article-img

ვის შესწევს ძალა?

მარკ პ. ლეიგანი

დიდ სახელმწიფოთა განახლებული მეტოქეობა: დემოკრატიისა და ავტოკრატიის დაპირისპირება ანტიკური სამყაროდან დღევანდელ აშშ-სა და ჩინეთამდე

მეთიუ კრონიგი
Oxford University Press, 2020

მეთიუ კრონიგის ახალი წიგნი დამაჯერებლად გვისაბუთებს, რომ დემოკრატიებს, ავტოკრატიებთან შედარებით, ცხადი სტრატეგიული უპირატესობები გააჩნია.

ჯაბნიან თუ არა დემოკრატიები ავტოკრატიულ რეჟიმებს დიდ სახელმწიფოთა მეტოქეობაში? ეს მარადიული ან, თუ გნებავთ, ერთობ დროული შეკითხვაა. რადგანაც აშშ უპირისპირდება რუსეთის რეჟიმს, რომელიც ქვეყნის გარეთ დეზინფორმაციას ავრცელებს და ქაოსს ქმნის, ისევე, როგორც ჩინეთის რეჟიმს, რომელიც ეკონომიკურ მექანიზმებს იყენებს, რათა ინვესტიციები და გავლენა გაზარდოს და სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან აფრიკამდე ყველას შიშის ზარი დასცეს, ბევრი რამ ამ შეკითხვაზე გაცემულ პასუხზე იქნება დამოკიდებული.

მეთიუ კრონიგი, რომელიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ატლანტიკურ საბჭოში მოღვაწეობს, თავის წიგნში “დიდ სახელმწიფოთა განახლებული მეტოქეობა” დამაჯერებელ პასუხს გვთავაზობს. როგორც სათაურიდან ჩანს, წიგნის მთავარი მიზანია გვაუწყოს, თუ როგორ დავუბრუნდით, ოცდაათწლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ დიდ სახელმწიფოთა მეტოქეობის რეჟიმს. სათაურის მიუხედავად, წიგნი სინამდვილეში იმაზეა, თუ ვის შესწევს დიდ სახელმწიფოთა მეტოქეობაში გამარჯვების ძალა – დემოკრატიას თუ ავტოკრატიას. აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირება აქ მთავარი საკითხია.

კრონიგის შეკითხვა უფრო უპრიანია, ვიდრე ის, გრემ ელისონმა რომ დასვა დიდად გახმაურებულ წიგნში “საომრად განწირულნი”, სადაც იგი ეგრეთწოდებულ “თუკიდიდეს ხაფანგს”განიხილავს – არის თუ არა აშშ-სა და ჩინეთს, ან ნებისმიერ აღმავალ და დაღმავალ სახელმწიფოს შორის კოფლიქტი ისეთივე გარდაუვალი, როგორიც ათენსა და სპარტას შორის დაპირისპირება იყო. გარდა ამისა, კრონიგის შეკითხვა უფრო აქტუალურიცაა, ვიდრე იმაზე ფოკუსირება, უზრუნველყოფენ თუ არა დემოკრატიულ სახელმწიფოთა მთავრობები მშვიდობას – “დემოკრატიული მშვიდობის თეორია”საერთაშორისო ურთიერთობებში ემპირიულად ყველაზე დამაჯერებლად დამტკიცებულად ითვლება. ფოკუსირება იმაზე, არსებობს თუ არა დემოკრატიული მშვიდობა და რატომ, შესაძლოა კვლავაც დროული გახდეს (შეგვიძლია, ვილოცოთ), მაგრამ დღეს ავტოკრატია და პოპულიზმი ძალას იკრებს, ეს 14 წლიანი ტენდენცია “ფრიდომ ჰაუსის”მიერაა დადასტურებული. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიები ერთმანეთთან არ ომობენ, ბოლო წლებში მათ შორის უთანხმოებები წარმოიშვა – ამის დასტურია აშშ-ს უთანხმოება უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროში მრავალწლიან პარტნიორებთან, ისევე როგორც ევროკავშირის პროექტისაგან ბრიტანეთის დისტანცირება.

