,,ამერიკული ინტერესი” 14 პენიტენციურ დაწესებულებას გადაეცა
 08/07/2020

,,ამერიკული ინტერესის” სამივე ნომერი უკვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 14 პენიტენციურ დაწესებულებაშია. დაწესებულებებს ასევე გადაეცათ Economic Policy Research Center-ის მიერ თარგმნილი წიგნები: ფრენსის ფუკუიამას “იდენტობა: იდენტობის თანამედროვე პოლიტიკა და ბრძოლა აღიარებისთვის” და ჯონ მაკკეინის “დაუცხრომელი ტალღა”. 

2020 წლის დასაწყისიდან „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC), „ამერიკული ინტერესის“ ქართულენოვან ვერსიას ლიცენზირებულად გამოსცემს. ეს ჟურნალის პირველი უცხოენოვანი გამოცემაა. ჟურნალის ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ქართული გამოცემა უნივერსიტეტებს, სკოლებს, საჯარო და კერძო ბიბლიოთეკებს, წიგნის მაღაზიებს, მედიათეკებს და სხვა უწყებებს უსასყიდლოდ გადაეცემა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჟურნალის რეგიონებში გავრცელებას.

 2005 წელს დაარსების შემდეგ ჟურნალი „ამერიკული ინტერესი“ შეერთებული შტატების შიდა და საგარეო პოლიტიკის, კულტურისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო და კვალიფიციური ინფორმაციის წამყვან წყაროდ ჩამოყალიბდა. ჟურნალის ძირითადი იდეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკითხველისთვის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული გაგების საშუალების მიცემა იყო.

„ამერიკული ინტერესის“ დამაარსებლის, პროფესორ ფრენსის ფუკუიამას სიტყვებით, ჟურნალის მისია „ამერიკის მსოფლიოსთვის, ხოლო ამერიკელებისთვის მსოფლიოს ახსნაა“.