა იმერეთის სამეფოს ტახტის კანონიერ მემკვიდრედ ივანე აბაშიძე აირჩიეს.
საპროტესტო ტალღა, რომელიც იმერეთში 1819 წლის ივნისში იკრებს ძალას, მომდევნო თვეში მომიჯნავე რაჭასაც მოიცავს. სახალხო მღელვარება ღია დაპირისპირებად და შეიარაღებულ გამოსვლად გადაიქცევა ხალხისთვის რუსეთის იმპერატორისადმი ერთგულების ფიცის დადების მოთხოვნის შემდეგ. იმერეთში შესული რუსული სადამსჯელო ექსპედიცია დენთის გამოყენებით ააფეთქებს ქუთაისის ციხეს და ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ციხესიმაგრეს, რომელიც აჯანყებულებს შეეძლოთ გამოეყენებინათ.
1820 წლის მარტში, თითქმის ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა ივანე აბაშიძის, მიტროპოლიტების, დოსითეოსის და ექვთიმეს დატყვევება.
ივანე აბაშიძემ სწრაფად მოახერხა ტყვეობიდან თავის დაღწევა და გურიაში გაქცევა. დანარჩენები რუსეთში გადასახლებისთვის გაამგზავრეს. ნაწამები, ტომარაჩამოცმული მიტროპოლიტი დოსითეოსი მგზავრობისას გარდაიცვლება, მას ანანურის ეკლესიაში დაკრძალავენ. მალევე, 1822 წელს, გარდაიცვლება რუსეთში გადასახლებული ექვთიმე გაენათელი. 2004 წელს მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს. მიტროპოლიტები დოსითეოსი და ექვთიმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხულნი.
იმერეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი, პოლკოვნიკი პუზირევსკი, გურიაში შეიჭრა და იქ შეფარებული ივანე აბაშიძის ჩაბარება მოითხოვა, თუმცა, იქ გამაგრებულ აჯანყებულებთან მიახლოებისთანავე მას თავად მოკლავენ და შეჭრილ შენაერთსაც თითქმის მთლიანად გაანადგურებენ. 1820 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში რუსული შენაერთების წინააღმდეგ აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს გურიასა და რაჭაშიც. ამბოხებულებმა გადალახეს მდინარე რიონი და აჯანყება სამეგრელოშიც წამოიწყეს. მათ შეუერთდება და სათავეში ჩაუდგება გიორგი დადიანი, სამეგრელოს მმართველის, ლევანის დადიანის ძმა.
რუსთა ძალების წინააღმდეგ გამართული რამდენიმე ბრძოლის შემდეგ, ივანე აბაშიძე ამჯერად ახალციხეს შეაფარებს თავს, სადაც რუსები მის მოკვლას დაქირავებული მკვლელის მეშვეობით მოახერხებენ.
დამატებითი ძალების გამოყენებით სამხედრო გამარჯვების მიღწევის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო აჯანყების ლიდერების, თავადაზნაურობისა და სამეფო ოჯახის წევრების, ასევე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ: მიწასთან გაასწორეს უძველესი ციხესიმაგრეები, გაძარცვეს და დაწვეს სოფლები, გაანადგურეს სავარგულები და ვენახები, დააპატიმრეს, იძულებით გადაასახლეს ან სიკვდილით დასაჯეს ამბოხებაში ეჭვმიტანილი პატრიოტები. თავადაზნაურობისა და სამეფო ოჯახის მრავალი წევრი იძულებული გახდება დატოვოს საქართველო. მათი უმეტესობა სამშობლოში ვეღარასდროს დაბრუნდება.
იმპერიის მიერ თავსმოხვეული საეკლესიო რეფორმის საწინააღმდეგო გამოსვლა საერთო-სახალხო აჯანყებაში გადაიზრდება. 1819-1820 წლების აჯანყება საქართველოს ისტორიაში რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მაგალითად დარჩება.
