BLOG

“The Great Migration” of the 21-st Century (Only in Georgian)

“The Great Migration” of the 21-st Century (Only in Georgian)

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად, მსოფლიო დევნილთა დიდი ტალღის ქვეშ მოექცა. აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში სიტუაცია განსაკუთრებით გამძაფრდა, როდესაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გაიცა და მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება მასიურად დაიწყო.

რუსეთის მოქალაქეების მასიური გადინების კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მეტად მოწყვლად ქვეყნებად ეს ქვეყნები იქცა. მხოლოდ საქართველოში, ყოველდღიურად ლარსის გამშვები პუნქტი 10 000-ობით რუსეთიდან შემოსულ დროებით თუ მუდმივ იმიგრანტს იღებდა, რაც ქვეყნისათვის გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური კუთხით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 260 810 რუსეთის მოქალაქე, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ კი, სექტემბრის მონაცემებით 69 000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში სრული მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსი მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის სტატისტიკას საჯაროდ არ აქვეყნებს აზერბაიჯანი და სომხეთი.

რუსი დროებითი თუ მუდმივი მიგრანტების შემოდინება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ერთი მხრივ, ქვეყნების უსაფრთხოების კუთხით, რადგან რუსეთის კოლონიური პოლიტიკა „ეთნიკური რუსების დაცვის“ საბაბით მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე სამხედრო ინტერვენციას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ, კარნეგის ფონდის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრების თანახმად, ნაციონალისტები შიშობენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მასიურმა შემოდინებამ შესაძლოა შეცვალოს ქვეყნების ეთნიკური შემადგენლობა. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთში უარყოფითი მიგრაციული სალდო ფიქსირდება.

მიგრაცია რეგიონებში

მიგრაცია რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დემოგრაფიული გამოწვევაა. რეგიონში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა, სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხის გაუარესება და ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ქვეყნების მოსახლეობას უბიძგებს, უკეთესი მომავლის შესაძლებლობა უცხო ქვეყნის საზღვრებში ეძიონ.

უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და სიდუხჭირე ის სამი ძირითადი მიზეზია, რომელიც მოსახლეობის მასიურ გადინებას უწყობს ხელს. ხაზგასასმელია, რომ რეგიონში არსებული არასტაბილურობა და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები გამოწვეულია როგორც რუსეთის პოლიტიკისა და ზეგავლენების, ასევე, 2020 წელს მომხდარი ყარაბაღის ომის შედეგად, რომელიც რეგიონში დღემდე ცხელ წერტილად რჩება.

სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების პარალელურად, მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიული უკუსვლა და ეკონომიკური სიდუხჭირე. Freedom House-ის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში თავისუფლების მაჩვენებელი სულ რაღაც სამ წელიწადში, 2019-2022 წლებში 64 ქულიდან 60 ქულამდე დაეცა. ამავე პერიოდში, მდგომარეობა გაუარესდა აზერბაიჯანშიც, სადაც თავისუფლების ხარისხის მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირებული 12 ქულიდან 2022 წელს 10 ქულამდე შემცირდა. საქართველოსა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდა სომხეთში, სადაც სამწლიან პერიოდში 10 ქულიანი მატება შეინიშნებოდა და ეს მაჩვენებელი 2019-2022 წლებში 45 ქულიდან 55 ქულამდე გაიზარდა.

მართალია, საქართველო რეგიონში ჯერ კიდევ მაღალი დემოკრატიის ქულით გამოირჩევა, თუმცა, ერთ დროს რეგიონში „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული ქვეყანა დღეს დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის.

2021 წლის Economist Intelligence Unit (EIU) დემოკრატიის ინდექსის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის ინდექსი 10 ქულიდან 5.12 ქულამდე შემცირდა და „ჰიბრიდული რეჟიმის“ მქონე 167 ქვეყანას შორის 91-ე ადგილი დაიკავა. იმ ხუთი ძირითადი მახასიათებლიდან, რომლისგანაც დემოკრატიის საშუალო ქულა შედგება, საქართველომ ყველაზე დაბალი – 3.57 ქულა მთავრობის ფუნქციონირების მიმართულებით მიიღო, 3.75 პოლიტიკური კულტურის, 5.29 სამოქალაქო თავისუფლების, 5.56 პოლიტიკური ჩართულობის, ხოლო 7.42 – საარჩევნო პროცესებისა და პლურალიზმის მიმართულებით.

საქართველოსთან ერთად, „ჰიბრიდული რეჟიმების“ მქონე ქვეყნების სიაში არის სომხეთი, რომელიც 89-ე ადგილს იკავებს და მისი ქულა 10-დან 5.49-ს უტოლდება.

საქართველოსა და სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი „ავტორიტარული რეჟიმის“ მქონე ქვეყნების ჯგუფშია და ის სიაში 141-ე ადგილს იკავებს. შესაბამისად, აზერბაიჯანის ქულა 2.68-ს უტოლდება.

