English | Follow us
ჩვენს შესახებ
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი - EPRC მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვას და აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღებაში. ცენტრის შესწავლის საგანია გარდამავალი ეკონომიკის ყველა საკითხი, როგორც მაკრო, ისე მიკრო ეკონომიკაში. ჩვენი გამოყენებითი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: საგადასახადო პოლიტიკა, საგარეო ვაჭრობა, ფულად–საკრედიტო პოლიტიკა, ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები და საინვესტიციო გარემო. 

კვლევითი ცენტრი ცდილობს თავი მოუყაროს ახალგაზრდა ქართველ ეკონომისტებს, რომლებსაც განათლება მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული და საერთაშორისო აღიარების მკვლევრებსა და მეცნიერებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოსტ–საბჭოთა ეკონომიკური გარემოს შესწავლით. კვლევითი ცენტრის მიზანია გახდეს საერთაშორისო სტანდარტების პირველი ქართული ანალიტკური ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური აზროვნების განვითარებას და ანალიტიკური და რიცხობრივი მეთოდების დანერგვას რეგიონის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრაში. ცენტრი ცდილობს მჭიდრო მეცნიერული ურთიერთობები დაამყაროს გარდამავალი ეკონომიკის საკითხების შესწავლით დაინტერესებულ სხვა კვლევით ინსტიტუტებთან.

ამასთან ერთად, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული საზოგადოების გათვითცნობიერებას საჭირბოროტო ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებში. ის ცდილობს ხელი შეუწყოს საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ჩართვას ამ პრობლემების განხილვის პროცესში. ჩვენი ღრმა რწმენით საზოგადოების მონაწილეობა ასეთ განხილვებში საფუძველი იქნება ისეთი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და გააუმჯობესებს მისი ცხოვრების დონეს. საქართველოს ეკონომიკისათვის საჭირბოროტო საკითხებზე კვლევების გამოქვეყნებით, სემინარებითა და პოლიტიკოსების, მეწარმეებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით გამართული დისკუსიებით ცენტრი ცდილობს თანამედროვე ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას ქართულ საზოგადოებაში.
სიახლეები