სიახლეები

მაისი 20, 2024 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას „ქართველი ხალხის პეტიცია“ წარედგინა, რომელშიც ავტორები საქართველოსთვის სრული პოლიტიკური ავტონომიის მიღებას მოითხოვდნენ

1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას „ქართველი ხალხის პეტიცია“ წარედგინა, რომელშიც ავტორები საქართველოსთვის სრული პოლიტიკური ავტონომიის მიღებას მოითხოვდნენ

ქართველი ხალხის პეტიცია ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას

პეტიცია  საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სადამსჯელო ჯარების გაყვანას და საქართველოსთვის სრული პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას მოითხოვდა.

1907 წელს ჰააგაში ევროპის სახელმწიფოთა კონფერენცია გაიმართა, რომელიც  1815 წლის ვენის კონგრესის შემდეგ ყველაზე დიდი საერთაშორისო ფორუმი იყო. კონფერენციაზე უნდა ემსჯელათ შეიარაღების რეგულირების სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე და საერთაშორისო სამართლის ახალი ნორმების დამკვიდრებაზე.

კონფერენციაზე წარსადგენად ქართველმა ანარქისტმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ოლივერ უორდროპმა და ბრიუსელის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორმა ერნესტ ნისმა შეადგინეს „ქართველი ხალხის პეტიცია“. პეტიციაზე ხელმოწერები საიდუმლოდ გროვდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით. საქმის გამჟღავნების შემთხვევაში ხელმომწერებს სასიცოცხლო საფრთხე ემუქრებოდათ. თუმცა, სამი ათასამდე ადამიანმა ისე მოაწერა პეტიციას ხელი, რომ პროცესს რუსეთის ხელისუფლების ყურამდე არ მიუღწევია. მასზე ხელს აწერდნენ მასწავლებლები, მეცნიერები, მუშები, მღვდლები, თავადაზნაურობა, გლეხები. აღსანიშნავია, რომ ხელმომწერთა შორის არიან არამხოლოდ ეთნიკური ქართველები, არამედ  სხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე საქართველოს მოქალაქეებიც.

პეტიცია მოითხოვდა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სადამსჯელო ჯარების გაყვანას და რუსეთის მიერ დარღვეული 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე საქართველოსთვის სრული პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას.

ოლივერ უორდროპის დახმარებით, დარბაზში შესულ დელეგატებს მაგიდაზე დალაგებული დახვდათ პეტიციის ტექსტი. როგორც ვარლამ ჩერქეზიშვილი აღნიშნავდა, „ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა.“