რარიგ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს განზომილებები, წიგნი არ უნდა შეფასდეს მისი ფოკუსის მიღმა. მაგალითად, როგორც ცოტა ხნის წინ ფრენსის ფუკუიამამ დაწერა კოვიდ 19-თან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისთან გამკლავებაში დემოკრატიას ცალსახა უპირატესობა არ გააჩნია. სამხრეთ კორეამ, ტაივანმა და გერმანიამ წარმატებით გაართვეს პრობლემას თავი მაშინ, როცა სხვა დემოკრატიებმა ეს ვერ შეძლეს, ხოლო რამდენიმე არადემოკრატიულმა ქვეყანამ (მათ შორის ჩინეთმა) შეძლო პანდემიის ეფექტურად გაკონტროლება, მიუხედავად გამჭვირვალეობისადმი მათი უარყოფითი დამოკიდებულებისა. ფუკუიამა თვლის, რომ სახელმწიფოს ქმედითუნარიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეჟიმის ტიპი. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კოვიდ 19 სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს, “დიდ სახელმწიფოთა განახლებული მეტოქეობა”რეჟიმის ტიპის საკითხს უფრო ფართო პერსპექტივაში, ძალაუფლებათა გლობალური ბალანსის კუთხით განიხილავს.

*
ეს შესანიშნავად შესრულებული და მეტად საჭირო კვლევაა. კრონიგი განიხილავს თეორიულ მიზეზებს, თუ რატომ შეიძლება დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს გააჩნდეთ უპირატესობები ეკონომიკურ, დიპლომატიურ თუ სამხედრო სფეროში. დემოკრატიას შეუძლია იყოს უფრო ინოვაციური, თვითგანახლებადი და დინამიკური, ხოლო ავტოკრატია უფრო შეთანხმებული და დისციპლინირებულია.

კრონიგი ისტორიას მიმართავს. ათენისა და სპარტის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ვილჰელმ II-ის გერმანიის თუ აშშ-სა და საბჭოთა კავშირის დაპირისპირების ავტორისეული ინტერპრეტაცია ახლებურ გაგებას გვთავაზობს და ამყარებს მის პოზიციას, რომ დემოკრატიები უპირატესია. კრონიგის მიერ სამართლიანად და გასაგებად განხილული დიდი სახელმწიფოების სხვა სამი შემთხვევაც მის არგუმენტებს ამყარებს. ესენია: 1) რომი, კართაგენი და მაკედონია; 2) ვენეციის რესპუბლიკა, ბიზანტია და მილანის საჰერცოგო და 3) ჰოლანდიის რესპუბლიკა და ესპანეთის იმპერია.

აშშ-ს, რუსეთისა და ჩინეთის, როგორც თანამედროვეობის დიდი სახელმწიფოების, თანმიმდევრული ანალიზი წიგნის ბირთვს შეადგენს. აქაც, როგორც სხვა შემთხვევებში, კრონიგის გამბედაობა დასაფასებელია. ექვსი წლის წინ ის არ დაეთანხმა პროფესორებისა და საგარეო პოლიტიკის წარმომადგენლების საღ აზრს და ირანის ბირთვული იარაღის გასანეიტრალებლად, მრავალმხრივი შეთანხმების ნაცვლად, ძალის გამოყენების მოწოდებები გამოაქვეყნა. იგი ახლაც სხვების საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს და ამტკიცებს, რომ რუსეთისა და ჩინეთის მიერ გადაწყვეტილებების ცენტრალიზებულად მიღება და თანამედროვე ტექნოლოგიების თვალთვალისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენება ამერიკისთვის დაუძლეველ უპირატესობას არ წარმოადგენს. ის ამტკიცებს, რომ აშშ-ს ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო უპირატესობები მისი დემოკრატიული სისტემიდან გამომდინარეობს და იმ ინსტრუმენტებზე უკეთესია, რომლებსაც მოსკოვი და პეკინი ფლობს. კრონიგი რობერტ ლიბერის, მისი დოგმებთან მებრძოლი ჯორჯთაუნელი კოლეგის (რომელიც მასზე ერთი თაობით უფროსია) მსგავსად გვთავაზობს ინტუიციის საწინააღმდეგო არგუმენტს, რომ შეერთებული შტატები დაცემის ხანაში არ იმყოფება, ან, სულ მცირე, არ უნდა იმყოფებოდეს.

