1802 წლის 12 აპრილი შეიძლება მივიჩნიოთ რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დასაწყისად.
თბილისში, რუსული ჯარით გარშემორტყმულ სიონისტაძარში, ალექსანდრე I-ის მანიფესტის გამოცხადებისას, კახეთის თავადაზნაურობის ნაწილმა მანიფესტს — ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ — პროტესტით უპასუხა და რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი არ მიიღო.
რამდენიმე თვის შემდეგ, 1802 წლის ივლისში, ქიზიყში, ქელმენჩურის მიდამოებში, კახელი თავადაზნაურების — სვიმონ და დავით ქობულაშვილების, იოსებ და ივანე ჭავჭავაძეების, მარტყოფის მოურავი ივანე ანდრონიკაშვილის და სხვების — ინიციატივით დაწყებული რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრება რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ გამოსვლაში გადაიზარდა. ვითარება მწვავდება შეკრებილთა დასარბევად გამოგზავნილი რუსული შენაერთების გამოჩენის შემდეგ. პროტესტის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევენ დამშლელ რაზმებს და ახერხებენ კიდეც მათ მოგერიებას.
აღსანიშნავია, რომ ქელმენჩურის შეკრების მონაწილეთა მოთხოვნები და მიზნები არსებითად არ სცილდებოდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებს, რომლებსაც მეფედ იულონ ერეკლეს ძის დამტკიცების მოთხოვნა ემატებოდა. რუსეთის იმპერატორის სახელზე გაგზავნილი პეტიციის ხელმომწერები ბაგრატიონთა სამეფოს აღდგენას და რუსეთისგან მათ მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების დაცვას ითხოვდნენ. მალევე გამოჩნდა, რომ ამ დროს გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების დაცვა რუსეთისთვის ინტერესს აღარ წარმოადგენდა და მათ საქართველოს მიმართ გაცილებით უფრო ამბიციური გეგმები ჰქონდათ.
გამოსვლების დაწყების შემდეგ ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრები ხანგრძლივ მეტოქეობას წყვეტენ და იულონის გამეფებას უჭერენ მხარს.
ერეკლე II-ის შვილები და თავადაზნაურობის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აჯანყების მომზადებაზე იწყებენ მუშაობას. კახეთში დაბანაკებულ რუსულ ჯარზე რამდენიმე მიმართულებიდან ერთდროული შეტევა იგეგმება.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატარებული ზომების შედეგად, კახელებთან შეერთებას ვერ ახერხებენ იმხანად იმერეთში მყოფი ერეკლეს შვილები — იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები. გაურკვევლობის ფონზე, კახეთში შეჭრის გადაწყვეტილებას შეცვლის ერეკლეს კიდევ ერთი ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც ამ დროს ჭარ-ბელაქანშია გამაგრებული. აპატიმრებენ და იმპერატორის ერთგულებაზე ძალით აფიცებენ თავადაზნაურთა წარმომადგენლებს. მღელვარება მასშტაბურ ხასიათს იღებს, მაგრამ აჯანყებების ჩახშობაში ხელგაწაფული იმპერიული რეპრესიების მანქანა მიზანს მაინც აღწევს და წინააღმდეგობის მოძრაობის გეგმებს ჩაშლის.
1802 წლის საპროტესტო გამოსვლების უშედეგოდ დასრულების მიუხედავად, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ქართველი ერი არ აპირებდა წინაპართა თავგანწირვით საუკუნეების განმავლობაში შემონახული სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან უმოქმედოდ შეგუებას. ეს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხოლოდ დასაწყისი იყო.