Georgian | Follow us
კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
01 June, 2017

კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” ეხმიანება სასამართლოს სიტემაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმედებები, მის მიერ უკანასკნელ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, მოსამართლეთა გამწესებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის თაობაზე, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მოქმედებს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და არ ცდილობს თვისობრივად შეცვალოს და გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა.

საზოგადოებისთვის მკაფიოდ ჩანს, რომ პროცესები სასამართლოს სისტემაში გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი გადაწყვეტილებებს, მათ შორის, მოსამართლეების დანიშვნასა და დაწინაურებსათან დაკავშირებით, სავარაუდოდ, არაფორმალური გარიგებების საფუძველზე იღებს. ის ფაქტი რომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სასამართლოს სისტემაში ტოვებს ყველაზე ოდიოზურ და პრობლემატურ მოსამართლეებს კიდევ ერთხელ მიუთითებს სისტემის გაუმართაობაზე, პოლიტიკური ნების არარსებობასა და საზოგადოებრივი აზრის სრულ იგნორირებაზე. ცალსახად ჩანს, რომ ხდება მოსამართლეთა ერთი კონკრეტული ჯგუფის გაძლიერება და სისტემაში დომინირება, რაც ამყარებს კლანური პრინციპით სასამართლოს მართვის ბერკეტებს და მნიშვნელოვან რისკებს აჩენს სასამართლოს სიტემაში კორუფციული გარიგებების კუთხით. აღნიშნული მოსამართლეთა ჯგუფი, როგორც ჩანს, საყრდენს მმართველ პარტიაში პოულობს. ამას ადასტურებს მოსამართლეთა კონკრეტულ ჯგუფზე მორგებული კანონმდებლობა, რომელიც მათ გავლენებს სისტემაში კიდევ უფრო აძლიერებს. კოალიცია მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში კიდევ უფრო მცირდება საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლებისადმი.

შექმნილ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე და მოსამართლე წევრების შერჩევა, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება გაუმჭვირვალე პროცესისა და კლანური გარიგებების შედეგად მოხდება, ეს უდიდეს საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს სიტემის შემდგომ რეფორმირებასა და სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას. 

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების მნიშვნელობაზე. კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის არსებითად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, სადაც არ არსებობს არაფორმალური გავლენები და გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და ქმედითი ნაბიჯები გადადგას უმოკლეს ვადებში რეალური რეფორმის განსახორციელებლად.

"კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” არის 23 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია, რომლის მიზანია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები არიან :
1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia 
2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy 
4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation 
5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS 
6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia 
7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association
8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - Institute for Development of Freedom of Information 
9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center 
10. მწვანე ალტერნატივა - Green Alternative 
11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development 
12. მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation 
13. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia 
14. საზოგადოება და ბანკები - Society and Banks 
15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies 
16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative 
17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics 
18. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies 
19. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center 
20. ხმა საქართველოდან - Voice from Georgia 
21. ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi 
22. კავშირი საფარი - Union Safari 
23. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG

     



< Back
News