თუმცაღა ყველა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომლებსაც კრონიგი ეხება – ამერიკის ეკონომიკური, დიპლომატიური თუ სამხედრო სიძლიერე – უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ისინი, შესაძლოა, იმაზე მყიფეა, ვიდრე უწინ. უქადის თუ არა უთანასწორობა, დერეგულაცია, გადასახადებისა და შემოსავლების შემცირება ამერიკას ისეთსავე ეკონომიკურ კრახს, როგორიც 90 წლის წინ მოხდა? ნიშნავს თუ არა აშშ-ს დიპლომატიური პოტენციალის, საჯარო დიპლომატიის ორგანოებისა და არასამხედრო დახმარების ამჟამინდელი გაუფასურება და გამოფიტვა იმას, რომ უცხოელი მეგობრებისა და მტრების ჩვენი სიტყვის, ღირებულებებისა და მოდელის უპირატესობაში დარწმუნების უნარი ცხადად დაქვეითდა? ნუთუ ამ “რბილი ძალის”გარეშე აშშ-ს სამხედრო ძალმოსილება ძალზე ერთგანზომილებიანი რამაა, რათა წინ აღუდგეს რუსეთისა და, განსაკუთრებით, ჩინეთის გავლენას? ბოლოს და ბოლოს, ეს ძალმოსილება არასაკმარისი აღმოჩნდა, რათა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრა შეეჩერებინა, ვერც ჩინეთის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ავანპოსტების მშენებლობა, ჰონგ-კონგის დემოკრატიული ავტონომიის განადგურება და მილიონობით უიღური მუსლიმისადმი სასტიკად მოპყრობა აღკვეთა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კრონიგს კარგად გამოსდის, კონკურენტუნარიანად წარმოაჩინოს ამერიკა, როგორც მისი ღია სისტემის ფუნქცია. ყველაზე დამახასიათებელი და დამაჯერებელი არგუმენტი ისაა, რომ აშშ-ს სიძლიერე არა სოლო შემსრულებლობაში, არამედ სხვა საბაზრო ეკონომიკების ორკესტრირებაშია. ისევე, როგორც მისი თანაავტორობით დაწერილ ატლანტიკის საბჭოს მოხსენებაში, კრონიგი აქაც გვთავაზობს აზრს, რომლის მიხედვითაც, საქმე ის კი არაა, აჯობებს თუ არა აშშ რუსეთსა და ჩინეთს, არამედ ის, რომ აშშ-ს, მის მოკავშირეებს ნატო-ში, ინდოეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას და სხვა ლიბერალურ პარტნიორებს, ერთად აღებულებს, გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნიათ ვიდრე რუსეთსა და ჩინეთს. რუსეთისა და ჩინეთის წვრილი ავტოკრატიული მოკავშირეები თუ მეგობრები, რიცხვისა და წონის შედარებისას, უბრალოდ ფერმკრთალდებიან. იგულისხმება, რომ ვაშინგტონმა უკეთ უნდა გამოიყენოს ეს აქტივი. კრონიგი აღნიშნავს:

ზოგიერთი ამტკიცებს, თითქოს აშშ-ს კავშირები იშლება. ისინი იშველიებენ ძველი მეგობრების მიერ ამჟამინდელი ადმინისტრაციის კრიტიკას… ეს დაძაბულობა გაგრძელდება, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელი იქნება… ნუ დავივიწყებთ, რომ ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს გარდასული რთული დროებაც ახსოვთ.

ეს სასარგებლო შეხსენებაა. ამის მიუხედავად, საბაზრო დემოკრატიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში აშშ-ს ცოტა ხნის წინანდელი მარცხი უფრო გრძელვადიან გავლენას იქონიებს, ვიდრე ამას კრონიგი ვარაუდობს.

