ჩინეთი, კაპიტალიზმი და ახალი ცივი ომი
 08/04/2020

 

ნილს გილმენი

 

ცივი ომი კაპიტალიზმის სოციალიზმზე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ბრანკო მილანოვიჩი მის ახალ წიგნში გვაფრთხილებს, რომ კაპიტალიზმის ახალ ფორმებს შორის დაპირისპირება არანაკლებ მწვავე იქნება.

 

 

„ჰე, ჯოჯოხეთო, მიეგებე შენს ახალ ბატონს,
მის სულს ვერ მოდრეკს ვერც დრო-ჟამი,
ვერცა გარემო“
- ჯონ მილტონი, „დაკარგული სამოთხე“

 

ხშირად გვესმის პოლიტიკოსებიგან, ჟურნალისტებისგან და აკადემიური საზოგადოებისგან ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაწყებულ ახალ „ცივ ომზე" და მათ შორის გამწვავებულ მეტოქეობაზე, თუმცა თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა იწვევს ამ მეტოქეობას, რისთვის ეჯიბრება ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს. როცა „ამერიკულ" ან „დასავლურ" მოდელზე ვსაუბრობთ და მას „ჩინურ" მოდელს ვუპირისპირებთ, უმჯობესი იქნება თუ დავაზუსტებთ, რას ვგულისხმობთ ამ მოდელში. ბრანკო მილანოვიჩის ახალი წიგნის, „კაპიტალიზმი, მარტოს", ერთ-ერთი ღირსება სწორედ ამ კითხვებზე გააზრებული და არგუმენტირებული პასუხის გაცემის მცდელობაა. მილანოვიჩი თვლის, რომ ეს შეჯიბრი იმ ქვეყნების ლიდერთა გონების და გულის მოგებისთვისაა, რომლებსაც ადრე „მესამე" ან „განვითარებად" მსოფლიოს უწოდებდნენ, დღეს კი უფრო ხშირად „გლობალურ სამხრეთად" მოიხსენიებენ.

 

გლობალური სამხრეთის გულებისა და გონების მოგებისთვის ეკონომიკურ მოდელთა შორის კონკურენციაში ახალი არაფერია. ასეთი შეჯიბრი ცივი ომის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო: რომელ მოდელს აირჩევდნენ კოლონიალიზმის უღლიდან ახლად გათავისუფლებული ქვეყნები - „თავისუფალი ბაზრის“, რომელსაც ახლადგამომცხვარი კაპიტალისტი ჰეგემონი შეერთებული შტატები სთავაზობდა მათ თუ კომუნისტურ-ავტორიტარული მოდელი, რომელსაც მხარს საბჭოთა კავშირი უჭერდა?

1940-იანი წლების ბოლოდან 1980-იანი წლების ჩათვლით, ამ ქვეყნებში განაწილებული საგარეო დახმარების ოდენობა მილიარდობით დოლარს აღემატებოდა, მიმდინარეობდა უწყვეტი და ფართომასშტაბიანი პროპაგანდა, წარმოიშვა უამრავი ომი და ღია კონფლიქტი აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე. როგორც იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ოდ არნი-ვეშტადი ამტკიცებს, ცივი ომი უპირველეს ყოვლისა იდეოლოგიური მეტოქეობა იყო, რომლის მიზანი განვითარების საკუთარი მოდელის უპირატესობის დამტკიცება იყო - ავტორიტარული კომუნიზმი თუ დემოკრატიული კაპიტალიზმი. ამ ორ მოდელში ბევრი ქვემოდელი და ნაირსახეობა გამოიყოფოდა: ცენტრალიზმის საბჭოთა და ჩინური მოდელები, ავტარკიულ-სოციალური, ნეოლიბერალური და სხვა. 1980-იან წლებშიც კი არ იყო საბოლოოდ გარკვეული, თუ რომელი მოდელი აღმოჩნდებოდა უფრო მიმზიდველი და დამაჯერებელი. 1980-იანი წლების ბოლოს იდეოლოგიური კონფილიქტის ბურუსი უკვე იმდენად გაიფანტა, რომ 1989 წლის ზაფხულში ახალგაზრდა მკვლევარმა ფრენსის ფუკუიამამ გაბედა დაესვა შეკითხვა იდეოლოგიური ომის დამთავრებაზე არა მარტო გლობალური სამხრეთის მიმართებით, არამედ ზოგადად, როგორც პროცესის დასასრულზე. ფუკუიამა თვლიდა, რომ კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად საუკეთესო მოდელი გლობალიზაციაზე ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის სინთეზი იყო. ირანში, ჩინეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში არსებობას განსხვავებული მოდელებიც განაგრძობდნენ, მაგრამ იდეოლოგიური დებატები, ფუკუიამას აზრით, დასრულებული იყო. დადგა „ისტორიის დასარული“, რომელსაც დემოკრატიული კაპიტალიზმის ფორმა მიეღო და რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური დემოკრატიების მოდელად ითვლებოდა.

