საქართველოს ევროპული არჩევანი
1920 წლის 14 იანვარს თბილისში მოიწვიეს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) საგანგებო სხდომა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. სხდომა საკუთარი სიტყვით გახსნა მთავრობის თავმჯდომარემ (სახელმწიფოს მეთაურმა), ნოე ჟორდანიამ.
რამდენიმე ამონარიდი მისი გამოსვლიდან:
„მოქალაქენო!
ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ თქვენ, მოულოცო საქართველოს ხალხს საერთაშორისო ოჯახში გაშლილი დროშით შესვლა და იქ ევროპის ხალხთა გვერდით საკუთარი ადგილის დაჭერა. ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის.
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალღონეს…
ასეთია, ბატონებო, ახალი საქართველო. და ის წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებად. წარვსდექით არა მოწყალებისათვის, არამედ უფლებისათვის. (ხანგრძლივი ტაში) და მათ გვკითხეს − რა მოგაქვთ? ჩვენ ვუპასუხეთ: მოგვაქვს ორიათასი წლის კულტურა, ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა, მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება, დემოკრატიული შემოქმედება და მოვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის გზის ყურეში…
აქ არის დიდი ბრიტანია − სამშობლო კულტურის, დიდი წარმოების და თავისუფალი მმართველობისა. აქ არის საფრანგეთი − სამშობლო დიდი რევოლუციისა და პირველი მოციქული ადამიანის უფლებებისა. აქ არის შეერთებული შტატები − სამშობლო დიადი დემოკრატიისა და პოლიტიკური შემოქმედებისა. აქ არის მშვენიერი იტალია – ეს ცოცხალი ხიდი ძველი და ახალი ცივილიზაციისა, ისეთი ცხელი მზით და მკვირცხლი ხალხით, როგორც ჩვენი მზე და ჩვენი ხალხია. აი, ამათ ჩვენი გაწვდილი ხელი მეგობრულად ჩამოგვართვეს და ახლად შობილი სახელმწიფოს მიმრქმელის როლი იტვირთეს.
ბატონებო! გვაქვს საფუძველი სიამაყისა! მოხდა იშვიათი ამბავი, მთელმა ევროპამ, განურჩევლად პარტიისა და კლასისა, ერთხმად გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება; და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით − გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი.
თქვენ იცით, რომ ჩვენ საომარი კავშირი შემოგვთავაზა საბჭოთა რუსეთმა − ჩვენ გადაჭრით უარი ვუთხარით.
რას ნიშნავს ეს კავშირი? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ აქვთ ეს კავშირი გაწყვეტილი და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისაკენ, სადაც ისინი ახალ მოკავშირეებს ეძებენ.
დასავლეთი თუ აღმოსავლეთი − აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს. და თუ ბოლშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე.
როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ: ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ.
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას!”