article-img

დამშვიდდი, ევროპა

დალიბორ როჰაჩი

ამჟამად ევროკავშირზე საუბრისას ხშირად შემდეგი პესიმისტური პროგნოზი გვესმის: ლტოლვილთა კრიზისის, ბრექსიტის, უნგრეთისა და პოლონეთის მზარდი ავტორიტარიზმის და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული გართულებების შემდეგ ევროკავშირის ერთიანობის მოშლა დროის საკითხია.

ჯერჯერობით ეს პესიმისტური წინასწარმეტყველებები არ გამართლებულა. გაერთიანებულ სამეფოსთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებამ, აღმოსავლეთ ევროპელების დაშოშმინებამ და ვაქცინაციის ტემპის ზრდამ ევროსკეპტიკოსთა პროგნოზების ასრულება განუსაზღვრელი დროით გადადო.

დადებითმა დინამიკამ ბრიუსელის თვითკმაყოფილებით გამორჩეულ პოლიტიკურ წრეებს შვებით ამოსუნთქვასთან ერთად ევროკავშირის ისტორიული ოპტიმიზმის კულტურაზე საუბრის შესაძლებლობა დაუბრუნა.

„ევროპის მომავლის კონვენციიდან“, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები კონსტიტუციური დოკუმენტები უნდა შეექმნა (რაც ვერ მოხდა) ორი ათწლეული გავიდა. ევროკავშირის ფუნქციონირების „დემოკრატიზაციის“ კიდევ ერთი მცდელობიდან, შპიტზენკანდიდატენ-ის სისტემის შექმნიდან შვიდი წელია გასული. ამ სისტემას ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევის პროცესში მეტი გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება უნდა შეეტანა, თუმცა მისი მოქმედება 2019 წლის არჩევნების შემდეგ შეჩერდა. ბოლოდროინდელმა დადებითმა დინამიკამ ამ პროცესების ინიციატორებს ახალი სტიმული შესძინა. ევროკომისიამ, ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა „ევროპის მომავლის კონფერენციის“ ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადეს.

კონფერენცია, რომლის ძირითადი ნაწილი დისტანციურად იმართება, 2022 წლის გაზაფხულამდე უნდა გაგრძელდეს. მისი მიზანი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის პრიორიტეტებსა და რეფორმებზე აზრის გამოთქმის შესაძლებლობის მიცემაა. პროექტის სამივე ინიციატორი ევროპელებს მათი იდეებისა და შემოთავაზებების „სწრაფად და ეფექტურად განხილვას“ პირდება „პოლიტიკოს“ ევროპელი რეპორტიორის, პოლ ტეილორის, აზრით ეს „პოსტ-პანდემიური ევროპის დღის წესრიგის ჩამოყალიბებისა და ინტეგრაციის პროცესის გადატვირთვის უნიკალური შესაძლებლობაა“. ტეილორი მიიჩნევს, რომ თუ ევროპას გაუმართლა, ის „ევროკომისიის არჩეულ პრეზიდენტს, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მინიმალურ გარანტირებულ შემოსავალს, სამედიცინო ეკიპირებისა და პრეპარატების საგანგებო მარაგს და კორპორაციული დაბეგვრის ევროკავშირისთვის ყველა ქვეყნისთვის საერთო მაჩვენებელს მიიღებს“. ეს ჩამონათვალი ტეილორის სიის მხოლოდ ნაწილია.

„ევროპული პროექტის წინსვლით“ აკვიატება ევროკავშირს ეკონომიკური ინტეგრაციის სხვა რეგიონული პროექტებისგან (მერკოსური, ასეანი, აფრიკული კავშირი) გამოარჩევს, მაგრამ დაპირებებისა და დასახული ამოცანების ნაწილობრივი შესრულება მისი ინსტიტუტებისადმი ნდობას და მათ რეპუტაციას აზიანებს.

მესიანური სწრაფვა

წარსულში ევროკავშირის ინსტიტუტებმა ბევრი ისეთი ამოცანა დაისახეს, რომელთა შესასრულებლად შესაბამისი საშუალებები არ გააჩნდათ. ასეთი მაგალითი იყო ერთიანი ევროპული ვალუტის შემოღება მოქნილი სამუშაო ბაზრების, ფისკალური ტრანსფერების და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ასიმეტრიით გამოწვეული შოკების შერბილების სხვა მექანიზმების გარეშე. ასეთივე მაგალითი იყო შენგენის ზონის დამკვიდრება ზონის გარე საზღვრების გაკონტროლების და თავშესაფრის მინიჭების ერთიანი პოლიტიკის გარეშე. კიდევ ერთი მაგალითია შენგენის ზონის გაფართოება იმ ქვეყნებზე, რომლებშიც დემოკრატია და კანონის უზენაესობა კონსოლიდირებული ჯერ არ არის.