 

დროთა განმავლობაში ამ სისტემამ დაამტკიცა, რომ ცხოვრების სტანდარტების ამაღლების და მშვიდობიანი და ინკლუზიური პოლიტიკური ცხოვრების ისეთი დონის უზრუნველყოფა შეუძლია, რომელიც ყველა სრულ ჭკუაზე მყოფ პოლიტიკოსს განვითარების სხვა გზის ძიების მოტივაციას უნდა უკარგავდეს. იმავე წელს მომხდარმა აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური რეჟიმების კოლაფსმა, საბჭოთა ბლოკის ყოფილ ქვეყნებში კაპიტალისტური ეკონომიკის მოდელის სწრაფმა მიღებამ და სამხრეთ ამერიკაში 1980-იანი და 1990-იანი წლებში განვითარებულმა დემოკრატიზაციის „მესამე ტალღამ“ ფუკუიამას წინასწარმეტყველის სახელი გაუთქვა.

რა თქმა უნდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ბნელი ძალები არსად წასულან. 1989 წლის 4 ივნისს, პეკინის კომუნისტურმა რეჟიმმა ნათლად და მკაფოდ გამოხატა, რომ ეკონომიკური „გახსნილობის" პოლიტიკაში არ გულისხმობდა საპარლამენტო დემოკრატიისა და ლიბერალიზმისთვის ჩინეთში განვითარების საშუალების მიცემას. ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტამ ყველა ეჭვი გაფანტა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ავტორიტარული მმართველობის მომავლის შესახებ. იმავე ღამეს, აზიის მეორე კუთხეში, ირანში, აიათოლა რუჰოლა ხომეინის სიკვდილი გამოაცხადეს. ფრანკოს ესპანეთისგან განსხვავებით, ავტორიტარი მმართველის სიკვდილს ირანის პოლიტიკურ მოწყობაში არაფერი შეუცვლია. რეჟიმის დამაარსებელი ქარიზმატული ლიდერის გაქრობის რყევების გარეშე გადატანით, თეირანში დამყარებულმა მოლათა მმართველობამ, ისლამური რესპუბლიკის ანტი-ლიბერალური რეჟიმის მყარი ინსტიტუციონალიზაცია აჩვენა.

 

ამ შემთხვევების მიუხედავად, ფუკუიამას „ისტორიის დასასრულის" თეზისი კიდევ დიდხანს რჩებოდა ხელშეუხებლად. 2008 წლის გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე ლიბერალური, დემოკრატიული და მერიტოკრატიული კაპიტალიზმის დასავლური მოდელი იდეოლოგიური კუთხით პრაქტიკულად უკონკურენტო მდგომარეობაში იყო. დიახ, ჩინეთი, ირანი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ჯერ კიდევ შორს იყვნენ ლიბერალური დემოკრატიისგან, თუმცა ამ წლებში მათი ევოლუცია უბრალოდ დროის საკითხად ითვლებოდა.

 

2002 წელს ბუში უმცროსის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამაში ვკითხულობდით:

 

„კანონის უზენაესობა, აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვა, სიტყვისა და რწმენის თავისუფლება, სამართლიანობა, ქალთა უფლებები და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა კაცობრიობის უნივერსალური მისწრაფებებია, რომლებსაც ვერცერთი ქვეყანა ვერ მიისაკუთრებს... ბევრმა სხვა ისტორიულად და კულტურულად განსხვავებულმა ქვეყანამ აქცია ეს უმთავრესი პრინციპები მათი მმართველობის სისტემის ნაწილად... დღეს ეს იდეალები თავისუფლების მარტოხელა მცველებისკენ მიმავალი სიცოცხლის ბილიკია და როცა შესაძლებლობები. მოგვეცემა, მზად უნდა ვიყოთ მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს - როგორც ეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 1989-1991 წლებში გავაკეთეთ. როცა ვხედავთ დემოკრატიული პროცესების განვითარებას ჩვენს მეგობარ ტაივანსა და სამხრეთ კორეაში, გენერლების დემოკრატიულად არჩეული ლიდერებით ჩანაცვლებას სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში, ჩვენ ვხედავთ ავტორიტარული სისტემების ევოლუციის მაგალითებს ჩვენთვის ძვირფასი პრინციპებისკენ. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ამ უმთავრეს რწმენას უნდა ემყარებოდეს."