1832 წლის „დიდი შეთქმულება“
ქართლ-კახეთის სამეფოს შემდეგ იმერეთის ანექსიამ, ბაგრატიონთა მრავალსაუკუნოვანი მონარქიის ძალისმიერმა გაუქმებამ, აჯანყებების მარცხმა, იძულებითმა გადასახლებებმა, მძიმე რეპრესიებმა და მმართველობის რუსული მოდელის დამკვიდრებამ ქართულ საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი 1801 წელს დაწყებული ოკუპაციის პირობებში გაზრდილ თაობაზე, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
მიუხედავად არათანაბარი ძალებისა და არახელსაყრელი ვითარებისა, საქართველოს პატრიოტები არ წყვეტდნენ ფიქრს სამშობლოს გათავისუფლებაზე და მოქმედებას ამ მიზნის მისაღწევად.
1820-იანი წლების დასაწყისში, წარსულ მაგალითებზე დაყრდნობით და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მათთვის ცხადი იყო, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა იყო საჭირო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკაში. მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მომხდარი აჯანყებები და გამოსვლები სპონტანურ და ამასთანავე, ხშირად ლოკალურ ხასიათს ატარებდნენ, რაც მათი წარუმატებლობის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო. მათი სწორხაზოვანი და, რიგ შემთხვევებში, ქაოსური ხასიათი რუსეთის იმპერიის გამოცდილ რეპრესიულ აპარატს წინააღმდეგობის მოძრაობის ჩახშობას უადვილებდა. წინააღმდეგობის ახალ ეტაპზე გაჩაღებული ბრძოლა კარგად დაგეგმილი, მკაფიო მიზნების მქონე, სტრატეგიულად და ტაქტიკურად გამართული უნდა ყოფილიყო.
1825-1826 წლებში, რუსეთში საქართველოდან გადასახლებულები ფარულ და საიდუმლო ჯგუფებსა და წრეებს ქმნიან. აჯანყების დაგეგმვის პროცესში აქტიურად არიან ჩართული სამეფო ოჯახის წევრებიც, ერეკლე მეორეს შვილიშვილები: სანქტ-პეტერბურგში საქართველოს გათავისუფლების მიზნით შექმნილ საიდუმლო საზოგადოებას დიმიტრი იულონის ძე ბაგრატიონი, მოსკოვში კი ოქროპირ გიორგის ძე ბაგრატიონი ხელმძღვან ელობდნენ.
1827-1829 წლებში შეთქმულები აჯანყების მომზადების ცენტრს თბილისში გადმოიტანენ. მას ელიზბარ ერისთავი, სოლომონ დოდაშვილი და ალექსანდრე ორბელიანი ჩაუდგებიან სათავეში. მუშაობა გაიშალა საქართველოს კუთხეებში, იზრდებოდა მომავალ აჯანყებაში მონაწილეთა წრე. 1829 წელს თბილისში დაბრუნდა ოქროპირ ბაგრატიონი.
მისი დახმარებით ეპისკოპოსმა ფილადელფოს კიკნაძემ შეადგინა საიდუმლო საზოგადოების წესდება „აქტი გონიური“, რომელიც განსაზღვრავდა შეთქმულთა ორგანიზაციაში გაწევრიანების პირობებს და წევრების უფლება-მოვალეობებს.
შეთქმულების მონაწილეთა შორის მომავალი საქართველოს სასურველი სახელმწიფოებრივი წყობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა: ნაწილი ტრადიციულ მონარქიას ემხრობოდა, ნაწილი კონსტიტუციურ მონარქიას, უმცირესობაში იყვნენ რესპუბლიკური მოწყობის მომხრეები.
გათავისუფლებული საქართველოს მეფე ალექსანდრე ბატონიშვილი უნდა გამხდარიყო. საქართველოს ბუნებრივ მოკავშირეებად განიხილებოდნენ ის ქვეყნები, სადაც რუსული იმპერიის წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ბრძოლა მიმდინარეობდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა პოლონეთს.
აჯანყების დაწყების თარიღად ჯერ 1832 წლის 20 ნოემბერი, საბოლოოდ კი 20 დეკემბერი დაითქვა. აჯანყებულებს საგანგებოდ შექმნილი სამოქმედო გეგმის, „პირველი ღამის განკარგულების“ მიხედვით უნდა ემოქმედათ, თუმცა მის განხორციელებას ვერავინ იხილავს.