დემოკრატიული უკუსვლის პარალელურად, რეგიონში შექმნილი ეკონომიკური სიდუხჭირე დამატებით ფაქტორს თამაშობს რეგიონიდან მოსახლეობის გადინების პროცესში. მაგალითად, საქართველოში 2022 წლის თებერვალში 11.3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა,  სომხეთში აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლის აგვისტოში 9.1% შეადგინა, აზერბაიჯანში კი 12.5% შეადგინა, ვკითხულობთ Business Media Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

უფრო მეტიც, 2020 წელს სომხეთში  20.21%-იანი უმუშევრობის დონე დაფიქსირდა, 2021 წელს – 20.9%,  2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 14.8%-ს გაუტოლდა. საინტერესოა, რომ აზერბაიჯანში 2020 წელს უმუშევრობის დონე 6.46%-ს უტოლდებოდა, 2021 წელს 6.58%, 2022 წელს კი  5.78% შეადგინა. საქართველოს შემთხვევაში, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი – 18.5%-ს უტოლდებოდა, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6%-ს მიაღწია, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში 2.5 პროცენტული ერთეულით შემცირდა და 19.4 პროცენტს გაუტოლდა.

უმუშევრობის მაღალი დონის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის რომ 2010-2020 წლებში ქართველი ემიგრანტების რიცხვი 7%-ით გაიზარდა და მოსახლეობის 23% შეადგინა. მხოლოდ 2020 წელს საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების რაოდენობა 79 264-ს, 2021 წელს კი  99 974-ს გაუტოლდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველოს მიგრაციული სალდო -2.520/1000 მოსახლეზე იყო.

წყარო საქსტატი

საქართველოს მსგავსად, 2021 წელს უარყოფითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა სომხეთშიც და ეს მაჩვენებელი -5.42 მიგრანტს/1000 მოსახლეზე უტოლდებოდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მონაცემებით, 74.451 ადამიანი, ანუ სომხეთის მოსახლეობის 2.4% სამუდამო მიგრანტი იყო, ხოლო 5.4% (დაახლოებით 170,058 ადამიანი) კი – დროებითი მიგრანტი. უფრო მეტიც, მონაცემები აჩვენებს, რომ 7 მილიონი ადამიანი სწორედ დიასპორას შეადგენს. შესაბამისად, გასაკვირი არცაა, რომ მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებით, სომხეთის ეკონომიკაში ფულადი გზავნილები მთლიანი მშპ-ს 14%-ს შეადგენს. 2020 წელს კი ფულადი გზავნილების ოდენობამ 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა და მშპ-ს 11.6%-ს გაუტოლდა. ამავე მონაცემების თანახმად, ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთიდან შემოედინებოდა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის მსგავსად ფულადი გზავნილები საქართველოს მშპ-შიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 2021 წელს გზავნილების მოცულობამ 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ს წარმოადგენს.  აზერბაიჯანის შემთხვევაში კი ფულადი გზავნილების მოცულობამ 2020 წელს მთლიანი მშპ-ს 3.29% იყო.

მოკლედ რომ შევაჯამოთ… საქართველოს შემთხვევაში, მხოლოდ 2022 წლის პირველ ოთხ თვეში, ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით 8 075-მა მოქალაქემ შეიტანა განცხადება. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2 855-სუტოლდებოდა. რაც ნიშნავს იმას, რომ 2022 წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 183%-ით გაიზარდა.

მართალია, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რაოდენობა რამდენიმე ათასის ტოლია, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნიდან გადინებული მოსახლეობის სრულად აღრიცხვა ვერ ხერხდება. მაგალითად, 2021 წელს ემიგრანტების რიცხვი 2020 წელთან შედარებით 34.6%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო 2021 წელს 99 974-მა ადამიანმა დატოვა. 2022 წლისთვის კი საქართველოს მოსახლეობამ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით დაიკლო და 3 688 600 შეადგინა.

აზერბაიჯანის შემთხვევაში, Prague Process-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს რეგიონული ფენომენია, რადგან პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი ყველაზე მაღალი მიგრაციული მაჩვენებლით გამოირჩეოდა და ის მთლიანი ქვეყნის მოსახლეობის 20%-ს უტოლდებდა. თუმცა, 2010 წლიდან აღნიშნულმა ტენდენციამ კლება დაიწყო და 2020 წლისთვის 10.6%-მდე შემცირდა. UN-ის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მიგრანტებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყნებია რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. ჯამში, ეს სამი ქვეყანა მილიონამდე აზერბაიჯანელის თავშესაფარად იქცა.

სომხეთში კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მიგრაციის მაჩვენებელი ფიქსირდება, რომლის თანახმად მოსახლეობის 1/3 ემიგრანტია. დაახლოებით 7 მილიონი სომხეთის მოქალაქე დღეს რუსეთში, აშშ-სა და კანადაში ცხოვრობს, მათ შორის არის რამდენიმე ევროკავშირის წევრი ქვეყანაც.

საქართველოს მსგავსად, ოფიციალურ რიცხვებს მიღმა არალეგალურად მიგრაციაში წასული მოსახლეობის რაოდენობაზე მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ. თუმცა, არსებულ, ხელშესახებ მაჩვენებლებზე დაყრდნობითაც კი თვალნათელია, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე, დემოკრატიული უკუსვლა და რეგიონში მუდმივად მზარდი უსაფრთხოების რისკები მოსახლეობას უბიძგებს, უკეთესი მომავლის შესაძლებლობა სხვა ქვეყნის საზღვრებში ეძიოს.

 

ავტორები: ია შაოშვილი, ნინო თურქია

 

ბლოგი მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შეხედულებებს.