 

ყველაზე საინტერესო ამ ფორმულირებაში ის რწმენაა, რომლითაც გამოთქმულია აზრი ისტორიის ლიბერალურ-დემოკრატიული კაპიტალიზმის "ამერიკული მოდელის" სასარგებლოდ მიმდინარეობის შესახებ, რომელიც პოლიტიკური ევოლუციის საბოლოო და უნივერსალურ მოდელად განიხილება.

 

დღევანდელი გადმოსახედიდან ეს განაცხადი დაკარგული სამყაროდან მოსულ წერილს ჰგავს.

 

ახლა ნათელია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისი და მისგან გამოწვეული დიდი რეცესია (2007-09) დემოკრატიული კაპიტალიზმის დასავლური მოდელის ლეგიტიმურობის ისტორიის წყალგამყოფი ხაზია. ფინანსურ კრიზისს და მის შემდგომ მოვლენებს სამი ნიშანდობლივი ეფექტი ჰქონდათ. პირველი, შეერთებული შტატებისა და ევროპის მოსახლეობის მიერ მიღებული ეკონომიკური ზარალი და ფინანსური ტრავმა იყო, რომლებიც მილიონობით სახლის დაკარგვამ, უმუშევრობის ზრდამ და ფისკალური პოლიტიკის გამკაცრებამ გამოიწვია. ამ შედეგმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დასავლური ეკონომიკური მოდელის უნარი, იყოს სასარგებლო. მეორე, მოქალაქეთა განცდაა, რომ ფინანსური კრიზისის გამოწვევაში დამნაშავე მთავრობის და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები სათანადოდ არ დასჯილან: მათ, ვინც კრიზისამდელ სიტუაციაზე სპეკულირებით გამდიდრდნენ, პასუხი არ აგეს და დაგროვებული მილიონებიც ხელშეუხებლად შეინარჩუნეს. ეს მასშტაბური პოლიტიკური აგრესიის გამომწვევი მიზეზი გახდა, რომელმაც დასავლური დემოკრატიის ლეგიტიმურობა დააზიანა. მესამე, ის კონტრასტი იყო, რომელიც ფისკალური სტიმულირების გარეშე დარჩენილი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ეკონომიკების სტაგნაციურ მაჩვენებლებსა და ჩინეთის უწყვეტად მზარდი ეკონომიკის მაჩვენებლებს შორის შეიქმნა. არავის გაკვირვებია, როცა სწორედ ფინანსური კრიზისის შემდეგ პერიოდში დაიწყო "ჩინური მოდელის" "დასავლური მოდელის" ალტერნატივად განხილვა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დასავლეთში მნიშვნელოვნად გაძლიერდა განწყობა, რომ ჩინეთი დასავლეთის სისუსტეებს თავის სასარგებლოდ იყენებდა.

 

ჩინეთისადმი გაზრდილი აგრესია ნაწილობრივ იმ დაგვიანებული მიგნების ბრალია, რომლის მიხედვით ჩინეთს არც არასდროსუფიქრია დასავლური პოლიტიკური ნორმების თუნდაც მინიმალური რაოდენობით მიღებაზე. მიუხედავად ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელთა ცალსახა და პირდაპირი განცხადებებისა მათი პოლიტიკური ძალაუფლების შეუზ-ღუდავი ხასიათის შესახებ, 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში დასავლეთში ბევრს სჯეროდა ჩინეთის "გარდაუვალი" ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის. მიუხედავად ობიექტურ ფაქტორთა საპირისპიროზე მინიშნებისა, დასავლეთში მოახერხეს საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ჩინეთში პროცესები სწორი მიმართულებით -პოლიტიკური ლიბერალიზაციისკენ - მიდიოდა. მოდერნიზაციის კონვერგენციის წინაპირობად აღქმის ძველი და გაცვეთილი თეზისის დაჯერებით დასავლეთში ჩათვალეს, რომ დრო მათ მხარესაა.