ამ ნაბიჯებს ცალსახა შეცდომებს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ისინი მიანიშნებენ, რომ ევროკავშირის ლიდერები მათ მოქალაქეებს ზოგჯერ დაუსაბუთებლად ოპტიმისტურ გათვლებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების წინაშე აყენებენ.

როგორც სამართალმცოდნე ჯოზეფ უაილერი აღნიშნავს, ევროპული ინტეგრაციის ლეგიტიმაცია განხვავდება ტრადიციული სახელმწიფო ლეგიტიმაციისთვის დამახასიათებელი პროცესისა და შედეგის შეფარდებით. ევროკავშირის დემოკრატიული განზომილების სისუსტე და ვაქცინაციის მსგავსი ზოგადევროპული მასშტაბის პროცესების ეფექტური მართვის უუნარობა თვალშისაცემია. ამ სისუსტეების გათვალისწინებით „პროექტის განვითარების“ ლეგიტიმაცია ცალკე აღებული სახელმწიფოს შემთხვევაში რთული წარმოსადგენი იქნებოდა, თუმცა, როგორც უაილერი წერს, ევროკავშირის ლეგიტიმაცია „იმ ევროპული იდეალების და მიზნების მიღწევაა, რომლებიც აღთქმული მიწასავით ევროპული ინტეგრაციის გზის ბოლოს ევროპელებს ელით“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულმა ათწლეულმა ნათლად აჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაციის „ნათელი მომავალი“ გარანტირებული არ არის. ევროკავშირი დატოვა გაერთიანებულმა სამეფომ და ეს ფინანსური ან პოლიტიკური დესტაბილიზაციის გარეშე მოახერხა. ლტოლვილების კრიზისისა და პანდემიის შედეგად რიგი ევროპული ქვეყნების მიერ საზღვრების დაკეტვამ აჩვენა, რომ მთავრობებს კვლავაც უპყრიათ მართვის სადავეები და ხელეწიფებათ ევროპული ინტეგრაციის ისეთი ფუნდამენტური ელემენტის უგულებელყოფაც კი როგორც ევროკავშირის ქვეყნებს შორის მოძრაობის თავისუფლებაა. სირთულეების გარდა არის ევროპული პროექტის ელემენტების ნაწილიც, რომელთა განხორციელებას ნულოვანი შანსი აქვს. ასეთია ევროპული არმიის იდეა, ევროპული სოციალური უსაფრთხოების სისტემის შექმნა ან ეროვნული იურისდიქციების ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი სრული დაქვემდებარება.

რამდენად შეძლებენ ევროპელი ლიდერები პრიორიტეტების კორექციას? 1950 წლის შუმანის დეკლარაციისა და 1957 წლის რომის ხელშეკრულების შემდეგ ევროპული პროექტის განვითარება უნიტარული სახელმწიფოს შექმნის მესიანისტური მიზნისკენ იყო მიმართული. აქედან გამომდინარეობს ევროპული ვალუტის შექმნის, დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტის, ევროკავშირის დროშის ან სასაზღვრო პატრულირების არსებობა. სწორედ ამიტომ გვესმის ხოლმე ემანუეულ მაკრონისა და სხვა ევროპელი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან „სტრატეგიულ ავტონომიასა“ და „ევროპულ სუვერენიტეტზე“ საუბარი. ეს უკანასკნელი ტერმინის განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან მისი კლასიკური მნიშვნელობით სუვერენიტეტი „განუყოფელ, უმაღლეს და აბსოლუტურ“ პოლიტიკურ ძალაუფლებას გულისხმობს, რაც ნაკლებად ემთხვევა ევროკავშირის დღევანდელ ფორმას, რომელიც პოლიტიკური თვითმმართველობის მქონე სუბიექტების ფედერალური გაერთიანებაა.

