English | Follow us
სახელმწიფოს შიდა ვალი
29 აგვისტო, 2017

ნინო ევგენიძე  

უკანასკნელ წლებში სერიოზული განსჯის საგანია სახელმწიფოს შიდა ვალის მოცულობის მუდმივი ზრდა. ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივნისისთვის სახელმწიფოს შიდა ვალი 2.655 მლრდ ლარს შეადგენდა, საიდანაც 2.159 მლრდ სახაზინო ფასიან ქაღალდებზე მოდიოდა. 1 ივნისისთვის სახელმწიფოს მიერ გაყიდული ფასიანი ქაღალდების 86% კომერციული ბანკების საკუთრებაა, ხოლო 14% ეროვნული ბანკის, რეზიდენტი და არარეზიდენტი პირებისა.

 2011-2016 წლებში სახაზინო ფასიანი ქაღალდების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 7.6%-დან 11.6%-მდე მერყეობდა, ანუ, უკანასკნელ 6 წელიწადში, საშუალოდ, 8.6%-იან სარგებელს იღებდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის მფლობელი.ექსპერტები მიმოიხილავენ შიდა ვალის დინამიკას და ასკვნიან, რომ იგი სახელმწიფოს გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე ეს საგარეო ვალის შემთხვევაში იქნებოდა და, ამ მოცემულობის გამო, სავალო პოლიტიკის გადახედვასა და შეფასებასაც ითხოვენ. 
მაგალითად, პორტალ „ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაითის“’ ექსპერტებმა თვალი გადაავლეს შიდა ვალის დინამიკას და შესაბამისი დასკვნებიც დადეს. მათი ინფორმაციით, 2009 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივლისამდე 3.176 მლრდ ლარის სახაზინო ვალდებულება გაიყიდა (6-თვიანი და 1-წლიანი ვადიანობის), საშუალოდ, 7.7%-იანი სარგებლით. ექვსთვიანი ვალდებულებების საშუალო საპროცენტო სარგებელი, როგორც წესი, 7%-ის ფარგლებშია, ხოლო ერთწლიანის – 4%-დან 14%-ის ფარგლებში მერყეობს უკანასკნელი რვა წლის მანძილზე. 2010 წლის თებერვლიდან 2017 წლის III კვარტალამდე პერიოდში 2.764 მლრდ ლარის 1-დან 10 წლამდე ვადიანობის სახაზინო ობლიგაცია გაიყიდა, რომლის საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 9.7% შეადგინა. 
აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების კუპონის გადახდა 6 თვეში ერთხელ ხდება. 2. 5 და 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციებზე კუპონური განაკვეთი 5.2%-დან 15.5%-ის ფარგლებში მერყეობს წლების მიხედვით. 2009-2017 (I კვარტალი) წლებში სულ 5.94 მლრდ ლარის ოდენობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ფასიანი ქაღალდების მომსახურება ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი უჯდება. ასე, მაგალითად: თუ 2010 წელს მხოლოდ 15 მლნ ლარი დაიხარჯა ამ მიმართულებით, 2016 წელს უკვე 150 მლნ-ის გადახდა მოხდა. 
2010-2017 (მხოლოდ I კვარტალი) წლებში სახელმწიფო ბიუჯეტს 584.4 მლნ ლარი ობლიგაციებისა და ვალდებულებების მომსახურების პროცენტში აქვს გადახდილი, საიდანაც სარგებლის 86%, სავარაუდოდ, ბანკებზე მოდის. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ საგარეო ვალი ბევრად დაბალპროცენტიანია, ვიდრე შიდა, ხელისუფლება ბოლო წლებში ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ყოველწლიურად ზრდის. თუ სახაზინო ფასიანი ქაღალდების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 2011-2016 წლებში 8.6%-ს უდრის, საგარეო ვალის მომსახურება სახელმწიფოს 2%-ის ფარგლებში უჯდება. 
მაგალითად, 2016 წელს საგარეო ვალის წლიური საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 2.03%-ს შეადგენს, ანუ შიდა ვალის მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტს ოთხჯერ და მეტჯერ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე საგარეო ვალისა. ცხადია, შიდა ვალის აღებას აქვს თავისი უპირატესობებიც: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურება, ბანკების სტაბილურობისთვის ხელის შეწყობა, ლარის კურსზე ზემოქმედება და ა.შ. თუმცა, ალბათ დროა, არსებული სტატისტიკის ფონზე, სახელმწიფომ და ექსპერტებმა შიდა ვალის პოლიტიკაზე უფრო აქტიურად დაიწყონ მსჯელობა.

     



< უკან
სიახლეები