ამერიკული ინტერესი - წერილი რედაქციისგან
 07/04/2020

ჩვენთვის დიდი პატივია “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (EPRC) მეგობრებთან ერთად ,,ამერიკული ინტერესის” ქართულენოვან გამოცემაზე მუშაობა! ,,ამერიკული ინტერესი” მხოლოდ შეერთებულ შტატებს არ ეხება, ეს არის ჟურნალი ამერიკასა და მსოფლიოზე, თანამედროვე სახელმწიფოს მრავალფეროვან პრობლემებსა და გამოწვევებზე. თავად ამერიკული პოლიტიკის კუთხით ჩვენი პრიორიტეტი ,,პოლიტიკური ცენტრის აღდგენაა”. სახიფათო და არაჯანსაღი ექსტრემისტული ტენდენციების შესაკავებლად შეერთებულ შტატებში დინამიური და ინკლუზიური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება გვჭირდება. ვფიქრობთ, რომ ანალოგიური პრობლემა ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც დგას.

,,ამერიკულ ინტერესში” ვმსჯელობთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე. გვჯერა, რომ ავტოკრატებსა და კლეპტოკრატებს სათანადო პასუხი უნდა გაეცეთ. ვაფასებთ მოკავშირეებს - გვჯერა, რომ ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს, რომელთა მიღწევაში შეერთებულ შტატებს ალიანსები ეხმარება. თუმცა ეს კავშირები ეფექტური მხოლოდ მაშინაა, როცა ერთმანეთს ვუსმენთ, ვსწავლობთ, ჩვენ ინტერესებსა და ღირებულებებს პარტნიორების ინტერესებსა და ღირებულებებთან ვაჯერებთ. თანამოაზრე ქართველებთან მუშაობა ჩვენთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა.

ჯეფრი გედმინი, მთავარი რედაქტორი
ფრენსის ფუკუიამა, სარედაქციო საბჭოს თავმჯომარე
ჩარლზ დევიდსონი, გამომცემელი

ჯეფრი გედმინის და ჩარლზ დევიდსონის მიმართვა:



ამ ნომერში წარმოგიდგენთ და გირჩევთ ჩარლზ იდელის, ნილს გილმანის და ენდრიუ მიჰტას მიერ ჩინეთზე დაწერილ სტატიებს. ეს სამი სტატია ასრულებს სურათს, რომელიც საჭიროა სრულად დავინახოთ, იმისათვის, რომ სათანადოდ შევაფასოთ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ავტორიტარული სახელმწიფო. ჩინეთი კომპლექსური, მრავალწახნაგოვანი თავსატეხია.

დემოკრატიის შესახებ ახალ კითხვებს აჩენს ავტორიტარიზმის ახალი ტალღა. ამ ნომერში წაკითხავთ, რა უთხრეს მსოფლიოში დემოკრატიის ხელშეწყობის მომავალზე სიუზან გლასერსა და დევიდ კრამერს კარლ გერშმანმა, როჩარდ ფონტეინმა და დენიელ ტვაინინგმა. კარგად გვესმის, რომ დღეს ეს მიმართულება, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემატურია. ერაყმა მსოფლიოში დემოკრატიის ხელშეწყობის იდეას დიდი ჩრდილი მიაყენა. დღეს თვითკრიტიკისა და საკუთარი შეცდომების დანახვის ვალდებულება გვაქვს. თუმცა წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა ხელი არ უნდა აგვაღებინოს ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერასა და ამერიკული ტრადიციის ფუნდამენტურ პრინციპებზე. ,,ამერიკა უპირველეს ყოვლისას” პრინციპზე დაფუძნებული ნაციონალიზმი ეგოისტური და წინდაუხედავი პოლიტიკაა. დრო მსოფლიო პოლიტიკის ამ ვიწრო ხედვის არაეფექტურობას ახალი ძალით გამოაჩენს.

უნაკლო არც ჩვენი საკუთარი დემოკრატიაა. რასიზმის ღრმად გამჯდარ ფესვებზე წაიკითხეთ სტენფორდის პროფესორის და ,,ამერიკული ინტერესის” რედაქტორის, რიჩარდ ტომპსონ ფორდის სტატია. აფრიკელ-ამერიკელ გმირთა გაგებისთვის გაეცანით კეროლინ სტიუარტის აზრებს ჰარიეტ თაბმანის ახალ ფილმზე. ისტორიის, იდენტობისა და საზოგადოებრივი ერთობის პრობლემებს წმინდად ამერიკულ ფენომენს ვერ ვუწოდებთ. ,,ამერიკული ინტერესის” რედაქტორი ბენ ჯუდა მოგვითხრობს ისრაელის დამფუძნებლის, დევიდ ბენ-გურიონის ახლახანს გამოცემული ბიოგრაფიის შესახებ. ტომპსონი, სტიუარტი და ჯუდა გვახსენებენ, რომ დემოკრატიის შენება უსასრულო პროცესია.

ახლა შეუძლებელია წინასწარ განჭვრეტა იმის, რაც იმპიჩმენტის პროცესს შეიძლება მოჰყვეს, თუმცა თავს მოვალედ ვთვლით, ამ თემაზე საკუთარი მოსაზრება მაინც გაგიზიაროთ. კონსტიტუციის ინტერპრეტაცია ამ შემთხვევაში არაერთმნიშვნელოვანია, თუმცა ნათელია, რომ სახელმწიფოს ინტერესების ღალატი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულის გარეშეც შესაძლებელია. ჩვენი ვთვლით, რომ პრეზიდენტ ტრამპის მცდელობა, გამოეყენებინა სახელმწიფო რესურსები პირადი და პოლიტიკური გამორჩენისთვის, იმპიჩმენტისთვის საკმარის საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, ამ პროცესის საბოლოო შედეგის მიუხედავად, სია მიზეზებისა, რომლებიც ტრამპს პრეზიდენტის სავარძლისთვის შეუფერებელ კანდიდატად აქცევს, მზარდია.

წაიკითხეთ “ამერიკული ინტერესი”, ეს 2020 წელს უკეთესი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. ჩვენ ბევრს ვფიქრობთ ტრამპიზმის ფენომენზე, მის ფესვებსა და მიზეზებზე. დემოკრატიულად არჩეულმა ლიდერებმა და პოლიტიკურმა ელიტამ უნდა ისწავლონ მოსმენა და გაგება, რათა გაიდოს ახალი ხიდები, აღდგეს ნდობა წარმომადგენლობით დემოკრატიაში. უნდა ვიფიქროთ ინსტიტუციურ რეფორმაზე. ამისთვის გვჭირდება ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა, ექსპერტული ცოდნა და გაწონასწორებული ხედვა. რაც მთავარია, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ საზოგადო სიკეთის ვიწრო ხედვაზე გამარჯვება შეგვაძლებინებს შეთქმულებათა თეორიებისა და იმ პათოლოგიების გადალახვას, რომლებიც ამერიკის ერთიანობას უქმნის საფრთხეს.

ჯეფრი გედმინი, ფრენსის ფუკუიამა, ჩარლზ დევიდსონი