English | Follow us
ლიდერთა განვითარების აკადემია 2018
31 ივლისი, 2018


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად აცხადებს მიღებას ერთობლივ პროგრამაზე - ლიდერთა განვითარების აკადემია Leadership Academy for Development – LAD. საქართველოში პროგრამის მხარდამჭრები არიან თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი.

ლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა.

პროგრამა გულისხმობს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას. კურსის მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნებიდან. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ ლიდერობის, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში მნიშნელოვანი რეფორმების დასაგეგმად და გასატარებლად და ბიზნეს და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

ლიდერთა განვითარების აკადემიის 5 დღიანი, ინტენსიური სასწავლო კურსის განმავლობაში, კურსისის მონაწილეები საჯარო, კერძო და არასამათავრობო ორგანიზაციებიდან, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-პროფესორებისგან დაეუფლებიან ორგანიზაციული მართვის სხვადასხვა დონეზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებას. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად დაამუშავა რამდენიმე სასწავლო ქეისი, რომელთა დახმარებითაც, მონაწილეები რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაანალიზებენ გატარებული რეფორმებისა და გაკეთებული არჩევანის შედეგებს, განიხილავენ კონკრეტული მაგალითების ეფექტურობას და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს.

ლიდერთა განვითარების აკადემიისკურსი გაიმართება თბილისში 2018 წლის 22-27 ოქტომბრის პერიოდში. ლიდერთა განვითარების აკადემიის მონაწილეთა შესარჩევი განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 სექტემბერი, 2018, 18:00 საათი. პროგრამის და განაცხადების გამოგზავნის დეტალური პროცედურის შესახებ გთხოვთ იხილოთ განცხადების ინგლისური ვერსია და თანდართული დოკუმენტები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ladgeorgia@eprc.ge


     



< უკან