სიახლეები

ნოემბერი 4, 2021 ზუსტად 19 წლის წინ, ახალგაზრდა პროფესიონალებმა “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” დააარსეს

ზუსტად 19 წლის წინ, ახალგაზრდა პროფესიონალებმა “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” დააარსეს

ზუსტად 19 წლის წინ, ახალგაზრდა პროფესიონალებმა “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” დააარსეს – ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების, ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტებისა და ინოვაციური კვლევითი მიდგომების განვითარების ხელშეწყობას.

EPRC დღეს აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიული ღირებულებების, სწორი ეკონომიკური ინიციატივების გავრცელებისთვის და ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია ქვეყნის სწორი არჩევანის ფორმირებისა და დასავლურ ცივილიზაციასთან მიახლოების პროცესში – მეტი კეთილდღეობისთვის, მეტი სამართლიანობისთვის, მეტი თავისუფლებისთვის.

დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში EPRC იქცა საერთაშორისო დონის მოაზროვნეების, ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპერტების, დემოკრატიის დამცველი აქტივისტებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოსთან მაკავშირებელ მედიუმად; იდეებისა და გამოცდილებების გაზიარების პლატფორმად, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიო დონის ექსპერტებს საქართველოში უყრის თავს.

დღეს EPRC წარმოადგენს ობიექტურ, საიმედო და არაპარტიულ წყაროს ეკონომიკურ, ფინანსურ, უსაფრთხოების და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ პროექტებზე. ორგანიზაციის სამუშაო არეალი ცდება საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებს და მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც.

ბოლო წლებში EPRC-ის გუნდის მიერ განხორციელებული ინიციატივებიდან არაერთი პროექტია ცნობილი – იქნება ეს სტენფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი ლიდერთა განვითარების აკადემია LAD (Leadership for Development Academy), რომელიც უკვე 120-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს; ყოველწლიური „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“, რომელიც, პანდემიის დასრულებისთანავე, იმედია, კიდევ ერთხელ, უკვე მეექვსედ შეკრიბავს თბილისში მსოფლიო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილ ლიდერებსა და ანალიტიკოსებს;

პანდემიის პერიოდში EPRC ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების ცნობილ ექსპერტთა პლატფორმების ფარგლებში ცდილობდა ხელისუფლებას პანდემიის შედეგების დაძლევაში დახმარებოდა და კვალიფიციური რეკომენდაციები შეეთავაზებინა; მუშაობდა ქალ მეწარმეთა მიერ მიღებული ეკონომიკური დარტყმის შემსუბუქებაზე, აგრძელებს პროექტის ,,ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – GEclose2EU“ განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც ქართული ბიზნესის ევროკავშირის ბაზართან დაახლოებას ცდილობს და ა.შ.

EPRC-ის მიერ დაფუძნებული Fukuyama Democracy Frontline Center კი, სხვა მნიშვნელოვან საქმიანობასთან ერთად, აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, რომლის ფარგლებშიც გამოიცემა და უფასოდ ვრცელდება ამერიკული ჟურნალის „The American Interest“ ქართული ვერსია, ფრენსის ფუკუიამას, ჯონ მაკკეინის, ლარი დაიმონდის და სხვა ავტორების წიგნები ქართულ ენაზე.

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” აგრძელებს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი, სწორი ეკონომიკური ინიციატივების შემუშავებისთვის ეფექტური რეკომენდაციების გაწევას და მომავალში არაერთ საინტერესო პროექტსა თუ გამოცემას შემოგთავაზებთ!