სიახლეები

აპრილი 8, 2024 1904 წელი − ჟენევაში დაარსდა ისტორიაში პირველი ქართული პოლიტიკური პარტია: „საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია“

1904 წელი − ჟენევაში დაარსდა ისტორიაში პირველი ქართული პოლიტიკური პარტია: „საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია“

საქართველო და ევროპის ფედერაცია

1904 წელს ჟენევაში დაარსდა ისტორიაში პირველი ქართული პოლიტიკური პარტია − „საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია.“ პარტია მხარს უჭერდა ევროპული ფედერაციის დაფუძნებას და  საქართველოს ადგილსაც იქ ხედავდა. ფედერალიზმი, პარტიის პროგრამაში, დანახული იყო, როგორც ეროვნებათა მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმა. მისი დამფუძნებელი და ლიდერი, არჩილ ჯორჯაძე 1908 წელს წერდა: „ევროპაში თითქოს მზადდება ნიადაგი ევროპის ფედერაციის დამყარებისათვის, ევროპულ ინტერნაციონალის განვითარებისათვის, თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს ეროვნულ ერთეულთა გაუქმებას, არამედ მათს დაკავშირებას.“ ჯორჯაძე მშვიდობის დამყარებას დიდი ევროპული ფედერაციის შექმნას უკავშირებდა და აქ ეძებდა საქართველოს ადგილსაც, მაგრამ თვლიდა, რომ საქართველოსა და ევროპას შორის რუსეთი იდგა, რომელიც მზად არ იყო ევროპული ფედერაციისთვის და გამოსავლად რევოლუციას მიიჩნევდა.

მეფის რუსეთში არსებული ცენზურის პირობებში ამ იდეებზე ხმამაღლა საუბარი შეუძლებელი იყო. ამიტომ, მათ გასავრცელებლად და ევროპელი თანამოაზრეების შემოსაკრებად არჩილ ჯორჯაძე და პარტიის თანადამფუძნებელი გიორგი დეკანოზიშვილი სამუშაოდ პარიზში გადავიდნენ. ისინი 1903-1905 წლებში გამოსცემდნენ გაზეთ „საქართველოს“ და ფრანგულენოვან La Géorgie-ს. აქედან, „საქართველო“ არალეგალურად შემოჰქონდათ საქართველოში და ავრცელებდნენ, ხოლო “La Géorgie” ევროპაში საზოგადოებრივი აზრის ამაღლებას და მხარდამჭერთა მოზიდვას ისახავდა მიზნად. მასში საქართველოს მხარდამჭერ წერილებს აქვეყნებდნენ ფრანგი პარლამენტარი ანტიდ ბუაიე (Antide Boyer), დანიელი მწერალი გეორგ ბრანდესი (Georg Brandes), ფრანგული ანარქიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა და ცნობილი გეოგრაფი ელიზე რეკლიუ (Élisée Reclus) და სხვები.

1905 წელს ფედერალისტებმა ჰოლანდიაში შეიძინეს გემი „სირიუსი“, დატვირთეს იარაღით, გემის კაპიტნად დანიშნეს ჰოლანდიელი ანარქისტი ქრისტიან კორნელისენი (Christian Cornelissen) და აჯანყების მოსაწყობად საქართველოში გამოგზავნეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1919 წელს გამართულ დამფუძნებელი კრების (Constituent Assembly) საყოველთაო არჩევნებში სოციალისტ-ფედერალისტური პარტია მეორე ადგილზე გავიდა. 1918-1919 წლებში განათლების მინისტრის პოსტი ეკავა პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს გიორგი ლასხიშვილს.