9 დეკემბერს შეთქმულება გასცა იასე ფალავანდიშვილმა, რომელმაც საკუთარი ძმის, თბილისის საქალაქო გუბერნატორის გადმობირების მიზნით მას დაგეგმილი აჯანყების დეტალები გააცნო, მაგრამ საპირისპირო შედეგი მიიღო: ნიკოლოზ ფალავანდიშვილი ძმის მონათხრობს მთავრობას ატყობინებს.
დაუყოვნებლივ აპატიმრებენ შეთქმულებაში მონაწილეებს, მათგან 13-ს სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ ისინი იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა შეიწყალა და გადაასახლა.
მარცხის მიუხედავად, 1832 წლის შეთქმულებამ დიდი გავლენა მოახდინა ეროვნულ ცნობიერებაზე, გამოიკვეთა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ახალი ჩარჩო.
როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო და რეგიონული დინამიკის გამო, ასევე წინააღმდეგობის მასშტაბისა და აჯანყებების სიხშირის გათვალისწინებით, XIX ს-ის პირველი ნახევრის მიწურულს რუსეთის იმპერიამ მიზანშეწონილად ჩათვალა შეეცვალა კავკასიის კოლონიზაციის პოლიტიკური მეთოდი. აუცილებელი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება. რეპრესიული პოლიტიკა არასდროს გაქრება საქართველოში რუსული მმართველობიდან, თუმცა, ეტაპობრივად, სამხედრო წესით მართვასა და ძალისმიერ მეთოდებს სოციალურეკონომიკური ასიმილაციისა და კულტურული მოდერნიზაციის პოლიტიკაც დაემატება.
ეს გადაწყვეტილება მე-19 საუკუნის დარჩენილ პერიოდში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ბუნებასაც შეცვლის. რუსული ოკუპაციის მძიმე უღელი კიდევ რამდენიმე შეიარაღებული ამბოხის გამომწვევი იქნება (გურია 1841, სამეგრელო 1856, სვანეთი 1875, ქიზიყი 1878, გურია 1905), თუმცა, ამავე დროს, პატრიოტთა ყურადღება შეიარაღებული ბრძოლიდან სამოქალაქო წინააღმდეგობაზე, ეროვნული თვითშემეცნების განვითარებაზე გადაინაცვლებს.
1860 წლის შემდეგ – გამოღვიძებიდან პირველ რესპუბლიკამდე
ქართული ნაციონალიზმი თანამედროვე ფორმებს მე-19 საუკუნის შუა წლებიდან, რუსული ენისა და კულტურის დომინაციის, ასიმილაციის პოლიტიკის გაძლიერების ფონზე იძენს. გარდა პოლიტიკური განზომილებისა, ეს ნაციონალიზმი კულტურული და სოციალური მოძრაობის ხასიათს ატარებდა: უმთავრესი მიზანი რუსიფიკაციის კამპანიის შედეგად საფრთხის ქვეშ აღმოჩენილი ქართული ტრადიციების, ენისა და იდენტობის აღდგენა და დაცვა იყო.
ეროვნული გამოღვიძების ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენდა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, სამოქალაქო ორგანიზაცია და საქველმოქმედო გაერთიანება, რომელიც დააფუძნეს გამოჩენილმა ქართველმა ინტელექტუალებმა – ილია ჭავჭავაძემ, დიმიტრი ყიფიანმა, იაკობ გოგებაშვილმა და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა 1879 წლის მაისში. საზოგადოება წიგნიერების ამაღლებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და ბიბლიოთეკების ქსელის შექმნით ზრუნავდა; აქვეყნებდა ქართულენოვან ჟურნალებსა და გაზეთებს, ამზადებდა მასწავლებლებსა და აღმზრდელებს. საზოგადოების ორ დამფუძნებელ წევრს – ილია ჭავჭავაძესა და დიმიტრი ყიფიანს – მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოკლავენ. ორივე მათგანი დღეს წმინდანადაა შერაცხული. ორგანიზაცია უდიდეს როლს შეასრულებს თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში.