 

მომავალი ისტორიკოსები უთუოდ იდავებენ იმაზე, როდის იყო დასავლეთის ჩინეთისადმი დამოკიდებულებაში გარდამტეხი მომენტი. დიდია ცდუნება ეს მომენტი შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას დავუკავშიროთ, თუმცა ეს ცვლილებები ტრამპის არჩევამდეა დაწყებული და მის შემდეგაც ხდებოდა. უფლებადამცველები დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ ჩინეთის პოლიტიკას დისიდენტებისა და ტიბეტის მიმართ, მაგრამ 2014 წლიდან დაწყებულმა უიგურების მასობრივმა დაპატიმრებებმა კრიტიკის რაოდენობა და სიმძაფრე თვისობრივად გაზარდა. მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები ბიზნესსექტორშიც. საერთაშორისო კომპანიები, რომლებსაც ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე ოპერირების იმედი ჰქონდათ, დროთა განმავლობაში დარწმუნდნენ, რომ ამისთვის მნიშვნელოვან კომპრომისებზე წასვლა, რიგ შემთხვევებში კი კაბალურ პირობებზე დათანხმება მოუწევდათ. მწვავედ დადგა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრობლემაც, რომლის გადაწყვეტა, მიუხედავად მრავალი დაპირებისა, ჩინეთის მთავრობამ არ ან ვერ მოახერხა. თუმცა, შესაძლებელია დავუშვათ, რომ პეკინთან ურთიერთობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 2018 წლის დასაწყისში რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების რაოდენობის შეზღუდვის გაუქმება იყო, რამაც სი ძინპინს ხელისუფლებაში განუსაზღვრელი დროით დარჩენის საშუალება მისცა (მისმა წინამორბედებმა ჰუ ძინტაომ და ძიან ძემინმა თანამდებობა ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვეს).

 

ტრამპის მიერ სი ძინპინის გადაწყვეტილების საჯაროდ მსუბუქად შეფასების მიუხედავად, ამ სიახლემ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტში შოკური რეაქცია გამოიწვია. საგარეო აქტორებისთვის ჩინეთის შიდა პოლიტიკური პროცესები ტრადიციულად გაუმჭვირვალე და ბურუსით მოცული იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში გზავნილი ნათელი და მკაფიო იყო - ჩინეთი დემოკრატიზაციისკენ სვლას დემონსტრაციულად წყვეტდა და დასავლეთისგან დიამეტრალურად განსხვავებულ განვითარების ვექტორს ირჩევდა.

 

ჩინეთის პოლიტიკაზე ნებისმიერი დამკვირვებლისთვის ავტორიტარიზმის გაძლიერების ნიშნები სი ძინპინის მიერ პრეზიდენტის სავარძლის დაკავებისთანავე იყო შესამჩნევი, ამ გადაწყვეტილებამ ამ მოცემულობაში უკვე ფართო აუდიტორია დაარწმუნა. იმან, რასაც ჩინელები გარე სამყაროსთვის ნაკლებად საინტერესო შიდა პოლიტიკის საკითხად მიიჩნევდნენ, ვაშინგტონის ჩინეთის პოლიტიკაში კარდინალური ცვლილებები შეიტანა. საბოლოოდ დასამარდა მოძველებული თეორია ჩინეთის ნელი, მაგრამ სტაბილური დემოკრატიზაციისა და დასავლეთთან დაახლოების შესახებ.

 

ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დიდი დაგვიანებით აღმოაჩინეს, რომ ნელი დემოკრატიზაციის პროცესში მყოფ კომუნისტურ რეჟიმთან ურთიერთობის ნაცვლად ვაშინგტონი მტკიცე პოლიტიკური ხედვისა და სტრატეგიის მქონე ავტორიტარული კაპიტალიზმის მოდელთან გააფთრებულ მეტოქეობაში იყო ჩაბმული. ახალი რეალობის გააზრებამ დღის წესრიგში ჩინეთთან ურთიერთობის გადაუდებელი და საფუძვლიანი გადახედვა დააყენა. ამ „ახლად აღმოჩენილ" სიტუაციას ჰენრი ფარელმა და აბრაჰამ ნიუმანმა „კონფრონტაციული ურთიერთდამოკიდებულების," ან უფრო ოპტიმისტურად რომ ვთქვათ, „მეტოქეთა პარტნიორობა" უწოდეს. დასავლეთსა და პეკინს შორის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესებით შეშფოთებული დასავლელი და ჩინელი ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალი „კონფლიქტურ საკითხების მოგვარებამდე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შენარჩუნებაა."

