29 აპრილს, 11:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის “ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის“ ფარგლებში ორგანიზებულმა სასწავლო ბანაკმა „ფაბრიკაში“ მონაწილეების პირველ ნაკადს უმასპინძლა. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC ) ფინანსური მხარდაჭერით.
სასწავლო ბანაკის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ დანიელ მევლი, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, და ირინა გურული, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე.
პროექტის ფარგლებში, 29-30 აპრილსა და 1 მაისს საქართველოში ორგანიზებულ სამდღიან სასაწავლო ბანაკში მონაწილეობას იღებს არასამთავრობო სექტორის 16 წარმომადგენელი აზერბაიჯანდიდან და საქართველოდან.
სასწავლო ბანაკის ფარგლებში, მონაწილეები დაესწრებიან სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს, ისინი გაეცნობიან მონაცემებთან მუშაობის, მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდებს, განივითარებენ აუდიტორიისთვის კვლევის შედეგების მარტივად მიწოდებისა და ეფექტური ციფრული კომუნიკაციების უნარებს.
სამდღიანი სასაწავლო ბანაკის დასრულების შემდეგ, ქართულ-აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აზერბაიჯანიდან პროექტში მონაწილე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უმასპინძლებენ.
„ჩვენ ვთვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა განვითარების პროექტების განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს რეგიონში უთანასწორობის შემცირებას, ადამიანთა საჭიროებებზეა მორგებული და პასუხობს 2030 წლის დღის წესრიგის მთავარ ამოცანას – არავინ დარჩეს პროცესის მიღმა. ACTION პროექტის მხარდაჭერით ჩვენ მონაწილეებს ვაძლევთ საშუალებას გააქტიურონ ქართულ-აზერბაიჯანული არასამთავრობო ქსელი რეგიონის მშვიდობიანი, მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისათვის“, – აღნიშნა დანიელ მევლიმ.
„ჩვენ ძალიან გვახარებს საქართველოს და აზერბაიჯანის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ პროექტის მიმართ გამოხატული დიდი ინტერესი. პროექტის მიზანია, რეგიონში შევქმნათ ძლიერი ქართულ-აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი და იმედი გვაქვს, შექმნილი თანამშრომლობის პლატფორმა მრავალი ერთობლივი პროექტისა და რეგიონული განვითარების საფუძველი გახდება“, – აღნიშნა ირინა გურულმა.
პროექტის „ACTION” მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიც არის მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა ვიზუალიზაცია, აუდიტორიისთვის კვლევის შედეგების მარტივ ენაზე მიწოდება და ეფექტური ციფრული კომუნიკაციები. პროექტი დაეხმარება რეგიონის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გრძელვადიანი თანამშრომლობის ქართულ-აზერბაიჯანული პლატფორმის შექმნაში.