დასაქმების და უმუშევრობის ტენდენციები საქართველოში
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად ეკონომისტები სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს განიხილავენ. გარდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დონისა, ერთ-ერთი სტატისტიკური მონაცემი, რაც ეკონომისტთა და, ასევე, საზოგადოების ყურადღებას იქცევს, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელია. უმუშევრობა ქვეყნის მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება და ეკონომიკურ,ფსიქოლოგიურ და სოციალურ დანაკარგს იწვევს.
უმუშევრობა საქართველოში
1998 წლის შემდეგ, უმუშევრობის დონე საქართველოში გაიზარდა – 12.4%-დან 16.3%-მდე 2010 წლის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის კვლევითი მეთოდოლოგიის მიხედვით, „15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში.“ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უმუშევრობის დონე კიდევ უფრო საგანგაშოა. მეტიც, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 16,161 გამოკითხულიდან 67% რესპონდენტი თავს უმუშევრად თვლის. რასაკვირველია, ეს ციფრი არააქტიურ მუშახელსაც მოიცავს და ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც სამუშაოს არ ეძებენ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო დასაქმების მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისათვის. 2011 წლის სექტემბერში გამოვლენილი შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 62%-ს „სამუშაო“ ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად მიაჩნია, ხოლო 72%-ს ნომერ პირველ ადგილობრივ პრობლემად.
უმუშევრობაზე საუბრისას, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ეკონომისტები ყურადღებას აქცევენ, შრომისუნარიან უმუშევართა განათლების დონეა. 2010 წლის ადამიანური განვითარების ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა სამუშაო ძალის განათლების დონის მიხედვით. უმუშევართა 81%-ს საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ეს ნიშნავს იმას, რომ განათლებული სამუშაო ძალა გამოუყენებელია და მას ქვეყნის ეკონომიკაში წვლილი ვერ შეაქვს. ამავე დროს, მსოფლიო კონკურენტულობის ანგარიშის მიხედვით (2011-2012 წლები), ქვეყანაში ბიზნესის კეთების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალაა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უმეტესობა ეგრეთ წოდებულ „სტრუქტურულ უმუშევრობას“ განიცდის. ამ ტიპის უმუშევრობა გრძელვადიანი უმუშევრობაა, რაც ძირითადად გამოწვეულია მუშახელის უნარ–ჩვევების შეუსაბამობით ბაზარზე არსებულ სამუშაოსთან. როგორც პოპულარული გამოცემა „ეკონომისტი“ აღნიშნავს, არსებობს დიდი „შეუსაბამობა“ დამსაქმებლების საჭიროებებსა და იმ უნარ–ჩვევებს შორის, რომლებსაც პოტენციური მუშახელი სთავაზობს.
კიდევ ერთი უმუშევრობის ტიპი, რომელიც საინტერესოდ მიგვაჩნია საქართველოს რეალობაში, ციკლური უმუშევრობაა. ამ ტიპის უმუშევრობა მოკლევადიანია და ეკონომიკური რეცესიის დროს ჩნდება, როდესაც ეკონომიკური პროდუქცია მცირდება და წარმოების ციკლზე ბაზარზე მოთხოვნის კლება მოქმედებს. უმუშევრობის ტიპის განსაზღვრისას უმუშევრობის მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას დავუკავშირეთ. ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს მთელი ინვესტიციების უდიდეს ნაწილს შეადგენს, ვინაიდან ადგილობრივი დანაზოგები არ არის საკმარისი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში დასაქმებაზე არ მოქმედებს იმ მაქსიმალური მასშტაბით, რა მასშტაბითაც შეუძლია, იმოქმედოს. მიგვაჩნია, რომ ამის მიზეზი ისევ და ისევ სტრუქტურული უმუშევრობაა. ამით შეიძლება, ასევე, აიხსნას ისიც, რომ 2007 წელს, ანუ მშპ-ის ზრდის ყველაზე მაღალი, 12%-იანი მაჩვენებლის პირობებში, უმუშევრობის დონე მაინც საკმაოდ მაღალი იყო – 13.3%.
