კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ

გაზიარება:

ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი 

ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი აჩვენებს საქართველოს ეკონომიკურ „დამოკიდებულებას“ მსოფლიოს ქვეყნების ჯგუფებზე, მათი დემოკრატიულობის მაჩვენებლის შესაბამისად. 

ეკონომიკური დამოკიდებულება იზომება ცალკეულ ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციის მაჩვენებლების მიხედვით. მის გასაზომად გამოყენებულია ინდიკატორები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები;  საქონლის ექსპორტი; საქონლის იმპორტი; საგარეო ვალი; ქვეყანაში შემომავალი ფულადი გზავნილები.  

ქვეყნები დაჯგუფებულია The Economist Intelligence Unit-ის „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით –  „ავტორიტარული“, „ჰიბრიდული რეჟიმი“, „არასრული დემოკრატია“ და „სრული დემოკრატია“.  

EIU – Democracy Report 2022: Frontline democracy and the battle for Ukraine

ინდექსი საზოგადოებას აძლევს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გეზის უკეთ აღქმისა და გააზრების საშუალებას. არის მექანიზმი პოლიტიკის შემმუშავებლების ინფორმიებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიაში დაინტერესებული მხარეების ჩასართავად. 

ინდექსი შემუშავებულია ინოვაციური მეთოდოლოგიით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ, USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.  

მეთოდოლოგია 

ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის მეთოდოლოგიის განსაზღვრისა და ინდიკატორების/კომპონენტების შერჩევისას ვიხელმძღვანელეთ შემდეგი გარემოებებით: 

  • სიმარტივე და სანდოობა 
  • მონაცემებზე ხელმისაწვდომობა  
  • სამომავლოდ ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა  
  • მოდელირების და დაშვებების მინიმიზება  
  • სხვა ქვეყნებთან შედარების საშუალება  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეირჩა შემდეგი ინდიკატორები/კომპონენტები:  

  1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 
  2. საქონლის ექსპორტი 
  3. საქონლის იმპორტი 
  4. საგარეო ვალი 
  5. შემომავალი ფულადი გზავნილები 

ქვეყანათა ჯგუფების შედგენისას მთავარ საფუძლად გამოყენებული იქნა ჟურნალ The Economist-ის დემოკრატიის ინდექსი. 

ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის დაანგარიშებისას, დემოკრატიული, არასრული/ნაწილობრივ დემოკრატიული, ჰიბრიდული და ავტორიტარული ქვეყნების წილები დაჯამებულია თითოეული კომპონენტისთვის, რაც წარმოადგენს მთლიანი კომპონენტის პროცენტულ მონაცემს. თითოეულ კომპონენტს აქვს თანაბარი 20 პროცენტიანი წონა. საბოლოო ინდექსი წარმოადგენს ყველა კომპონენტის ჯამურ წილს თითოეული ქვეყნის ჯგუფისთვის.  

ინდექსი ეყრდნობა ღია სტატისტიკურ ინფორმაციას, რომლის მთავარი წყაროა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და საქართველოს ეროვნული ბანკი. 

ამ ეტაპისთვის ინდექსი დაანგარიშებულია 2007-2021 წლების სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე და ექვემდებარება მუდმივ განახლებას. 2006 წელს საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის დასრულდა საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეთანხმება, რითაც ხელი შეეწყო საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციას დემოკრატიულ მსოფლიოსთან. შესაბამისად, მონაცემები ინდექსის შემუშავებისას აღებულია 2007 წლიდან. ამას გარდა, აღნიშნული პერიოდიდან ამაღლებულია სტატისტიკური მონაცემების სანდოობაც. ინდექსის მონაცემები მუდმივად განახლებადია. 

ის ასევე იძლევა შესაძლებლობას ქვეყანათა ჯგუფებზე დამოკიდებულება შეფასდეს ყველა დასახელებული ეკონომიკური ინდიკატორის მიხედვით დამოუკიდებლად.

მეთოდოლოგიის ბროშურის ჩამოტვირთვა