სიახლეები

ივლისი 20, 2026 ევროპელი ტურისტი საქართველოში რუს ტურისტზე 3-4-ჯერ მეტს ხარჯავს

ევროპელი ტურისტი საქართველოში რუს ტურისტზე 3-4-ჯერ მეტს ხარჯავს

2026 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში ტურისტული სეზონის დაწყება, გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობის კლებით აღინიშნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთსა და ე.წ ტრადიციული ბაზრების ქვეყნებში არსებული არასტაბილური გარემოა.

ტურისტული ვიზიტების კლების მაჩვენებელი- 2,7% ია, ზოგადი მოგზაურობის – 4,9%. შემოსავლები ტურიზმიდან 3,8%ით არის შემცირებული. ბოლო თვეების სტატისტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტაბილურ და მაღალბიუჯეტურ ბაზრებზე არჩევანი, რაც ევროპულ არჩევანს ნიშნავს, ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, იგივე სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპელი და დიდი ბრიტანელი ტურისტი, საშუალოდ, საქართველოში რუს ტურისტზე 3-4ჯერ მეტ ფულს ხარჯავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა და რეკორდულ 335.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 58.6 მლნ აშშ დოლარით მეტია (ზრდა 21.2%). მეორე კვარტალში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრიდან მიღებული შემოსავალი 21.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (12.1%) და რეკორდულ 194.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ამავე დროს, აპრილ-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,275,435 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,981 ვიზიტით ნაკლებია (კლება 2.7%). საერთაშორისო მოგზაურთა საერთო რაოდენობამ 1,749,668 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89,245-ით ნაკლებია (კლება 4.9%). მთლიანობაში, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.8%-ით ნაკლებია.

ოფიციალური მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ევროპული ბაზარი არა მხოლოდ უფრო სტაბილურია, არამედ უფრო მაღალშემოსავლიანიც. ამის ანალიზის შესაძლებლობას 2025 წლის მონაცემები გვაძლევს. 2025 წელს საქართველოში დაახლოებით 7.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში, ტურიზმის სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში დაახლოებით 10%-ია.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული „მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების“ სტატისტიკა სრულად არ ასახავს მხოლოდ კლასიკური ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს. საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ საქართველოში განხორციელებულ ყველა დანახარჯს, მათ შორის იმ პირთა ხარჯებსაც, რომლებიც ქვეყანაში შედარებით ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან.

საერთაშორისო ანალიტიკური შეფასებების მიხედვით, 2022-2023 წლებში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ზრდა ნაწილობრივ რუსეთიდან მიგრაციული ნაკადების ზრდითაც იყო განპირობებული და ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც, გარკვეულწილად, შენარჩუნდა. ამიტომ, თუ რეალური ტურიზმიდან მიღებულ ეკონომიკურ ეფექტზე ვსაუბრობთ, უფრო მიზანშეწონილია ერთ ვიზიტორზე გაწეული საშუალო დანახარჯის განხილვა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წელს ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორი საქართველოში საშუალოდ 1,457 აშშ დოლარს ხარჯავდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან და გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსული ვიზიტორის საშუალო დანახარჯი დაახლოებით 1,321 აშშ დოლარს შეადგენდა. იმავე პერიოდში რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორის საშუალო დანახარჯი მხოლოდ დაახლოებით 439 აშშ დოლარი იყო.

საინტერესოა ჩინური ტურიზმის შემთხვევაც. რაოდენობრივად ეს ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა — გასულ წელს ჩინეთიდან საქართველოში 127000-ზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა. თუმცა ერთ ვიზიტორზე საშუალო დანახარჯი დაახლოებით 660 აშშ დოლარს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირდება.

რუსეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტების შემთხვევაში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დახარჯული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი თავად ამ ქვეყნების ეკონომიკურ წრეში რჩება — შემომყვანი კომპანიები, გიდები, სასტუმროები, გასაქირავებელი აპარტამენტები და კვების ობიექტები ხშირად სწორედ მათი მოქალაქეების საკუთრებაშია. შედეგად, საქართველოს ეკონომიკაში შედარებით ნაკლები თანხა რჩება. ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ეს ტენდენცია კარგად ნაცნობი და თვალსაჩინოა.

კიდევ უფრო მეტი გამოწვევაა ჩინური ტურიზმის შემთხვევაში. მის მომსახურებას მნიშვნელოვანი რესურსი სჭირდება, თუმცა, როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, ჩინელი ტურისტების გადახდები ხშირად ჩინურ გადახდის სისტემებში — WeChat-სა და Alipay-ში — ხორციელდება, საქართველოს საბანკო სისტემას გვერდს უვლის და, შესაბამისად, საგადასახადო კონტროლის მიღმაც შეიძლება დარჩეს.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარება მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთი ტურისტული ბაზრების განვითარება, რომლებიც სტაბილურია, უფრო მაღალშემოსავლიანია, ქვეყანას მეტ ეკონომიკურ სარგებელს, მეტ სამუშაო ადგილსა და უფრო მაღალ დამატებით ღირებულებას მოუტანს, ამასთან, შედარებით ნაკლებ რისკს შექმნის ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტურისტული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტების მოზიდვა და არა მხოლოდ მასობრივ, მაგრამ დაბალშემოსავლიან ან ძველი ინერციით ჩამოყალიბებულ ბაზრებზე ორიენტირება.