სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების სექტორისთვის კონკურსი გამოცხადდა
 29/04/2020

პროექტი "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ბიზნეს კომპანიებისთვის ტექნიკური დახმარების კონკურსს აცხადებს. პროექტის ფარგლებში ამ სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტექნიკურ დახმარებაზე განაცხადების შეტანა  29 აპრილიდან   15 მაისამდე შეეძლებათ.

 

შერჩეულ კომპანიებს საშუალება ექნებათ მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული მცირე ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც კომპანიების საექსპორტო პოტენციალის განვითარებას მოხმარდება.  ტექნიკური დახმარების ბიუჯეტია 15 000 ლარამდე, 30%იანი თანადაფინანსებით და   შესაძლოა მოიცავდეს ტექნოლოგიების განახლების, საწარმოო ხაზის სრულყოფის, საერთაშორისო კონტაქტების დამყარების, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ახალი საჭიროებების დაფინანსების თანხებს.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ აღნიშნულ სექტორებში მომუშავე (მწარმოებელ) მცირე და საშუალო ზომის ქართულ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც ერთ წელზე მეტია ოპერირებენ და ჰყავთ 2-ზე მეტი დასაქმებული. უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი, ასევე აქვთ წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანის გამოცდილება და მონაწილეობა მიუღიათ სხვადასხვა გამოფენებში; ასევე ისეთ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა დადებით გავლენას ახდენს გარემოს დაცვის და გენდერული თანასწორობის პოპულარიზებაზე, დანერგილი აქვთ კომპანიის მართვის თანამედროვე მეთოდები და გამოირჩევიან მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით.

 

დაინტერესებულმა კომპანიებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი ვებგვერდის მეშვეობით: http://geclose2eu.info/index.php?m=125. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 მაისი. მიღებულ განაცხადებს შეაფასებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, შვედეთის საელჩოს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია.   კონკურსის განმავლობაში ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ მონაწილეებთან, სადაც კონკურსანტებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები კონკურსის ორგანიზატორებისგან.

 

კონკურსის გამოცხადებას საფუძვლად დაედო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების სექტორის საჭიროებების კვლევის ანგარიში, რომელმაც გამოავლინა აღნიშნული 2 ახალი დარგი, რომლებსაც განვითარების და ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ზრდის პოტენციალი აქვს.