სიახლეები

თებერვალი 20, 2026 1804 წლის მთიულეთის აჯანყება

1804 წლის მთიულეთის აჯანყება

 

 

 

 

 

ქართლ-კახეთში ბაგრატიონთა ხელისუფლების მოშლა და მმართველობის რუსული წესები აღმოსავლეთ საქართველოს მთიულეთის მოსახლეობისთვის მიუღებელი იყო. მათ მძიმე ტვირთად დააწვა რუსული გადასახადები, ე.წ. „სარუსო“, რასაც დაემატა დარიალიდან მომავალი საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობაზე მუშაობის უმძიმესი ვალდებულება, რომელსაც თან სდევდა ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროვება, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა.

1804 წლის დასაწყისში, ერევანზე სალაშქროდ ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსული ჯარის გადმოსვლის უზრუნველსაყოფად, მთიულეთში მცხოვრებთა დიდი ნაწილი სახლებიდან გამორეკეს და აუტანელ სიცივეში, სტეფანწმინდიდან ანანურამდე გზის აღდგენა აიძულეს. გაუსაძლისი პირობების გამო დაუძლურებულ კაცებსა და ქალებს სასტიკად სჯიდნენ, ამათრახებდნენ და ამცირებდნენ.

1804 წლის მაისში, კავკასიის მთავარსარდალ ციციანოვის ლაშქრის ერევნისკენ დაძვრის შემდეგ, აჯანყება კაიშაურის საგუშაგოზე თავდასხმით იწყება, რასაც ანანურისა და დუშეთის ალყა, ასევე სტეფანწმინდისა და ლარსის საგუშაგოების აღება მოჰყვა. აჯანყებულთა კონტროლის ქვეშ მოექცა საქართველოს სამხედრო გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. რუსული ნაწილები მომარაგების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დადგნენ.

1804 წლის ივლისის დასაწყისში ფარნაოზ და იულონ ბატონიშვილები აჯანყებულებთან შესაერთებლად მცირერიცხოვანი რაზმით იმერეთიდან ქართლში შეიჭრნენ, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამბოხებულები ინიციატივას 1804 წლის აგვისტოში მოიპოვებენ. 3 აგვისტოს ისინი ლომისასთან გამართულ ბრძოლაში რუსების ჯარის შენაერთს და მათ მოკავშირე ქსნის ერისთავს ამარცხებენ და დასახლებას იკავებენ. ამბოხება ქსნის ხეობაში გადადის. 20 აგვისტოს რუსის ჯარისთვის დუშეთში აშენებული ყაზარმები დაიწვება. სექტემბერში ფარნაოზ ბატონიშვილი, კახელი თავადების მიერ შეკრებილი შეიარაღებული რაზმების თანხლებით, მაინც ახერხებს ამბოხებულებთან შეერთებას.

ერევნის წარუმატებელი ლაშქრობიდან ციციანოვის დაჯგუფების დაბრუნებამ და რუსეთიდან დამატებითი ძალების გადმოსროლამ ვითარება რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ შეცვალა. გადამწყვეტი ბრძოლა გაძლიერებულ რუსულ კონტინგენტთან, რომელიც აჯანყებულებს სამი მხრიდან უტევდა, 1804 წლის 13 ოქტომბერს სიონთან გაიმართა.

აჯანყებულები დამარცხდნენ, ტყვედ ჩავარდნილი ფარნაოზ ბატონიშვილი რუსეთში გადაასახლეს. აღსანიშნავია, რომ ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრების რუსეთში გადასახლება იმპერიული დაპყრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩებოდა. ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ იმპერატორი ალექსანდრე I კავკასიის მთავარსარდალ ციციანოვს სწერდა: „თქვენს უმნიშვნელოვანეს მოვალეობებს შორის დაისახავთ ყველა ურჩი ბატონიშვილის და სამეფო ოჯახის წევრის, მათ შორის, დარეჯან დედოფლის (დარეჯან დადიანი, ერეკლე მეორეს ქვრივი) დარწმუნებას, მათთვის ამის დაჟინებულად მოთხოვნას და, თუ საჭიროა, მათ იძულებას, რუსეთში გადმოსახლდნენ. მე ამ ზომას მივიჩნევ უმთავრეს ღონისძიებად [ქართველი] ხალხის დასამშვიდებლად, მათი ჩანაფიქრებისა და მოქმედებების გათვალისწინებით, რადგან ისინი არ წყვეტენ შფოთვას მათი ბედნიერებისთვის დადგენილი ახალი წესრიგის მიღებისას“.

აღმოსავლეთ საქართველოში დამყარებული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული 1804 წლის მთიულეთის აჯანყება ერთ-ერთი პირველი მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლა იყო, რომლის მიზანს ქართული სამეფოსა და სახელმწიფოებრიობის აღდგენა წარმოადგენდა.