 

მილანოვიჩის წიგნი ათვლის წერტილით იწყება - კაპიტალიზმმა დედამიწა დაიპყრო და მსოფლიო სხვადასხვა კუთხეში „ერთნაირი ეკონომიკური პრინციპების მქონე მოდელის მიხედვით ფუნქციონირებს, ეს მოგებაზე ორიენტირებული, ლეგალურად დასაქმებული თანამშრომლების, კერძო კაპიტალის და დეცენტრალიზებული მართვის მქონე წარმოებაა." მიუხედავად ჰომოგენიზაციისა, კაპიტალიზმის გავრცელებამ ვერ დაასრულა გლობალური სამხრეთის განვითარების მოდელებს შორის არსებული გეოპოლიტიკური მეტოქეობა. 1980 და 90-იან წლებში ცენტრალური დაგეგმვის მოდელის კაპიტალიზმის გონივრული ალტერნატივების სიიდან ამოღების შემდეგ, მილანოვიჩი კაპიტალიზმის ორი ახალი ფორმაციის ალტერნატიული მოდელის გაჩენას გამოყოფს: ეს ამერიკული კაპიტალიზმის აბსტრაქტული ვერსია - „ლიბერალურ-მერიტოკრატიული კაპიტალიზმი“ და „პოლიტიკური კაპიტალიზმია“, რომლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჩინეთია.

 

ლიბერალურ-მერიტოკრატიული კაპიტალიზმის მთავარი ხიბლი კანონის უზენაესობა, პოლიტიკური პლურალიზმი, კულტურული ტოლერანტობა და საზოგადოებრივი ცხოვრების „სამართლიანი წესებია" - საზოგადოების ყველა წევრს წარმატების მიღწევის მეტ-ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობა აქვს, მიზნის მიღწევა კი ნიჭსა და შრომაზეა დამოკიდებული. მილანოვიჩი აღნიშნავს, რომ ლიბერალურ-მერიტოკრატიული კაპიტალიზმის მოდელისთვის მთავარი საფრთხე არა პოლიტიკური კაპიტალიზმის მეტოქეობა, არამედ თავად მოდელის დაპირებების შეუსრულებლობით გამოწვეული იმედგაცრუებაა.

 

დასავლურ საზოგადოებებში გაზრდილმა უთანასწორობამ და ელიტების მიერ საკუთარი გამორჩენისთვის თამაშის წესებით გახშირებულმა მანიპულაციებმა მერიტოკრატიის ლეგიტიმაცია დააკნინა, რამაც მემარჯვენეებში პოპულისტური ანტი-ლიბერალიზმის, მარცხენა ფრთაზე კი ნეო-სოციალიზმის გაძლიერება გამოიწვია.

 

თუ ლიბერალურ-მერიტოკრატიული კაპიტალიზმი ფუკუიამას მიერ შემოთავაზებული „ისტორიის დასასრულის" მოდელია, პოლიტიკური კაპიტალიზმი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური მოდელია, რომელშიც უმთავრეს ეკონომიკურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას არა სამოქალაქო საზოგადოება, არამედ პოლიტიკური ხელისუფლება ინარჩუნებს. მილანოვიჩს პოლიტიკური კაპიტალიზმის მაგალითად ბევრი ქვეყანა მოყავს, თუმცა ჩინეთს ამ მოდელის „პარადოგმატურ" შემთხვევად მიიჩნევს. ავტორის აზრით, პოლიტიკურ კაპიტალიზმს სამი ძირითადი თვისება ახასიათებს. პირველი, „კვალიფიციური, ეფექტიანი და ტექნოკრატიულად კომპეტენტური ბიუროკრატიაა", რომლის დანიშნულება სისტემის დაუბრკოლებელი ფუნქციონირებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა. მეორე, კაპიტალისტებისა და მეწარმეების განუსაზღვრელად გამდიდრების დაშვების მიუხედავად, მათი „მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან გამოთიშვაა - პოლიტიკაში პრიმატს ეროვნული ინტერესები ინარჩუნებენ, რომელთა ფარგლებში მოქმედების სრულ მონოპოლიასა და ავტონომიას სახელმწიფო ფლობს." მესამე, სახელმწიფოს მიერ კაპიტალისტების სრული კონტროლია - კანონის უზენაესობა, როგორც ასეთი, არ არსებობს. სახელმწიფო აპარატს მერიტოკრატიის ნიშნები ახლავს (ბიუროკრატები ინიშნებიან და წინაურდებიან ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით), მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა უმაღლეს და შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს.

