ბლოგი

1948 წელი – სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი მიშელ მუსხელი (მუსხელიშვილი) პროფესორ გასტონ სტეფანისთან (Gaston Stefani) ერთად გაერთიანებული ევროპის კონსტიტუციის პროექტს აქვეყნებს.

1948 წელი – სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი მიშელ მუსხელი (მუსხელიშვილი) პროფესორ გასტონ სტეფანისთან (Gaston Stefani) ერთად გაერთიანებული ევროპის კონსტიტუციის პროექტს აქვეყნებს.

მიშელ მუსხელი და ევროკავშირის იდეა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპულ უნივერსიტეტებსა და აკადემიურ წრეებში გაძლიერდა ევროპის გაერთიანების მსურველთა აქტივიზმი. ორი მსოფლიო ომის დამანგრეველმა შედეგებმა მოამწიფა კონსენსუსი ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის აუცილებლობის თაობაზე, რაც კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების წინაპირობა იქნებოდა.

ამ მხრივ, ფრანგულ აკადემიურ სივრცეში ერთ-ერთი მთავარი ხმა იყო მიშელ მუსხელი. მან შექმნა „ფედერალისტთა უნივერსიტეტთაშორისი გაერთიანება“ (Interuniversity Federalist Union). მსგავსი ორგანიზაციები შეიქმნა იტალიაში (Movimento Federalista Europeo), გერმანიაში (Europa-Union Deutschland) და ევროპის სხვა ქვეყნებში. მიშელ მუსხელმა, პროფესორ გასტონ სტეფანისთან (Gaston Stefani) ერთად, 1948 წელს დაწერა გაერთიანებული ევროპის კონსტიტუციის პროექტი. ამ მოძრაობაში ის ევროკავშირის ისეთ დამფუძნებლებთან ერთად იდგა, როგორებიც ალტიერო სპინელი (Altiero Spinelli) და ალექსანდრ მარკი (Alexandre Marc) იყვნენ. მუსხელის მიერ 1949 წელს გამოქვეყნებულმა სტატიამ „ევროპა ფედერალიზმის წინაშე“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული ინტეგრაციისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომებს შორის დაიმკვიდრა ადგილი.

სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტში საბჭოთა კავშირისა  და აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრის დამაარსებელი მიშელ მუსხელი (მიხეილ მუსხელიშვილი) 1903 წელს, თბილისში დაიბადა. 1921 წელს საქართველოს  რუსეთის მიერ ოკუპაციას ის ევროპაში სასწავლებლად წასული შეხვდა და სამშობლოში ვეღარ დაბრუნა.