*
კრონიგის რწმენას, რომ დემოკრატიაა იმის გადამწყვეტი ფაქტორი, თუ რომელი დიდი სახელმწიფოები ფლობენ მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად საჭირო უპირატესობას, ავტორი წიგნის ბოლო ფურცლებზე ერთ შემაშფოთებელ დაკვირვებამდე მიჰყავს. თუმცაღა კრონიგი სამართლიანად ამტკიცებს, რომ აშშ-ს “ნაკლები საფრთხე ემუქრება ნამდვილად ლიბერალურ-დემოკრატიული ჩინეთისაგან», იგი, მისი ლოგიკიდან გამომდინარე, ერთ დასკვნაზე ფიქრდება:

ვაშინგტონი შესაძლოა იმედოვნებდეს ან სულად აქტიურად უწყობდეს ხელს ჩინეთის დემოკრატიზაციასა და ლიბერალიზაციას, მაგრამ მხოლოდ იმ რისკის სანაცვლოდ, რომ აშშ გლობალური ბატონობის სადავეს პეკინს გადასცემს.

და მაინც, წიგნის მოხდენილი გეოსტრატეგიული ლოგიკა მარტივ დასკვნებს არ უნდა ჯაბნიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერესებისა და ეთიკის გათვალისწინებით, აშშ ჩინეთის დემოკრატიზაციის მომხრე უნდა იყოს. ამის უამრავ მიზეზებს შორისაა ჩინეთის სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საქმიანობის მხარდაჭერა, თვალთვალისა და ცენზურის საშუალებების სხვა რეჟიმებში ექსპორტის შეჩერება და ჩინეთის საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობის ზრდა.
მთლიანობაში, კრონიგმა უდაოდ მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი: იქნება თუ არა დემოკრატია-ავტოკრატიის დიადაში დემოკრატია უპირატესი. და მაინც, ეგებ ჯობდეს კიდევ უფრო გამომაფხიზლებელი კითხვის დასმა: ექნება თუ არა დემოკრატიას არალიბერალურ ალტერნატივაზე უპირატესობა აშშ-ში. მაიკლ სკოტის ათი წლის წინანდელ წიგნში “დემოკრატებიდან მეფეებამდე”განხილულია, თუ როგორ განიცადა ათენის დემოკრატიამ კრახი გამომფიტავი ეკონომიკური კოლაფსის, პოლიტიკურ ლიდერთა კორუფციისა და ეგოიზმის, უცხო ქვეყნებში არაპოპულარული ინტერვენციებისა და იმიგრაციის ტალღების კონტექსტში. გეცნობათ, არა?!

დღეს ფსონი არა მხოლოდ ამერიკელების, არამედ ამერიკული დემოკრატიის სიჯანსაღეზე დევს. თუკი ლიბერალური დემოკრატია ამერიკაში გარკვეულ ზღვრამდე დავა – არალიბერალმა ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ძალზე ხშირად გადალახეს “ჯებირები”- მაშინ კრონიგის შეკითხვა, ექნება თუ არა დემოკრატიულ მმართველობას რუსეთთან და ჩინეთთან შედარებით უპირატესობა, წმინდად თეორიულია. ჩვენი დროის პირველი იმპერატივი ლიბერალური დემოკრატიის შინ გამყარებაა. მიზეზთა გამო, რომლებსაც კრონიგი ხელახლა ჰფენს შუქს, ეს იმპერატივი აშშ-ს გლობალურ ლიდერად ხელახლა ქცევის წინაპირობაა, ეს კი, თავის მხრივ, განვითარებული პლურალიზმის მსოფლიო წესრიგის დამყარების, აყვავებისა და მშვიდობის საწინდარია.

 

მარკ პ. ლეიგანი პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელია ორგანიზაციაში Friends of the Global Fight for AIDS, Tuberculosis and Malaria, ასევე – ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიური სკოლის პროფესორი, “ტრინიტი ფორუმის” ნამდვილი წევრი და “ფრიდომ ჰაუსის”ყოფილი პრეზიდენტი.