სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების სექტორის საჭიროებების კვლევა
 27/04/2020

პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GeClose2EU) ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა 2 ახალი დარგი: სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოება, რომლებსაც განვითარების, ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალი აქვს. პროექტი ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და შერჩეული ორი დარგის ტექნიკურ დახმარებასაც ითვალისწინებს.

 

სათამაშოების ბაზრის მოცულობა საქართველოში ჯამურად 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კარგ წინაპირობას იძლევა, პირველ რიგში, ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკის განსახორციელებლად. საბავშვო ტანსაცმლის ბიზნესის ბრუნვა საქართველოში 6,3 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, სადაც ქართულ საბავშვო ტანსაცმელს უფრო ნიშური სეგმენტის დაკავების პერსპექტივა აქვს.

 

ორივე შემთხვევაში, მათ შორის ექსპორტის ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია კლასტერული მიდგომა, ქართული სათამაშოსა და ქართული საბავშვო ტანსაცმლის, როგორც ერთიანი ბრენდების ფორმირება, ერთობლივი მარკეტინგული კვლევები ადგილობრივ და ევროპულ ბაზარზე, ტექნოლოგიური გადაიარაღება, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა, ნედლეულის ბაზრების კვლევა და განახლება, დახმარება საწარმოო ჯაჭვის აწყობას და სრულყოფაში - ეს მხოლოდ ნაწილია იმ საჭიროებებისა და რეკომენდაციების, რომელიც აღნიშნული ორი სფეროს კვლევისას გამოიკვეთა.

 

სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტექნიკურ დახმარებაზე განაცხადების მიღება პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GeClose2EU) ფარგლებში უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.


კვლევა სრულად იხილეთ აქ.