თერგდალეულები – პროგრესული ქართველი ინტელექტუალების თაობა, რომლებიც უცხოეთში (უმეტესად რუსეთში) მიიღებენ განათლებას და ცდილობენ ქართული საზოგადოების გარდაქმნას ეროვნული აღორძინების, სოციალური რეფორმისა და კულტურული მოდერნიზაციის გზით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. თავდაპირველად ეს სახუმარო ტერმინი იყო – “თერგდალეულები” ეწოდა მათ, ვინც თერგი გადალახა და რუსეთში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ მალე ეს ტერმინი უფრო ფართო საზოგადოებრივ მოძრაობას ასახავს. „თერგდალეულები“ შეუპოვრად იბრძოდნენ ქართველი ერის ეროვნული და სოციალური გათავისუფლებისთვის, ეწინააღმდეგებოდნენ კოლონიურ სისტემას და ხელს უწყობდნენ მოდერნიზაციას, განათლების გავრცელებასა და პოლიტიკური უფლებების გაფართოებას. მიუხედავად მკაცრი ცენზურისა, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეროვნული თვითშეგნების განვითარებაში პატრიოტული ლიტერატურისა და პოლიტიკური წერილობითი მემკვიდრეობის მეშვეობით.
„მამებისა და შვილების“ დაპირისპირება – ეს იყო ფართო სოციალური და კულტურული ფენომენი, რომელიც უპირისპირებდა ერთმანეთს უფროს თაობას – ქართული არისტოკრატიის წარმომადგენლებს, რომლებიც რუსეთის იმპერიასთან ღრმა ინტეგრაციის მხარდამჭერები იყვნენ, და ახალგაზრდა თერგდალეულებს, რომლებიც ეროვნულ გათავისუფლებასა და კულტურულ განახლებას უჭერდნენ მხარს. ამ კულტურულ კონფლიქტს განსაკუთრებული სიმძაფრე მისცა ღია დებატებმა და კრიტიკულმა მიმოწერამ გენერალ გრიგოლ ორბელიანსა და „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელ ილია ჭავჭავაძეს შორის.
1924 წლის აჯანყება
1921 წელს საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, წინააღმდეგობის ორი ძირითადი მიმართულება გაჩნდა:
ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲐ
პირველი რესპუბლიკის მთავრობა და ემიგრაციაში მყოფი პატრიოტები დაუღალავად ცდილობდნენ საქართველოს გათავისუფლების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში სათანადო დონეზე აყვანას. ისინი აქტიურ კამპანიას აწარმოებდნენ ევროპის მთავრობებისა და პოლიტიკური პარტიების ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს ოკუპაციის შესახებ და ცდილობდნენ მათი ინტერესის გაღვივებას საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისადმი, რასაც, საბოლოო ჯამში, ამ საქმისადმი დასავლური საზოგადოებების მხარდაჭერა უნდა გაეზარდა. ამ საერთაშორისო კამპანიაში საქართველოდან კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია მონაწილეობდა. მან წერილით მიმართა 1922 წლის გენუის საერთაშორისო კონფერენციას და მოითხოვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხის წამოწევა. 1922 წელს კათოლიკოს-პატრიარქი და კათოლიკოსთა საბჭოს ცხრა წევრი დააპატიმრეს ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. სიკვდილით დასჯის ნაცვლად პატრიარქს 8 წლიან პატიმრობას მიუსჯიან, ის 1927 წელს გარდაიცვლება.
პატრიოტთა ძალისხმევამ უკვალოდ არ ჩაიარა, თუმცა არახელსაყრელმა საერთაშორისო ვითარებამ და საქართველოს ინტერესების დამცველთა მწირმა რესურსებმა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებების მიღწევა მნიშვნელოვნად გაართულა.
ᲨᲘᲓᲐ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲐ
1921 წელს საქართველოს რუსული ოკუპაციის დაწყებისთანავე, სვანეთსა და კახეთ-ხევსურეთის რეგიონებში აჯანყების ორი მძლავრი ცენტრი ჩამოყალიბდა. საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობა 1922 წლამდე გაგრძელდა და საფუძველი ჩაუყარა საყოველთაო სახალხო აჯანყებას. საქართველო არ ეგუებოდა ბოლშევიკურ მმართველობას და განაგრძობდა მის წინააღმდეგ ბრძოლას.
