ახალი საგადასახადო კოდექსი საქართველოს ეთნიკური უმცირესობებისთვის
 24/04/2012
დღეს, 23 აპრილს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და საქართველოში აშშ–ს საელჩოს ორგანიზებით გზამკვლევის „ახალი საგადასახადო კოდექსის მოკლე განმარტებები საქართველოს ეთნიკური უმცირესობებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. გზამკვლევი მომზადებულია რუსულ–სომხურ და რუსულ აზერბაიჯანულ ენებზე და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ახალი საგადასახადო კოდექსის ცვლილებების აღქმაში საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სრულფასოვნად ვერ ფლობენ ქართულ ენას. 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2011 წლის ივლისიდან   აშშ–ს საელჩოს დახმარებით განახორციელა პროექტი „ახალი საგადასახადო კოდექსი საქართველოს ეთნიკური უმცირესობებისათვის“, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, კერძოდ, ახალციხეში,  გარდაბანში, მარნეულში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ინტენსიური ტრეინინგების კურსი ჩაატარა და ჯამში 102 მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი დაატრეინინგა.   

პრეზენტაციას დაესწრნენ მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში მოქმედი საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.