 

ლეგიტიმაციის პრობლემა, ლიბერალურ-მერიტოკრატიული კაპიტალიზმის მსგავსად, არც პოლიტიკური კაპიტალიზმისთვისაა უცხო. თუმცა ამ პრობლემების ბუნება განსხვავებულია. ერთი მხრივ, სტრუქტურული წინააღმდეგობაა ტექნოკრატი და კვალიფიციური ელიტების საჭიროებასა და ამ ელიტებისთვის „უკიდურესად შეზღუდული კანონის უზენაესობის" პირობებში ცხოვრების იძულებას შორის. მეორე მხრივ, ვითარდება ენდემური კორუფცია - პოლიტიკური ელიტების შეუზ-ღუდავი და უკონტროლო ძალაუფლება გარიგების შესაძლებლობებს ზრდის. ამ სახის კორუფცია სისტემის ლეგიტიმაციის კოროზიას იწვევს, აქ აღარ აქვს მნიშვნელობა რამდენად მერიტოკრატიულოდ მოიპოვეს პოლიტიკურმა ლიდერებმა ის თანამდებობები, რომლებიც მათ და მათი ოჯახის წევრებს შეუზღუდავად გამდიდრების საშუალებას აძლევს. როგორც მილანოვიჩი წერს: „პოლიტიკურ კაპიტლიზმში ელიტა არ უნდა შეფასდეს უბრალოდ ბიუროკრატიად, რადგან ბიუროკრატიისა და ბიზნესის გამყოფი ხაზები წაშლილია: ხშირია როლების ცვლა, გავლენიანი „ორგანიზაციების" „წარმომადგენლების" პოლიტიკისა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში გაფანტვა. ასეთი „ორგანიზაციები" მაფიისთვის დამახასიათებელ ბევრ თვისებას ატარებენ."

 

„პოლიტიკური კაპიტალიზმის" დეფინიცია, რომელსაც მილანოვიჩი გვთავაზობს, ნაწილობრივ დაკავშირებულია კომუნიზმის ისტორიულ როლსა და ფუნქციასთან. კომუნისტურმა რეჟიმებმა ვერ მოახერხეს დაპირებული სამოთხის შექმნა, თუმცა ფაქტია, რომ ყველგან, სადაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ფესვებიანად ამოძირკვეს „ფეოდალიზმი". ეს უნარი განსაკუთრებით მიმზიდველი იყო მეოცე საუკუნის შუა წლებში „მესამე მსოფლიოს" ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნების ლიდერებისთვის. ისინი ორმაგი მანდატის მატარებლები იყვნენ: გარე გავლენებისგან გათავისუფლებასთან ერთად, საჭირო იყო „მიწის მეპატრონეებისა და სხვა მაგნატების ძალაუფლებისგანაც გათავისუფლება." მილანოვიჩი ამტკიცებს, რომ „ერთადერთი ორგანიზებული ძალა, რომელსაც ამ ორი რევოლუციის პარალელურად განხორციელება შეეძლო, კომუნისტები და ის პარტიები იყვნენ, რომლებიც მემარცხენეობასა და ნაციონალიზმს ითავსებდნენ."

 

 

 

 

 

ამ უკანასკნელი თეზისის არგუმენტაცია გაზვიადებული ჩანს. მართლაც, კომუნისტურმა პარტიებმა არსად დაინდეს მათ მიერ ჩანაცვლებულ რეჟიმთა მემკვიდრეობა, თუმცა არ ყოფილან ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლებსაც ასეთი რეფორმების გატარება შესძლებიათ. ტაილანდში, ფილიპინებზე, ინდონეზიასა და სამხრეთ კორეაში მიწის რეფორმა მემარჯვენე და ღიად ანტი-კომუნისტურმა რეჟიმებმა გაატარეს.

 

ნაკლებად გასაგებია, რამდენად ეფექტურები იყვნენ კომუნისტური რეჟიმები „პოლიტიკური კაპიტალიზმისთვის" ნიადაგის მომზადებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ყველგან, სადაც კომუნისტური რეჟიმები ძალაუფლებას დაეპატრონენ, მათ გამარჯვებას წინამორბედ ელიტებთან დაუნდობელი ანგარიშსწორება მოყვა. ფიასკოთი დამთავრებული გეგმიური ეკონომიკის ექსპერიმენტების ქვეყნებში, იშვიათი იყო ლიბერალურ-მერიტოკრატიული კაპიტალიზმის მოდელის აღმოცენება. ყველაზე ხშირად, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ეს მაფიოზური ტიპის კაპიტალიზმის განვითარებით მთავრდებოდა. ბოლო წლებში ეს კანონზომიერება ერთ დროს ამ წესიდან გამონაკლის აღმოსავლეთ ევროპასაც შეეხო - სერბეთში, უნგრეთში და სხვა ქვეყნებში ძალაუფლება პოლიტიკური კაპიტალიზმის მოდელის აპოლოგეტების ხელშია.