1922 წელს საქართველოში შეიქმნა „დამოუკიდებლობის კომიტეტი“, „დამკომი“, მასთან დაკავშირებულ სამხედრო ცენტრთან ერთად, რომლის მთავარი ფუნქცია შეიარაღებული აჯანყების მომზადება და ხელმძღვანელობა იყო. ისტორიული კონტექსტისა და აჯანყების წინაპირობების გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედმა ყველა ანტირუსულმა პარტიამ და ჯგუფმა გადალახა თავისი პოლიტიკური უთანხმოებები და გაერთიანდა წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის შესაქმნელად. პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი, ნოე ხომერიკი, ფარულად დაბრუნდა საქართველოში, რათა „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ხელმძღვანელობა უშუალოდ ეკისრა.საქართველოში ასევე დაბრუნდა სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი. კომიტეტმა და სამხედრო ცენტრმა დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება.
თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად, აჯანყებას საერთო კავკასიური ხასიათი უნდა ჰქონოდა. ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორგანიზატორები მიიჩნევდნენ, რომ აჯანყების საქართველოს ფარგლებს გარეთ გავრცელება, წარმატების ალბათობას მნიშვნელოვანად გაზრდიდა. სამწუხაროდ, საბჭოთა საიდუმლო სამსახურების მიერ აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მოკავშირეების დაპატიმრების შემდეგ, აჯანყების არეალის მხოლოდ საქართველოს ტერიტორიით შემოფარგვლა გახდა საჭირო.
საბოლოოდ, აჯანყების დაწყების თარიღად 1924 წლის 29 აგვისტო იყო დანიშნული. იმავე პერიოდში დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება საბჭოთა მთავრობასა და ევროპის ქვეყნებს შორის საბჭოთა სახელმწიფოს სამართლებრივი აღიარების თაობაზე. ამ მოლაპარაკებების წარმატებული დასრულების შემთხვევაში, საქართველოს საკითხისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა დიდი ხნით და მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. აჯანყებულთა თუნდაც ნაწილობრივი გამარჯვება ამ მძიმე პერსპექტივას ააცილებდა საქართველოს.
გაუთვალისწინებელი ინციდენტების, ორგანიზატორთა დაპატიმრებების, სამხედრო ცენტრის გაცემისა და სრული შემადგენლობით განადგურების მიუხედავად, საყოველთაო აჯანყება მაინც დაიწყო, თუმცა ეს ჭიათურაში 28 აგვისტოს, დაგეგმილზე 24 საათით ადრე, მოხდა. ამან საბოლოოდ არია აჯანყებულთა გეგმები. მზადყოფნაში მოსულ „ჩეკასა“ და ბოლშევიკებს საშუალება მიეცათ თადარიგი დაეჭირათ და თბილისსა და სხვა სტრატეგიულ ადგილებში ინიციატივა ჩაეგდოთ ხელში.
მიუხედავად ამისა, შეიარაღებული გამოსვლები მოხდა შორაპანში, ქუთაისში, სენაკში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ლეჩხუმსა და სხვა მრავალ ქალაქსა და რეგიონში. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმები მოქმედებენ აღმოსავლეთ საქართველოში, თავს ესხმიან ბოლშევიკთა გარნიზონებსა და რაზმებს, იკავებენ დასახლებულ პუნქტებს.
აჯანყებულთა შეზღუდული რესურსების და მათი მხრიდან მოულოდნელობის ეფექტის დაკარგვის გამო, ასევე აქტიური პროპაგანდისტული კამპანიის წყალობით, საბჭოთა ხელისუფლებამ თანდათანობით დაიბრუნა ინიციატივა, ჯერ წარმატებით შეაკავა აჯანყება და საბოლოოდ კი გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. რამდენიმე დღეში გამოიკვეთა, რომ აჯანყებულები სამხედრო წარმატებას ვეღარ მიაღწევდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, 1924 წლის სექტემბერშივე დაიწყო მასობრივი რეპრესიების გამოყენება. სასტიკი რეპრესიები თავს დაატყდათ არა მარტო შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებს, არამედ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ქომაგებად მიიჩნევდნენ.
