დისკუსია თემაზე - „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“
 09/01/2019

27 ნოემბერს, 2018, კონრად ადენაუერის ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და ასოციაცია,,ათინათი“-ს ორგანიზებით გაიმართა კერძო-საჯარო ფორმატის დისკუსია თემაზე - „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, მიმდინარე პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ფარგლებში, რომელსაც ზემოაღნიშნული ორგანიზაციები ახორციელებენ.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პროექტის განმავლობაში შემუშავებული სექტორული კვლევების პრეზენტაცია შემდეგ თემებზე - DCFTA პერსპექტივები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობა გადამამუშავებელ სფეროში, ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სხვა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კვლევის „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და განვითრების პერსპექტივები საქართველოს რეგიონებში“  განმახორციელებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, სექტორული ასოციაციები, და ასევე მთავრობისა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების მისასალმებელ სიტყვაში, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა და „ეკონომიკური განვითრებისა და ბაზრის შესაძლებლობების“ თემატურმა კოორდინატორმა, ბ-მა დომენიკ პაპენაიმმა აღნიშნა, რომ:

„ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს რეგიონებში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მცირე საწარმოებს, რომ სათანადოდ მოხდეს როგორც ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენება, ასევე გამოწვევების აღმოფხვრა. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბიზნესებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა. მე გულითადად მივესალმები იმ სექტორულ კვლევებს, რომლებიც ამ თანამშრომლობის შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ ჩატარებული კვლევები მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი წინ გადაგმული ნაბიჯია.

შეხვედრაში მონაწილეობდა საერთაშორისო ექსპერტი ბ-ნი კრისტიან გესელი, რომელმაც საზოგადოებას საერთაშორისო, მათ შორის კი ევროკავშირის გამოცდილებები გააცნო და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნესებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა მოუტანს.

შეხვედრაზე, EPRC-ს დირექტორის მოადგილემ და პროექტის ხელმძღვანელმა, ქ-ნმა ირინა გურულმა ისაუბრა საქართველოს ხუთი რეგიონული, საჯარო-კერძო დისკუსიის ფორმატის შეხვედრის შედეგად გამოკვეთილი რეკომენდაციების შესახებ.

 

პროექტის შესახებ

„სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის (SME) განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატის დისკუსიებს.

პროექტის ფარგლებში, 2017-2019 წლებშიჩატარდება სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აქტივობები, რომლებშიც ჩართული იქნება სულ მცირე 30 არასამთავრობო ორგანიზაცია 5 რეგიონიდან (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი). ასევე გაიმართებაბიზნეს-ფორუმები მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი  და ცენტრალური ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მცირე და საშუალ ბიზნესის მინიმუმ 2,000 წარმომადგენელს.



პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“.