 

ფუკუიამა არ არის პირველი ჰეგელიანელი, რომლის ისტორიის დასასრულის შთაბეჭდილება დიალექტიკის თვითგანახლებამ გააბათილა. მილანოვიჩი აღნიშნავს: „როგორც ხშირად კაცობრიობის ისტორიაში, რომელიმე სისტემის ან რელიგიის ტრიუმფს, ამ სისტემის წიაღში გაჩენილი განხეთქილება მოჰყვა." ამ შემთხვევაში ეს დაპირისპირება კაპიტალიზმის ორ ფორმას შორის გაღვივდა. ის ფაქტი, რომ კაპიტალიზმის ეს ორი ფორმა - ლიბერალურ-მერიტოკრატიული და პოლიტიკური - ერთმანეთთან ბევრად ახლოს დგას, ვიდრე კომუნიზმი და კაპიტალიზმი იდგა, არ ხდის მათ დაპირისპირებას ნაკლებად მძაფრს.

 

შეერთებული შტატების ნებისმიერმა იდეოლოგიურმა მეტოქემ, რომელსაც ვაშინგტონის „თანასწორ" მოწინააღმდეგედ სურს თავის გასაღება, მსოფლიო სამ რამეში უნდა დაარწმუნოს:

 

  1.  საკუთარი განვითარების მოდელის სიცოცხლისუნარიანობაში;
  2.  ამ მოდელის ექსპორტის სურვილში ან მოტივში;
  3.  ამ მოდელის ექსპორტის შესაძლებლობაში.

 

ამ სამი საკითხის კლასიკად ქცეულ „როცა ჩინეთი მსოფლიოს მართავს"-ში განხილვისას, მარტინ ჟაკი ამტკიცებდა, რომ ჩინეთს არასდროს ჰქონია სახელმწიფოს მოწყობის საკუთარი მოდელის სხვა ქვეყნებში „ექსპორტის ამბიცია". „კულტურულ მიზეზთა" გამო, ჩინელებს ურჩევნიათ უცხოტომელი ბარბაროსებისგან განცალკევებით არსებობდნენ. მილანოვიჩი ამტკიცებს, რომ „დღევანდელ მსოფლიოში ასეთი განცალკევება რთული წარმოსადგენია." როგორც ამას შეერთებულ შტატებში აგორებული ბოლოდროინდელი სკანდალები ცხადყოფს, ჩინეთი სულ უფრო თამამად იყენებს მის განკარგულებაში არსებულ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ბერკეტებს უცხოელებისთვის პეკინის საკამათო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და პრობლემებზე კომენტირების მადის გასაქრობად.

 

 

 

სიცოცხლისუნარიანობის კუთხით მათი სისტემა „გლობალური სამხრეთისთვის" მოდელად, პირველ რიგში, ჩინეთის შთამბეჭდავი ეკონომიკური განვითარების გამო შეიძლება იყოს. მიუხედავად უამრავი ნაკლისა, რთულია არ აღინიშნოს, ჩინეთის პოლიტიკური კაპიტალიზმის სისტემის წარმატებებიც: ორმოცდაათი წლის განმავლობაში ამ სისტემამ სიღარიბიდან ნებისმიერ დასავლურ პროგრამაზე მეტი ადამიანი გამოიყვანა. გლობალური ფინინასური კრიზისის შემდეგ, ჩინური ეკონომიკა შეერთებული შტატების ეკონომიკას გაუთანაბრდა, ზოგიერთი ცნობით კი გადაუსწრო კიდეც. მიუხედავად პეკინის დამოკიდებულებისა საკუთარი სისტემის ექსპორტის მიმართ, ჩინეთის მოდელს ყურადღებით სწავლობენ და აკვირდებიან „გლობალურ სამხრეთში". როგორც თავად ფუკუიამამ მიგვანიშნა, ჩინეთში სერიოზულად განიხილებოდა „ჩინური მოდელის" საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და მისი გავრცელების ხელშეწყობა.