მეოცე საუკუნე – პატრიოტული, იატაკქვეშა ორგანიზაციები
1941 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და ასპირანტთა ჯგუფმა, ახალგაზრდა პოეტებმა და მწერლებმა, მათ შორის კოტე ხიმშიაშვილმა (რომელიც ამ დროს სამხედრო სამსახურში იყო), გიორგი ძიგვაშვილმა, კოტე ჯოგლიძემ, შალვა შავიანიძემ, გიორგი და მიხეილ იმერლიშვილებმა შექმნეს საიდუმლო ჯგუფი, რომლის მიზანი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარების გამოყენებითა და აქტიური წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებით საბჭოთა რეჟიმის დამხობა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.
გაცემის შედეგად ფარული ორგანიზაცია გამოაშკარავდა და შეთქმულები, მათი ხელმძღვანელის, პროფესორ მიხეილ ზანდუკელის ჩათვლით, დააპატიმრეს. მათი უმეტესობა დახვრიტეს ან გადაასახლეს: საიდუმლო ორგანიზაციის რიგებიდან 17 ახალგაზრდა სიკვდილით დასაჯეს, ხოლო 13 ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.
გადარჩენილებმა მოახერხეს თბილისიდან გაქცევა და დააარსეს ახალი იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია „სამანი“ (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები), რომელსაც სათავეში ადამ ბობღიაშვილი და მიხეილ იმედიძე ჩაუდგებიან. თუშეთში გახიზნულებს საბჭოთა სპეცსამსახურები ჩასაფრებას მოუწყობენ: ნაწილს მოკლავენ, ხოლო დანარჩენებს დააპატიმრებენ.
1953 წლის მაისში, კლასელებმა და მეგობრებმა, გურამ დოჩანაშვილმა, მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ, გურამ სხირტლაძემ, ანატოლი მიქაძემ, ვლადიმერ სიხარულიძემ, თეიმურაზ (ჯონდო) მეტრეველმა, თეიმურაზ ცერცვაძემ და თამაზ გუნჯუამ, დააარსეს საიდუმლო პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლიანი“.
საბჭოთა კავშირის დაშლის დაჩქარების ფონზე, 1980-იან წლებში დაარსდა რამდენიმე მძლავრი პატრიოტული ორგანიზაცია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში, მათ შორის „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება“ და „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“.
1978 წლის გამოსვლები და სახელმწიფო ენა
1977 წელს საბჭოთა კავშირში ახალი კონსტიტუცია მიიღეს. სწორედ ამ ახალ ძირითად კანონს უნდა დაფუძნებოდა ყველა საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციები, მათ შორის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისაც. ახალი კონსტიტუციის პროექტი საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა და ის 1978 წლის 24 მარტს გამოაქვეყნეს. ამ კონსტიტუციის 75-ე მუხლი უკარგავდა ქართულ ენას საქართველოში სახელმწიფო ენის სტატუსს, რომელიც მას, უწინდელ, 1936 წლის კონსტიტუციაში შენარჩუნებული ჰქონდა.
მოსალოდნელმა ცვლილებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა და აღშფოთება გამოიწვია, რაც მალევე, ტოტალიტარული კონტროლის მიუხედავად, მასშტაბურ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. მოსკოვმა და კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ გათვალეს, რომ ქართული ენა საბჭოთა კავშირში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მყოფი და რეპრესირებული ქვეყნისთვისაც კი ხელშეუხებელ ღირებულებად და ეროვნული თვითმყოფადობის უმთავრეს ნიშნად რჩებოდა. ენის საკითხი რესპუბლიკის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად იქცა.
საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოექცნენ. მათ კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებისთანავე გამოხატეს მისი მიუღებლობა და სხვადასხვა ფორმით, მათ შორის უმაღლესი საბჭოსადმი გაგზავნილი წერილებითა და მიმართვებით, საჯარო გამოსვლებითა და შეკრებებით, გამოხატეს პროტესტი. თსუ-ს სტუდენტების აქტიურობამ უკვალოდ არ ჩაიარა: მათ უერთდებოდნენ ლექტორები, პროფესორები, მასწავლებლები, სხვა ინსტიტუტების სტუდენტები. მათი მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატეს მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმაც, მათ შორის აკაკი ბაქრაძემ, ნოდარ წულეისკირმა და სხვებმა.