დასაქმებულები საქართველოში
საქართველოში, დასაქმებულებად რეგისტრირებულთა უმეტესობა თვითდასაქმებულია. ეს კატეგორია ძირითადად კონცენტრირებულია სოფლის მეურნეობაში, ხოლო ამ სექტორში პროდუქტიულობის დონე საკმაოდ დაბალია. როგორც პირველად წარმოებაში, ასევე კვების პროდუქტების გადამუშავებაში, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9%-ს შეადგენს. საკამათო ნამდვილად არ არის ის, რომ მშპ–ში იმ სექტორის წილი, რომელშიც დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 50%–ია ჩართული, 9%–ზე მეტი უნდა იყოს. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს ის, რომ სოფლად უმუშევრობის დონე 7.9%–ს შეადგენს (2010 წლის მონაცემებით), მაშინ როდესაც ქალაქებში უმუშევრობა 27.2%–ს აღწევს. გარდა ამისა, სოფლად მთლიანად დასაქმებულთა 80% თვითდასაქმებულია, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი სოფლის მეურნებოს სექტორში არიან ჩართულნი.
სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ერთადერთი კატეგორია, რომელიც სტაბილურ ზრდას აჩვენებს, თვითდასაქმებულთა კატეგორიაა, ხოლო „დაქირავებით“ მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. თვითდასაქმებული მოსახლეობა ძირითადად რეგიონებშია კონცენტრირებული. ამის მიზეზი სასოფლო-სამეურნეო მიწებია. ამაში შედიან ის ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით ამუშავებენ თავიანთი ოჯახის მიწას. ამის შედეგია ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც უმუშევრობის დონე რეგიონებში გაცილებით დაბალია, ვიდრე თბილისში. რატომ? იმიტომ, რომ პოტენციური სამუშაო ძალა ვერ ჩაითვლება სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულად. ამიტომ, თბილისში უმუშევრობის დონე მაღალია – 30.1%.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი დასაქმებულთა შემოსავალია. მნიშვნელოვანი არა მხოლოდ დასაქმებული ადამიანების დათვლაა, არამედ იმ ადამიანებისა, რომელთა ხელფასიც საშუალო მინიმუმზე დაბალია. დასაქმებულთა 17.4%-ი დღეში 1.25 აშშ დოლარზე ნაკლებ თანხაზე ცხოვრობს. განვითარებულ ქვეყნებში შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი ნულის ტოლია, ხოლო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ისევე, როგორც სხვა განვითარებად და ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში, ეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ზოგ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი უფრო დაბალია, თუმცა ეს პრობლემას ვერ ჭრის.
ფორმალური დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა სერიოზული შეზღუდვაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. აქცენტები უნდა გაკეთდეს როგორც სამუშაო ადგილების წყაროზე, ასევე უმუშევრობის ნეგატიური ზემოქმედების შემცირებაზე ქვეყანაში. მეწარმეობა, როგორც დასაქმების წყარო, ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ–ერთი ძალაა, ამიტომ ბიზნესის კეთებისთის ხელსაყრელი პირობების შექმნა ეფექტრიანი გზაა დასაქმების დონის ასამაღლებლად. მსოფლიო კონკურენტულობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორებია: ფინანსების ხელმისაწვდომობა, ინფლაცია და არაადექვატური განათლების მქონე მუშახელი. ამიტომ საქართველოს მთავრობამ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა უნდა სცადონ ამ შეზღუდვების აღმოფხვრა, რათა მეწარმეობა სწრაფად განვითარდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს განათლების სფეროზე. საჭიროა ისეთი შემდგომი რეფორმების გატარება განათლების სექტორში, როგორებიცაა განათლების სტანდარტების მოდერნიზაცია, დაწყებითი და საშუალო განათლების საყოველთაო უზრუნველყოფა, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევა მათი თანამშრომლების გადამზადებაში, რათა ისინი ახლანდელი ბაზრის მოთხოვნებს უკეთ შეესაბამებოდნენ და სხვა.