ასეთ მესიანისტურ მიდგომას ბევრი ალტერნატივა აქვს. ევროკავშირი არ არის იძულებული მუდმივად განვითარებადი პროექტი იყოს. ევროკავშირის ბევრი მიღწევის აღიარება არ ნიშნავს მისი პოლიტიკური მომავლის ან ინსტიტუციური მოწყობის უნიტარული სახელმწიფოს მიმართულებით განვითარების უპირობო მხარდაჭერას. ევროკომისიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟან-ლოდ იუნკერს, ეს კარგად ესმოდა. 2017 წელს ევროპარლამენტში გამოსვლისას მან განაცხადა: „ზოგჯერ ნაკლები ამბიციით მეტის მიღწევა შეიძლება. ხალხს არ უნდა დავპირდე მზესა და მთვარეს, როცა ერთადერთი, რაც შეგვიძლია მათ მივცეთ, ტელესკოპია.“

გლობალურ ეკონომიკურ ლიდერად ჩამოყალიბების შემთხვევაშიც კი ევროკავშირი გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ვერ იქცევა. მას ამის არც შესაძლებლობა და არც რესურსი აქვს. ტრამპის პრეზიდენტობისას გახშირდა მოწოდებები რათა ევროპას საერთაშორისო ასპარეზზე მეტი ინიციატივა გამოეჩინა, თუმცა ევროპელებმა ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საკითხებზეც კი ვერ მოახერხეს შეჯერებული პოზიციის დაფიქსირება. ჩინეთი, რუსეთი, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი, უშუალო სამეზობლოში მიმდინარე პროცესები – ევროკავშირის წევრებისთვის ერთიანობის მიღწევა ვერცერთ საკითხზე აღმოჩნდა შესაძლებელი. ეს უძლურება განსაკუთრებით თვალსაჩინოა 2008 წელს დიდი ზარ-ზეიმით შექმნილი ევროკავშირის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ პოსტზე დანიშნული პიროვნებების მასშტაბისა და შესაძლებლობებზე დაკვირვებითაც. ამ თანამდებობაზე ერთმანეთს შეენაცვლნენ საბჭოთა კავშირის დაფინანსების მიმღები „მშვიდობის მტრედი“, 8 თვის გამოცდილების მქონე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ესპანური პოლიტიკის ქვედა ეშელონების ნახევრად პენსიაზე გასული ვეტერანი, რომლის ძირითადი თვისება უწყინარი თავმდაბლობა იყო.

ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ევროპელებს მათი წონისა და ბერკეტების გამოყენება არ შეუძლიათ. მაგრამ როცა მათ ამის გაკეთებისთვის საკმარისი სურვილი და მზაობა აქვთ, ეს არა ევროკავშირის, არამედ ევროპული ქვეყნების ცალკეული, ამა თუ იმ საკითხის გარშემო შექმნილი, კოალიციების ფორმით ხდება.

მიუხედავად ამ ყველაფრის, ევროკავშირსა და მასში შემავალი ქვეყნების სტაბილურობას არაფერი ემუქრება სანამ მათ შორის არსებული უთანხმოებები ღია კონფლიქტში არ გადაიზრდება, რისი აღკვეთის უმთავრესი მექანიზმი თავად ევროკავშირია. დროა ვაღიაროთ, რომ ერთიანობასა და მრავალფეროვნებას შორის შეუთავსებლობა არა მეტი ინტეგრაციით დაძლევადი პრობლემა, არამედ ევროპული პროექტის დამახასიათებელი თვისებაა. ანალოგიური მიდგომაა საჭირო იმ ხედვისადმი, რომელიც ევროპულ პროექტს „ველოსიპედის“ პრინციპით აფასებს ანუ პროცესად, რომელიც შენელების შემთხვევაში გადატრიალდება და ადგილიდან ვეღარც დაიძვრება.

ევროპული ინტეგრაციის ისტორიის გადახედვისას ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევის გამოყოფა შეიძლება. საერთო ბაზარმა კონტინენტის ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობა განაპირობა, წარსულს ჩაბარდა ევროპულ ქვეყნებს შორის კონფლიქტები. მიუხედავად ამისა, 21-ე საუკუნეში ევროპული პროექტის გადარჩენა ტრიუმფალისტურ მიდგომებსა და კრიზისებს შორის წონასწორობის გამონახვაზე, მესიანისტური მისწრაფებების სიფრთხილითა და წინდახედულებით განელებაზე, ევროპის კომპლექსურობის, მრავალფეროვნებისა და წინააღმდეგობების გააზრებაზე იქნება დამოკიდებული.

 

 

დალიბორ როჰაჩი

დალიბორ როჰაჩი „ამერიკის სამეწარმეო ინსტიტუტის“ და მარტენსის ცენტრის მკვლევარია.