 

მისი მოდელის ექსპორტირებისთვის საჭირო შესაძლებლობების მაგალითი „ახალი აბრეშუმის გზის" ინიციატივაა. განვითარების კონკრეტულ გეგმას მოკლებულ „ახალ აბრეშუმის გზას" ხშირად ხედვასა და იდეას უფრო ადარებენ, ვიდრე დროში გაწერილ პროექტს, თუმცა ნათელია, რომ მის პერიფერიულ ქვეყნებში ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩინეთი 21-ე საუკუნის სავაჭრო ჰაბის ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. სი ძინპინის დღევანდელი ხისტი პოლიტიკის გათვალისწინებით, 1990-იანი და 2000-იანი წლების ჩინეთის პოლიტიკა ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის დენ სიაოპინის ცნობილ ანდაზას გვახსენებს: „დამალე შენი ძალა - მოიგე დრო."

ამ კომპლექსური ვითარების გათვალისიწინებით მილანოვიჩი კარგად გააზრებულ არგუმენტებს წარმოგვიდგენს. ერთი მხრივ, ის ვარაუდობს, რომ სხვა ქვეყნებს გაუჭირდებათ იმ გზის გავლა, რომელიც ჩინეთმა გაიარა. ცენტრალური ხელისუფლებისა და დეცენტრალიზებული ადმინისტრაციების უნიკალური მოდელი, ვაჭრობის ქვეყნის ინტერესებისადმი დაქვემდებარების ხანგრძლივი ისტორია და მისი განუზომელი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მასშტაბები, ჩინეთის მაგალითის სხვა ქვეყნების მიერ გამეორებას ნაკლებად სავარაუდოს ხდის. მეორე მხრივ, მილანოვიჩი მიგვითითებს, რომ „გლობალური სამხრეთის" ახალი თაობის ლიდერებისთვის „ჩინური მოდელის" მიმზიდველობის მიზეზები შესაძლოა არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური იყოს. პოლიტიკური კაპიტალიზმი „ძალაუფლების მფლობელებს აშკარა უპირატესობებს სთავაზობს: საზოგადოებრივი აზრის წნეხისგან დაცულობა, პოლიტიკური ძალაუფლების ეკონომიკურ რესურსებად კონვერტირების შესაძლებლობა და მმართველობის ინსტიტუციონალური ზღვრების მოშლა."

 

იქნებ „გლობალური სამხრეთის" გავლენის ქვეშ მოქცევისთვის გამართული მეტოქეობა სულაც არ ატარებს იდეოლოგიურ ხასიათს? ჩინეთის მიერ საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოწყობის მოდელის ექსპორტზე ზრუნვის შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია. პეკინის ოფიციალური განცხადებები და საერთაშორისო ურთიერთობებში ქცევა საპირისპიროზე მეტყველებს - ჩინეთის ინტერესებისა და მიზნებისთვის ანგარიშის გაწევის შემთხვევაში პეკინი ნაკლებად ერევა ამ სახელმწიფოების შიდა საქმეებში და არ ხელყოფს მათ პოლიტიკურ სუვერენიტეტს.

ჩინეთის უპირველესი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე, არა მოდელის გავრცელებაზე ზრუნვა, არამედ საკუთარი მოდელის პოლიტიკური სტაბილურობისა და კონტროლის შენარჩუნებაა.

1980-ინი წლების იაპონიის, 1990-იანი წლების კორეისა და ტაილანდის მაგალითებმა პეკინი დაარწმუნა, რომ ჩინეთი არასდროს უნდა აღმოჩენილიყო ამ ქვეყნების მდგომარეობაში, როცა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს ფინანსური კრიზისის ფონზე შიდა პოლიტიკური რეფორმების გატარების თავსმოხვევა შეუძლიათ. შესაბამისად, ხელმისაწვდომი ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფა პეკინის სტრატეგიის ცენტრალურ ფაქტორად იქცა.

პირველ ცივ ომსა და მიმდინარეს შორის უმნიშვნელოვანესი განსხვავება მეტოქეთა ეკონომიკურ სისტემების ურთიერთდამოკიდებულებაა. თუ საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების ეკონომიკებს საერთო არაფერი ჰქონდათ, ჩინურ და ამერიკულ ეკონომიკებს ერთმანეთთან სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობა აკავშირებთ. შესაბამისად, ახალი ცივი ომი არა იდეოლოგიური, არამედ ეკონომიკური უპირატესობის მოპოვებისთვის კონკურენციაა, რომლის ერთ-ერთი ბრძოლის ხაზი ახალ ტექნოლოგიებზე გადის.

 

სტატია სრულად