ახალი კონსტიტუციის განხილვა რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 1978 წლის 14 აპრილს უნდა გამართულიყო. ამავე დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დილიდანვე დაიწყებენ შეკრებას სტუდენტები და მათი თანამოაზრეები, უნივერსიტეტის ეზოდან უმაღლესი საბჭოს (დღევანდელი პარლამენტისკენ) დაძრულ საპროტესტო დემონსტრაციას უწყვეტი ნაკადით უერთდებოდნენ მოქალაქეები. პროტესტანტთა რიცხვმა მალევე გადააჭარბა ათეულობით ათასს და საბჭოთა საქართველოსთვის არნახულად მრავალრიცხოვანი ხასიათი მიიღო. პროტესტში მონაწილეთა რიცხვისა და მტკიცე განწყობის გათვალისწინებით აშკარა იყო, რომ საბჭოთა რეჟიმთან შეტაკება გარდაუვალი იყო. ადგილობრივი ხელისუფლება ხედავდა, რომ ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ტოტალიტარული სისტემის რეპრესიული მანქანის არ ეშინოდათ.
მოსკოვიდან ნებართვის აღების შემდეგ, რეჟიმის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა უკან დაიხიეს და ქართული ენის საკითხი ახალ კონსტიტუციაში უცვლელად დატოვეს. საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული დარჩა.
14 აპრილი აღმოჩნდა იშვიათი პრეცედენტი, როცა მასობრივმა საპროტესტო გამოსვლამ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემასაც კი აიძულა უკან დაეხია და უარი ეთქვა ქართული ენის სტატუსის შეცვლის გეგმაზე. წინააღმდეგობის მოძრაობამ მშვიდობიან და უმსხვერპლო გამარჯვებას მიაღწია.
მიუხედავად დათმობისა, საბჭოთა სისტემა არ აპირებდა უმოქმედოდ შეგუებოდა ასეთ პრეცედენტს. ვითარება დაიძაბა აფხაზეთში: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსკოვის ეს ნაბიჯი ქართული ნაციონალიზმის წინაშე კაპიტულაციად შეირაცხა, ხოლო ადგილობრივი კომუნისტების მხრიდან გაისმა მოთხოვნები ავტონომიის საქართველოდან რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში გადატანის თაობაზე.
პატრიოტთა მიერ 1978 წელს მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების აღსანიშნავად, 1990 წელს 14 აპრილი ქართული ენის (დედა ენის) დღედ გამოცხადდა.
1989 წლის 9 აპრილი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის კულმინაცია
ეროვნული ცნობიერების ზრდას მოწმობდა დამოუკიდებლობისთვის და რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებისთვის მებრძოლი დისიდენტური იატაკქვეშა ორგანიზაციების ჩამოყალიბება და მათი რაოდენობის ზრდა.
ანტისაბჭოთა მოძრაობა განსაკუთრებით 1988 წლის ნოემბრიდან გაძლიერდა. ამ დროს მოსკოვმა დღის წესრიგში დააყენა საბჭოთა რესპუბლიკებში ავტონომიური ერთეულების თვითგამორკვევის გამარტივების საკითხი, რითაც პირდაპირ ირღვეოდა რესპუბლიკების სუვერენიტეტი.
საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების მსგავსად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოშიც იკრებდა ძალას. მოძრაობაში უშუალოდ ჩართულთა და მათ მოკავშირეთა მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა და დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო.
9 აპრილს საბჭოთა ჯარებმა ძალადობრივად დაარბიეს მომიტინგეების რამდენიმედღიანი, მშვიდობიანი და მრავალრიცხოვანი შეკრება რუსთაველის გამზირზე. დარბევისას 21 მშვიდობიანი პროტესტანტი მოკლეს, დაშავებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს მიაღწევს.
9 აპრილის მოვლენების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კლიმატის, ხალხის მიერ გაღებული მნიშვნელოვანი მსხვერპლისა და გაძლიერებული საზოგადოებრივი კონსენსუსის გათვალისწინებით, ცხადი იყო, რომ საბჭოთა სისტემა და საქართველოს რუსული ოკუპაცია მარცხისთვის იყო განწირული.
ორი წლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.